ბულინგი– ძალადობა, რომელზეც თვალს ხუჭავენ

   bullying stop sign_86129797როდესაც საავტორო ბლოგისთვის თემებს ვარჩევ, ვცდილობ ვისაუბრო მაქსიმალურად მხიარულ და მსუბუქ თემებზე, რაც გაამხიარულებს მკითხველს და სულ ცოტა ხნით მიანც მოწყვეტს ყოფით პრობლემებს. მაგრამ ყოველთვის არ გამოდის თვალის დახუჭვა და გვერდის ავლა იმაზე, რაც ასეთი მტკივნეული და საშიშია, რაზეც დუმან და ცდილობენ დაივიწყონ.  პრობლემა კი იმდენად თვალხილული და ზედაპირზე მყოფია, რომ მას რატომღაც სერიოზულად არავინ აღიქვამს და ზოგიერთი „უმნიშვნელო ბავშვურ გართობას“ უწოდებს.  საკვირველია, მაგრამ დღევანდელი  ჩვენი საზოგადოება აქტიურად საუბრობს ბავშვზე ძალადობის თემებზე და ხშირ შემთხვევაში, საკითხს მხოლოდ ოჯახში განხორციელებული ძალადობის ჭრილში განიხილავს მაშინ, როდესაც არანაკლებ უფრო აქტუალური და საშიშია მოზარდთა შორის არსებული დაპირისპირება, რაც იმდენად ჩვეულებრივ მოვლენად იქცა, რომ მას პრობლემად ვერავინ აღიქვამს და შესაბამისად, საშიშიროებასაც არავინ ხედავს. საუბარია  სასკოლო „ბულინგზე“, რომელთან ბრძოლაც შეუძლებელია ინდივიდუალურ დონეზე, რადგან ეს არა პიროვნული, არამედ კულტურული პრობლემაა, როგორც ერთგვარი  ტრადიცია მოზარდებს შორის დამკვიდრებული ურთიერთობის სტილისა– „ლიდერი–გარიყული“.

     შევთანხმდეთ, რომ „ბულინგი“ სოციალური მოვლენაა, რომელიც, როგორც სპეციალისტები ამტკიცებენ, დამახასიათებელია ძირითადად ორგანიზებული ბავშვთა კოლექტივისათვის და პირველ რიგში ეს არის სკოლა. თუმცა, ამ შემთხვევაში, ნამდვილად ვერ დავეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ  როლური ურთიერთობა „ლიდერი–გარიყული“  მხოლოდ სასკოლო ასაკიდან იღებს სათავეს და უფრო ადრეულ ასაკში მას ადგილი არ აქვს. დღესდღეობით არავისთვის წარმოადგენს საიდუმლოს, რომ მოზარდთა სოციალიზაციის პროცესი უფრო ადრე იწყება, ვიდრე ეს იყო წინა თაობაში. ასე რომ, როლური ურთიერთობები და თუნდაც ჯერ კიდეც გაუაზრებლად, მაგრამ სხვაზე ზეგავლენის მოპოვების სურვილიც ადრეულ, ჯერ კიდევ სკოლამდელ ასაკში იჩენს თავს.

  ამასწინად შევესწარი საინტერესო და საყურადღებო ფაქტს საბავშვო ბაღში, როდესაც ერთმა 4 წლის ბიჭუნამ მიმართა მეორეს: შენ  უპატრონო ხარ? დედა არ გყავს? მეორემ უპასუხა, რომ დედაც ჰყავს და მამაც. მაგრამ პირველმა ჯიუტად დაიჩემა: არა, შენ უპატრონო ხარ, შენ ბაბუას მიჰყავხარ და მოჰყავხარ ბაღში, დედა კი არასდროს მოსულა. აი ჩემი დედიკო სულ დადის, შენ კი უპატრონო ხარ. ამ სიტყვებმა იმდენად ატკინა გული მეორე ბიჭუნას, რომ ისტერიკული ტირილი მორთო, თან განუწყვეტლივ იმეორებდა, რომ ჰყავდა დედა.  დამეთანხმეთ, რომ ძალზე უსიამოვნო და გულსაკლავი სიტუაციაა, მაგრამ ეს ყველაფერი არ არის,  შეესწრენ რა სხვა ბავშვებიც ამ ამბავს, არა დაჩაგრულის, არამდე მჩაგვრელის მხარე დაიჭირეს და მათაც  „უპატრონოდ“ მოიხსენიეს ატირებული ბიჭი.Bullying-2

საკვირველია, მაგრამ მსხვერპლი ყოველთვის არ იწვევს საზოგადოებაში თანაგრძნობას.  ბავშვის სისუსტე და მისი ჩაგვრა ზოგიერთ შემთხვევაში გარშემომყოფთა ზიზღსა და მისი გარიყვის სურვილს იწვევს.  მოზარდთა გარემოში შეიძლება ჩამოყალიბდეს ნეგატიური დამოკიდებულება სასკოლო ძალადობის მსხვერპლის მიმართ იმ პრინციპით, რომ „ყველაფერში თავადაა დამნაშავე, რადგან წინააღმდეგობას ვერავის უწევს“.  თავად ჩაგრული კი ამ შემთხვევაში ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვარდება, რადგან გრძნობს აბსოლუტურ უიმედობას, სიტუაციის გამოუვალობასა და სრულ უმწეობას, რადგან განიცდის დაუძლეველ შიშს მჩაგვრელისა და იმ ახალი დამცირებების წინაშე, რომლებიც ჯერ კიდევ წინ ელის, ის გრძნობს სირცხვილს საკუთარი უმწეობის გამო. ხშირად, მოზარდი–მსხვერპლი ამ მდგომარეობაში საკუთარ თავსაც კი იდანაშაულებს და მოწინააღმდეგეს ამართლებს, რაკი ფიქრობს, რომ ეს ყოფა დაიმსახურა.

    ბავშვთა საზოგადოებაში ძალადობის მსხვერპლი შეიძლება გახდეს ნებისმიერი მოზარდი. მაგრამ განსაკუთრებით დაუცველები არიან ბავშვები, რომლებიც განსხვავდებიან თავისი თანატოლებისგან როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქიკური მახასიათებლებით. რისკ–ჯგუფში ხვდებიან ფიზიკური ნაკლის, თავისებური ხასიათისა და ქცევის, სხვა ეროვნების და ა.შ ბავშვები.   ბულინგის მოტივაცია კი მრავალფეროვანია – შურისძიება, კონკურენცია, მიუღებლობა, მორჩილება ლიდერისადმი, სამართლიანობის აღდგენა, ხასიათის თავისებურებები.

97350434_bullying_408011c

 

ბულინგის მსხვერპლი ბავშვის ტიპიური მახასიათებლებია:

  • არიან მორიდებულები, ჩაკეტილები, მგრძნობიარენი.
  • ახასიათებთ მაღალი შფოთვა.
  • აქვთ დაბალი თვითშეფასება.
  • მიდრეკილნი არიან დეპრესიისადმი და თავის თანატოლებთან შედარებით ხშირად ფიქრობენ თვითმკვლელობაზე.
  • არ ჰყავთ ახლო მეგობარი. უკეთ ურთიერთობენ უფროსებთან, ვიდრე თავის თანატოლებთან.
  • თუ ბიჭია, მაშინ ის თავის თანატოლებთან შედარებით, ფიზიკურად სუსტია.

  „ბულინგი“ აქტუალური პრობლემაა როგორც მთელ მსოფლიოში, ისევე საქართველოშიც.  ეს ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფორმაა, რომელიც  მოზარდ თანატოლთა შორის არის გავრცელებული და ერთი მხარის მიერ მეორის დაჩაგვრასა და დაცინვაში გამოიხატება. დარწმუნებული ვარ, ბევრ თქვენგანს მოუკრავს თვალი საგაზეთო თუ ინტერნეტ სტატიებისათვის, სადაც ამ პრობლემას ერთი კონკრეტული სკოლის მაგალითზე და იქ მომხდარ არაერთ შემთხვევაზე დაყრდნობით განიხილავენ, თუმცა,  ადეკვატური რეაგირება ამ ფაქტს იშვიათად თუ მოჰყვება.

   არ დავმალავ, ფსიქოლოგიური ბულინგის მსხვერპლი თავადაც არაერთხელ ვყოფილვარ.  გარდატეხის ასაკში ხშირად ამიტანია დაცინვაც და აგდებული მოპყრობაც ზოგიერთი თანაკლასელისგან, რასაც ვერ ვუმკლავდებოდი. ვერ ვიტყვი, რომ ამ ყველაფერმა უმტკივნეულოდ და უკვალოდ ჩაიარა– დაბალი თვითშეფასება, მოჭარბებული აგრესია, დაცინვის ობიექტად ქცევის შიში, ეს მცირე ჩამონათვალია იმ „ნარჩენებისა“, რასაც ბულინგი ტოვებს.  არადა, ძალადობის მსხვერპლი ბავშვი შეიძლება ხანგრძლივი დროის განმავლობაში ვერ განიკურნოს ფსიქოლოგიური და ფიზიკური (ზოგჯერ) დაზიანებისგან, განიცდიდეს მუდმივ შიშს, შფოთვას, თავს დამცირებულად ან დათრგუნულად გრძნობდეს, დაუქვეiთდეს თვითშეფასება. „ბულინგი“ ყველა შემთხვევაში (მეტ–ნაკლებად, ცხადია) იწვევს მსხვერპლის ფსიქიკის დეფორმაციას და შეიძლება გახდეს ბავშვის ფსიქიკის პათოლოგიური დარღვევების მიზეზი. ასე რომ,  მშობლებისა და სკოლის დირექციის მიდგომა – „ბავშვები ერთობიან და მერე რა მოხდა“, დასაბამშივე არასწორია, განხილული საკითხი კი – მნიშვნელოვანი და საყურადღებო.

    მოზრდილებს ხშირად უჭირთ ბულინგის ამოცნობა. ისინი ბავშვის ნამდვილ აგრესიას თამაშად მიიჩნევენ და მისი განვითარების ბუნებრივ ნაწილად მოიაზრებენ, მოძალადე ბავშვებს კი “ჩხუბისთავებად“ მოიხსენიებენ.  მიზეზი ამგვარი დამოკიდებულებისა არის ის, რომ ამგვარი ურთიერთობების ნორმალურობა მათ ბავშვობიდანვე აქვთ ჩაგონებული, რადგან თავადაც ხშირად აღმოჩენილან ასეთ მდგომარეობაში და მოუთმენიათ, შესაბამისად, ის რაც წლობით ხორციელდება და ამაზე ხმას არავინ იღებს, ყალიბდება ნორმად.

  დამატებითი ფაქტორს ამ ძალადობის გავრცელებისა წარმოადგენს პედაგოგების უუნარობა დროულად შეაფასონ და აღმოფხვრან პრობლემა. პრინციპში, ხშირ შემთხვევაში, ეს არც აღიქმება პრობლემად. თუმცა, რაკი უკვე შევთანხმდით, რომ ამ საკითხს ინდივიდები ვერ მოაგვარებენ და ეს ზოგადად კულტურულ–სოციალური პრობლემაა, განვიხილოთ ის, თუ რას აკეთებს სახელწიფო ამ საკითხის მოსაგვარებლად.  2007 წელს განხორცილებულმა რეფორმამ „უსაფრთხო სკოლა“, რომლის შედეგადაც 2008 წლიდან სასწავლებლებში მანდატურები გამოჩნდნენ, რაღაც დოზით მართლაც შეამცირა ძალადობის შემთხვევები უშუალოდ სკოლის ტერიტორიაზე. მაგრამ გაეროს ბავშვთა ფონდის (იუნისეფი) მიერ  გამოქვეყნებულმა კვლევამ, რომლის თანახმადაც გამოკითხულ ბავშვთა 80%–მა თანატოლების მხრიდან ერთხელ მაინც განიცადა ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ძალდობა, ნათლად დაგვანახა პრობლემის მასშტაბურობა, რადგან რეალურად,  სკოლის ტერიტორიის კონტროლი არ ნიშნავს ბულინგის აღმოფხვრას. ის შეიძლება განხორციელდეს ყველგან–სკოლის ეზოში, სკოლისაკენ მიმავალ გზაზე, ისეთ ადგილებში, სადაც მას ვერავინ გააკონტროლებს.

    ამ შემთხვევაში, ძალზე მნიშვნელოვანია მშობლის ჩართულობა და აქტიურობა შვილის ცხოვრებაში. მოგეხსნენებათ, ბავშვის ცნობიერებაში ადრეული ასაკიდანვე ხდება საკუთარი ცხოვრებისეული პოზიციის ჩამოყალიბება. იქნება ის ლიდერი თუ მსხვერპლი, ამას საფუძველი ღრმა ბავშვობიდანვე ეყრება. თუკი ამჩნევთ, რომ ბავშვს თავად უჭირს სოციუმთან ურთიერთობა და ვერ ახერხებს სათანადო ურთიერთობების დამყარებას, მაშინ ამას თავად უნდა შეუწყოთ ხელი და გახდეთ ერთგვარი გეზის მიმცემი. აქვე გთავაზობთ ფსიქოლოგთა მიერ შემოთავაზებულ რამდენიმე რჩევას:

ხშირად მოიწვიეთ შვილის თანაკლასელები სტუმრად, განსაკუთრებით კი ისეთები, ვის მიმართაც სიმპათიითაა განწყობილი. თუკი გაგაჩნიათ რაიმე ჰობი, აუცილებლად მოუყევით ამის შესახებ ბავშვებს, ეცადეთ დააინტერესოთ და აღაფრთოვანოთ როგორც მონათხრობით, ისე თქვენი პიროვნებით, დაანახეთ ბავშვებს  ძალა და გავლენა, რათა ვერ ვერავინ გაბედოს თქვენი შვილის დაჩაგვრა. ეცადეთ დააახლოვოთ ისნი ერთმანეთს. გახსოვდეთ, ბავშვები, რომლებიც განმარტოებას ამჯობინებენ, ყველაზე ხშირად ხდებიან ბულინგის მსხვერპლი.

შეუქმენით ბავშვს „ბუფერული ზონა“.  ჩაუნერგეთ, რომ არასდროს შეეშინდეს თანაკლასელების, რომელთაც მასზე გაცილებით მეტი პრობლემა გააჩნიათ. დაეხმარეთ იქცეს კოლექტივის ნაწილად და არა უბრალოდ სკოლაში  ძალდატანებით მოსიარულე არსებად. გახსოვდეთ, რომ თანატოლებისაგან გარიყულ ბავშვს ესაჭიროება არა გვერდიდან სეირის მაყურებლები, არამედ რეალური მეგობრები და გულშემატკივრები, რომელბიც მის თავს არავის დააჩაგვრინებენ. სამეგობრო წრე, როგორც მისი  „ბუფერული და დამცავი ზონა“

მოუწოდეთ, არასდროს შეეგუოს მსხვერპლის როლს და გამოუმუშავეთ ადეკვატური თვითშეფასების უნარი.  მჩაგვრელს კი წინ აღუდგეს თავის მეგობრებთან ერთად. არასდროს დაანახოს საკუთარი სისუსტე და შიში. ტირილისა და ხვეწნის ნაცვლად კი ღირსეული პასუხი გასცეს და საკუთარი ძალა დაანახოს, თუნდაც არა ფიზიკური. თანამოსაუბრისთვის თვალებში ცქერა, გამართული დგომა, მაღლა აწეული თავი, მოშვებული ხელები და მტკიცე ხმა ბავშვი-აგრესორის საწინააღმდეგო ძალზე ეფექტური იარაღია. მოახდინეთ ამ ხერხების დემონსტრირება და ასწავლეთ ისინი ბავშვს.

ია ბერიაშვილის ბლოგი. მარტი

This entry was posted in სხვადასხვა, ურთიერთობები and tagged , , , , , , . Bookmark the permalink.

5 Responses to ბულინგი– ძალადობა, რომელზეც თვალს ხუჭავენ

  1. Gijpoeta ამბობს:

    ზოგჯერ ყველაზე კარგი ვარიანტი გაჩუმებაა და არა დაცინვით უპასუხო მას ვინც დაგცინის. არასდროს უნდა დაეშვას მის დონემდე მსხვერპლი. ადრე ვაღიარებ მეც ვყოფილვარ ეგეთ სიტუაციაში, მაგრამ ახლა ის რომ მარტო ყოფნა მირჩევნია სულაც არ ნიშნავს რომ ვინმესი მეშინია :დ კი მართალია მეგობრებთან ერთადაც ვერთობი ხოლმე მაგრამ მიყვარს სახლში რასაც ვსაქმიანობ. მე ბავშვობიდანვე ვოცნებობდი გავმხდარიყავი მწერალი და როცა სახლში ვარ ან ვწერ ან წიგნს ვკითხულობ რომ გავიღრმავო ფანტაზია და უკეთაც დავწერო. მე მაქვს მიზანი რასაც არ გადავუხვევ და ხშირად ეს არის მიზეზი რომ სახლში ყოფნას ვამჯობინებ ხოლმე.
    მე არ მიყვარს ძალადობა და ამის წინააღმდეგიც ვარ, არ მიყვსრს როცა ვხედავ ასეთ რამეს და ზოგჯერ ჩავრეულვარ კიდეც. მართალია ის რომ მგრძნობიარენი უფრო იჩაგრებიან მაგრამ მე სულიერად ძლიერი ადამიანი ვარ და მიუხედავად იმისა რომ გარშემომყოფები ხშირად მიმეორებენ რათ გინდა წერა, არ გეზარება და მსგავსი რამ მე მაინც ჩემი გზით მივდივარ. ალბათ ამიტომაც მირჩევნია მარტო ყოფნა რომ ასეთი ფრაზები არ მოვისმინო, მაგრამ მე ყურადღებას მაინც არ ვაქცევ. გიჟს და გიჟპოეტას მეძახიან ეაც ჩემთვის კომპლიმენტიც კია :დდდ ისინი ისე ვერ მიგებენ როგორც სულიერად ჩემთან ახლოს მდგომი ადამიანი გამიგებს.
    პოსტი მომეწონა ძალიან. ამდენი ვისაუბრე და ამ პოსტმა გამიჩინა სურვილი რომ დამეწერა. მოხარული ვარ რომ შემოგიერთდი და ვიპოვე ეს ბლოგი. არაჩვეულებრივად წერ ^_^ ❤

    • Gijpoeta ამბობს:

      ეს სამწუხარო ფაქტია რა თქმა უნდა მაგრამ ზოგ შემთხვევაში გამოცდა, რადგან ადამიანები ვერ უგებენ მათ ვინც სხვაგვარად აზროვნებს და არაერთი პოეტი მწერალი თუ მომღერალი ამა თუ იმ სფეროში გამხდარა დაცინვის და აბუჩად აგდების ობიექტი. შეიძლება ეს პირდაპირ არ მოხდეს მაგრამ აგრძნობინო ასეთი რამ. ან მუქარის წერილები უკვე ნათელს ფენს ყველაფერს. უნდა დაითმინო ეს, რადგან ქრისტემ დაითმინა. მას დასცინოდნენ, აფურთხებდნენ და ადამიანად არ თვლიდნენ. როგორ აწამეს მაგრამ მან მოითმინა და დაუმტკიცა ყველას რომ ის მართლაც უფლის შვილი იყო განკაცებული. ასევეა უმცირესობა. შეიძლება ფიზიკურად ისე არავინ აწამებს როგორც იესო, მაგრამ ის სულიერ ტკივილს განიცდის. ადამიანი ვისაც თავისი მიზნები აქვს და სჯერაა თავისი თავის სხვა კი ამის გამო დასცინის და ეუბნება ვერაფერსაც ბერ მიაღწევო აი მაშინ ორმაგად უჩნდება სურვილი იმ ადამიანს რომ მიაღწიოს იმას რაც ამდენი ხნის განმავლობაში სურდა და ყველას ჩააგდებინოს ხმა. ერთ სიამოვნებად ღირს მერე იმ ხალხის სახეების ხილვა.
      გინდაც ახლო წარსულში ავიღოთ. ილია, აკაკი და კიდევ ბევრი. მათ ერთნაირი ხვედრი შეხვდათ. ილია ისევ ქართველმა მოკლა, უმრავლესობა ცივად ხვდებოდა მაინც მის ნაბიჯებს და ილია ვერ დააფასეს როგორც საჭიროა. აქ სკოლებში ჩაგვრაზეა მე კი სულ სხვწ კუთხით წავიყვანე :დ გამოდის ვამართლებ კიდეც ამას. მე ვიძახი ზოგჯერ ესეც საჭიროა, რადგან დაჩაგრული ადამიანი მომავალში უკეთესი ადამიანი იქნება ვიდრე მჩაგვრელი 😉

  2. maia ამბობს:

    ია დიიდი მადლობა ამ მტკივნეულ თემას რომ შეეხე და ასე კონკრეტულად დაგვანახე რა არის ბულინგი… მე ვიყავი ბულინგის მსხვერპლი ბავშვობაში…. ახლაც მტკივნეულად განვიცდი ამას…მაგრამ გამოსავალი ყოველთვის არის და ეს რომ მცოდნოდა ბევრ რამე სგამოვასწორებდი,,

    • მაია, დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის! ზოგადად, რაც უფრო მეტს ვისაუბრებთ, დავწერთ და ვიმსჯელებთ ამ თემაზე, თუნდაც საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, მით უკეთესი იქნება. პირადად მე, ძალიან მეხმარება და მათავისუფლებს, როდესაც ვწერ იმაზე, რაც მაწუხებს. ბავშვობიდან გადმოყოლილი წყენები და ემოციები ბოლომდე მოგვყვება, მეც ასე ვარ. ამიტომაც ვამბობ, რომ მტკივნეულ საკითხებზე წერით მეტ შინაგან თავისუფლებას ვიძენ.

      წარმატებებს გისურვებთ!

  3. elisabed ამბობს:

    ბულინგზე სკოლებშჳ მასწავლებლები ფსიქოლოგები და ბავშვები უნდა ერთობლივად მუშაობდნენ რათა უარესი ბულინგი ავირიდოთ თავიდან ას ემგონია მე ჩემი პირადი დასკვნიდან გამომდინარე

დატოვე კომენტარი