არა ქალ კლა! ანუ მასობრივი ფემიციდი საქართველოში

violence-against-women    უკანასკნელი თვეების განმავლობაში საქართველო ქალთა მასობრივი მკვლოლბების სერიამ მოიცვა, ერთგვარმა ტენდენციამ თუ ტალღამ სუსტი სქესის მიმართ განხორცილებული ძალადობისა და დისკრიმინაციის. სოციალური ქსელები, ინტერნეტ პორტალები და ტელევიზია ყოველდღიურად ახალ-ახალი გარდაცვლილების სახელებსა და სახეებს აქვეყნებს. დგება სტატისტიკა და იწერება სტატიები, ამკაცრებენ კანონებს და აფრთხილებენ მოძალადეებს, შედეგი კი არ ჩანს. უცნობია, რატომ იფეთქა ქმრებისაგან ცოლებზე განხორციელებულმა ძალადობის მასობრივმა სერიამ სწორედ ახლა და თან ასე ინტენსიურად, მაგრამ ფაქტია, რომ ქმრის მიერ ცოლის „სიკვდილით დასჯის“ ამბავს ადრე ათასში ერთხელ თუ მოკრავდით ყურს, დღესდღეობით კი სურათი რადიკალურადაა შეცვლილი, რადგან სუფრაზე ქალის კულტის მადიდებელი მამაკაცები არად დაგიდევენ ასე „სათაყვანებელი“ ქალის უფლებებს და მათ ფიზიკურად უსწორდებიან. რა არის ეს? რაიმე სექტის მიერ დაკანონებული მსხვერპლშეწირვის რიტუალი, მასობრივი შიზოფრენია თუ მოსალოდნელი აპოკალიფსის აუცილებელი პირობა, როდესაც ყველა ურჩი ცოლი სამაგალითოდ უნდა დაისაჯოს?!
სოციალურ ქსელები ამ ფაქტებს მრავლობითი აზრი და რეპლიკა ერთვის. ზოგი გმობს, ზოგი კი მკვლელობის მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს დაეძებს და მიაჩნია, რომ კვამლი უცეცხლოდ არ ჩნდება. -იქნებ რა ჩაიდინა? იქნებ რა უთხრა? იქნებ როგორ უწესოდ მოიქცა? რეციდივისტსა და მანიაკს რატომ გაჰყვა ცოლად? -ამგვარ შეკითხვას უამრავს გადააწყდებით, მაგრამ მე მინდა მოგმართოთ თქვენ, დაეჭვებულო და მრავლისმნახველო ადამიანებო: დამისახელეთ ერთი მიზეზი და ცოდვა მაინც, რომელიც უფლებას აძლევს ერთ ადამიანს (ქმარს) სიცოცხლის უფლება წაართვას მეორეს (ცოლს). ვიღაც აფექტურ მდგომარეობას მოიმიზეზებს და მეტყვის, რომ ყველაფერი გაუაზრებლად და ცხელ გულზე მოხდა. მე კი გეტყვით, რომ აფექტი და წამიერი აფეთქება ერთია, განზრახ მკველობა და დაგეგმილი დანაშაული-მეორე.
ბევრი პოლიციის უმოქმედობასა და ინერტულობაზე მიუთითებს და ნაწილობრივ მართლებიც არიან, თუმცა ისიც ფაქტია, რომ პოლიციაში არსებული რესურსი ვერასდროს გაწვდება აგრესიული მასის იმ მასშტაბებს, რასაც დღეს საქართველოში (და არა მხოლოდ) აქვს ადგილი. თუკი ამაში ჯერ კიდევ ეჭვი გეპარებათ, ჩართეთ საღამოს ეთერში მიმდინარე სოციალურ-პოლიტიკურ თემებზე მომუშავე გადაცემები და დაინახავთ სხვისი მოსაზრებით გაცოფებულ და მხეცად ქცეულ ადამიანებს, რომლებიც მზად არიან იმქვეყნად გაისტუმრონ ნებისმიერი, ვინც რაღაც მიზეზით არ იზიარებს მათ აზრს.
მეტი სიცხადისთვის, კარგი იქნება, თუკი დანაშაულის გამომწვევ მიზეზებსაც მიმოვიხილავთ და ცოტათი მაინც მოვფენთ ნათელს არსებულ სიტუაციას. მე მაინც მიმაჩნია, რომ ჩვენში ყველაზე ძნელად აღსაქმელი და გასააზრებელი ერთი მარტივი რეალობაა, რომ არანაირი სოციალური სტატუსი, არავის ცოლობა და არავის ქმრობა არ აქცევს ადამიანს სხვის საკუთრებად, რომელსაც ისე მოექცევი, როგორც გსურს. რადგან ჩვენ უკვე დიდი ხანია აღარ ვცხოვრობთ ფარაონების ეპოქაში, როდესაც გარდაცვლილს ცოცხალ ცოლ-შვილს ატანდნენ სამარხში. მაშინ ეს იყო ნორმა და ქალი და შვილები მამაცაცის საკუთრებად ითვლებოდა. დრო შეიცვალა, შეხედულებები კი დარჩა.
აქვე მინდა შევეხო ერთ საკითხს, რომელზეც ნაკლებად თუ ვინმე ფიქრობს. ეს არის დაობლებული ბავშვების თემა. დიახ, დიახ, სწორედ იმ მოკლული ქალების შვილებზე ვსაუბრობ, რომლებიც ძალიან პატარა ასაკში დაობლდნენ და ბედის ანაბარად დარჩნენ. ეჭვი მაქვს, არც ერთ მოძალადე მკვლელს აზრადაც კი არ მოსვლია ეფიქრა შვილის მდგომარეობაზე და განცდაზე, როდესაც სულ მცირეწლოვანს ართმევდა დედასთან ურთიერთობის საშუალებას და ერთი ხელის მოსმით უსპობდა ოჯახს.
რაკი საუბარი ბავშვებზე მიდგა, მინდა ამ მწარე რეალობის გამომწვევ კიდევ ერთ მიზეზს შევეხო. მე მყარად მჯერა, რომ მანამ, სანამ საზოგადოება სკოლებში გამეფებული ბულინგის პრეცედენტს უბრალო ბავშვურ გართობად და ცელქობად აღიქვამს, სანამ სხვებზე მოძალადე ბავშვებს ყოჩებად და ლიდერებად მოვიხსენიებთ, სანამ ამ საკითხს ძირშივე არ შევაფასებთ როგორც პრობლემას და მოძალადის ჩამოყალიბების პირველ სტადიას, ეს ყველაფერი გაგრძელდება როგორც რუტინა და სიტუაციას არასდროს არაფერი ეშველება.
ღმერთია მოწმე, რომ ამ სტატიით არც ფემინიზმს ვქადაგებ და თქვენ წარმოიდგინეთ, რომ გენდერულ თანასწორობაზეც კი არ მიხსენებია ერთი სიტყვა. მე აქ მხოლოდ და მხოლოდ ადამიანის სიცოცხლის ხელშეუხებლობაზე ვისაუბრე. რადგან არავის აქვს უფლება მოუსპოს სიცოცხლე სხვას და მით უმეტეს, წაართვას ბავშვს უფლება ჰყავდეს ჯანმრთელი და რაც მთავარია, ცოცხალი დედა!

გამოქვეყნებულია ჟურნალ “და ქალის” ნოემბრის ნომერში

Gallery | This entry was posted in უკატეგორიო and tagged , , , , . Bookmark the permalink.

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s