წიგნი მხოლოდ გოგონებისთვის

მშობლის პოზიცია

   როგორც მშობელს, ხშირად მიფიქრია იმაზე, უნდა შეურჩიოს თუ არა უფროსმა მცირეწლოვან  შვილს მისი ასაკის შესაფერისი ლიტერატურა, თუ ნებაზე მიუშვას და აკითხოს ის, რაც პირველი ჩაუვარდება ხელში. დამეთანხმეთ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, ასაკობრივი თავისებურებების გაუთვალისწინებლობამ შეიძლება სავალალო შედეგი გამოიღოს და ყველაზე დახვეწილმა კლასიკურმა ლიტერატურამაც კი, გარკვეული შოკი გამოიწვიოს მოზარდის ფსიქიკაში, მეორე მხრივ, მხოლოდ  მშობლის ინტერესებისა და გემოვნების მიხედვით მიწოდებულმა ლიტერატურამ შეიძლება კითხვის სურვილი დაუკარგოს ბავშვს და არჩევანის თავისუფლება შეუზღუდოს. ამ ორ უკიდურესობას შორის, ჩემი აზრით, ოპტიმალური ოქროს შუალედი ვარჩიე  და გადავწყვიტე, რომ მშობელმა, შვილის ასაკის გათვალისწინებით, უნდა შეარჩიოს შესაბამისი საბავშვო ლიტერატურის მრავალფეროვანი ასორტიმენტი  და  სწორედ მათ შორის მისცეს არჩევანის თავისუფლება. როდესაც შერჩევაზე და მრჩეველზე ვსაუბრობ, რაღა თქმა უნდა, ვგულისხმობ საბავშვო ლიტერატურაში კარგად გარკვეულ მშობელს, რომელიც სპეციალისტსაც დაეკითხება აზრს წამოჭრილ საკითხზე.

     მართალია, ჩემი შვილი ჯერ საკმაოდ პატარაა ლიტერატურის საკითხავად და ჯერჯერობით მხოლოდ ხმოვანი წიგნებითა და პატარ–პატარა ლექსებით შემოვიფარგლებით, მაგრამ დროის სწრაფი მსვლელობის გათვალისწინებით, უკვე საჭიროდ მიმაჩნია ვიზრუნო ირაკლის მომავალ ბიბლიოთეკაზე  და წინდაწინვე  შევაგროვო საჭირო მარაგი.  დღესდღეობით, ინტერნეტი და გუგლი იძლევა იმის საშუალებას, რომ ყველაზე დაკავებულმა მშობელმაც კი, ყოველგვარი დისკომფორტის გარეშე, სახლიდან ან ოფისიდან გაუსვლელად მოიძიოს და  შეარჩიოს  შვილისათვის ასაკობრივად რეკომენდირებული  ლიტერატურა.

* * *

აქ ხარ ღმერთო? ეს მე ვარ, მარგარეტი

ჯუდი ბლუმი

  ერთ–ერთი ამგვარი ინტერნეტ სერფინგის დროს, გადავაწყდი ძალიან საინტერესო წიგნს ორიგინალური  სახელწოდებით ,,აქ ხარ ღმერთო? ეს მე ვარ, მარგარეტი“(Are you there god? It’s me, Margaret).  წიგნი  1970 წელსაა გამოცემული შეერთებულ შტატებში და ეკუთვნის ამერიკელ ავტორ ჯუდი ბლუმს. ნაწარმოები მოზარდთა ლიტერატურის კატეგორიას მიეკუთვნება, ე.წ. young adult novel, რომელიც  11–დან 18 წლამდე ასაკობრივ მკითხველზეა განსაზღვრული.  არ ვიცი, კერძოდ რამ მიმიტყუა ამ წიგნში, ალბათ უფრო  განსხვავებულმა სახელწოდებამ, მაგრამ წაკითხულით რომ უაღრესად ნასიამოვნები დავრჩი, ამაზე მკითხველსაც ახლავე მოვახსენებ.

     წიგნი 11 წლის მარგარეტ საიმონის ამბავს მოგვითხრობს, რომლის ოჯახიც ნიუ იორკიდან ნიუ ჯერსიში გადასახლდა. მარგარეტის დედა ბარბარა ქრისტიანია, მამა–ჰერბერტ საიმონი კი  ებრაელი და იუდაიზმის მიმდევარი. მშობლები შვილს სრულ თავისუფლებას აძლევენ სასურველი რელიგიის არჩევანში და გადაწყვეტილებაში არ აჩქარებენ.  რელიგიური საკითხი რომ ერთ–ერთი მთავარი თემაა ნაწარმოებში, ამას მკითხველი სათაურიდანაც მიხვდებოდა. წიგნში ძალიან საინტერესოდ და სახალისოდაა აღწერილი პატარა მაგრგარეტის ღამისეული საუბრები ღმერთთან, ურთიერთობა ახალ თანაკლასელებთან, ბიჭებთან, მასწავლებლებთან და ა.შ.

      ეს არის წიგნი იმაზე, თუ როგორ იზრდება და მწიფდება გოგონა. როგორ იცვლება მისი აზროვნება გარდატეხის ასაკში, რა აწუხებს, რას განიცდის და რა უხარია.  მე არ ვისაუბრებ ნაწარმოების მხატვრულ ღირებულებაზე, რადგან ამ მხრივ დიდი დატვირთვა არ გაჩნია, თუმცა, წასაკითხად ნამდვილად ღირს და ორმაგად საინტერესოა იმით, რომ უნდა მიიზიდოს როგორც ამ ასაკის მოზარდი გოგონები, ისე მათი მშობლები. ქვემოთ, მსურს მოვიყვანო ჩემი სიტყვების დამამტკიცებელი არგუმენტები.

ის, რაც დააინტერესებს გოგონებს:

1. ახალი სკოლა, ახალი თანაკლასელები და მათთან ურთიერთობა;

2.საწინააღმდეგო სქესისადმი გაჩენილი პირველი ინტერესი და მათი დამოკიდებულება ამ საკითხისადმი;

3.სიყვარული და პირველი კოცნა;

4.გარდატეხის ასაკისათვის დამახასიათებელი  ფიზიოლოგიური ცვლელებები (რაზე საუბარი ზოგჯერ დედასთანაც კი გვერიდება);

5. რელიგიური შეხედულებები,  გაურკვევლობა და პროტესტი;

6.ურთიერთობა უფროსებთან და აზრთა დაპირისპირება.

   ეს არის მცირედი ჩამონათვალი იმ თემებისა, რაზეც ჯუდი ბლუმის წიგნი პასუხს გასცემს მოზარდებს  და ბევრ საკითხს დეტალურად აღუწერს.  წიგნის სასიკეთოდ მინდა დავამატო ისიც, რომ ეს ინგლისურენოვანი ნაწარმოები უაღრესად მარტივი ლექსიკითაა დაწერილი და დანამდვილებით ვიცი, რომ შესაბამისი ასაკის ბავშვებს არ გაუჭირდებათ მისი აღქმა, პირიქით, ვფიქრობ, რომ წიგნი საუკეთესო დანამატიც კია კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურის სახით, რომელიც სალაპარაკო ინგლისურის სიტყვათა მარაგსაც გაუმდიდრებს დაინტერესებულ მოზარდს და გარკვეულ სამეტყველო ბარიერებსაც გადაალახვინებს.

     გადავიდეთ უფროსებზე: ძვირფასო მშობლებო და არა მარტო მშობლებო, მოგეხსენებათ, რაოდენ რთული და საფრთხილოა გარდატეხის ასაკი, თავისი თანმდევი ფსიქო–ფიზიკური ცვლილებებით, რაც მოზარდებში აგრესიას, არაადეკვატურ ქცევასა და უმიზეზო გაღიზიანებას იწვევს, ხოლო უფროსებში– გაუგებრობასა და დაბნეულობას. მერწმუნეთ, ჯუდი ბლუმის ეს წიგნი დაგანახებთ სამყაროს მოზარდის თვალით და ძალიან ბევრ კითხვაზე გაგცემთ პასუხს: რატომ აღარ გიშვებთ თქვენი გოგონა მის ოთახში დაუკითხავად, რატომ საუბრობს მეგობართან საათობით, რატომაა მუდმივად უკმაყოფილო საკუთარი გარეგნობით, რატომ ეჩქარება გაზრდა(დაქალება)  და ასე შემდეგ.

     დასასრულს კი მინდა აღვნიშნო, რომ ეს პატარა რევიუ,  წარმოადგენს   რეკომენდაციას და ჩემს კეთილ რჩევას უფროსებისადმი: აჩუქეთ ეს წიგნი თქვენს მოზარდ ქალიშვილს, დას, ნათესავს ან უბრალოდ მეგობარს და  მერწმუნეთ, რომ მასში უამრავ საინტერესოს და სასარგებლოს ამოიკითხავს.

Gallery | This entry was posted in წიგნები, ხელოვნება and tagged , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

36 Responses to წიგნი მხოლოდ გოგონებისთვის

  1. წიგნი თავისთავად, საინტერესოა, მადლობა, აქამდე ნამდვილად არ მსმენოდა🙂 მაგრამ არანაკლებ საინტერესოა შესავალში წამოჭრილი პრობლემაც – ერთის მხრივ, მე ბავშვზე ბევრად უკეთ ვიცნობ ლიტერატურას (ბოლოს და ბოლოს, სხვა რომ არაფერი, მეტი მაქვს წაკითხული) და ბუნებრივია, რაღაცების რჩევა არ გამიჭირდება; მეორეს მხრივ – მაინც საკუთარი გემოვნებით ვურჩევ (მე კი ვარ ამ გემოვნებით და არჩევანით კმაყოფილი, მაგრამ ბავშვი მაინც დამოუკიდებელი ინდივიდია, თავისი ხედვით, თავისი გემოვნებით, სულაც სხვა თაობას ეკუთვნის) და არ არის ფაქტი, რომ ჩემს არჩევანს მოიწონებს.

    ერთი სიტყვით, საინტერესო თემაა და დისკუსიისთვისაც ხელსაყრელი.

  2. მართალია მე არც მშობლის ასაკში ვარ და დიდად აღარც ბავშვის, 17 წლის ვარ, მაგრამ კარგად მახსოვს როგორ ვწვალობდი წიგნების შერჩევაზე. რჩევების არქონის გამო რაც ხელში მომხვდებოდა ყველაფერს ვკითხულობდი და გარწმუნებთ, ეს ძალიან მოქმედებს ფსიქიკაზე. ზოგმა არ იცის რა წაიკითხოს და სულაც არ კითხულობს. რჩევები აუცილებელია, მით უმეტეს თუ მშობელი ასე მიუდგება საქმეს, შემოქმედებითად და შვილის ხასიათის გათვალისწინებით და არა ლიტერატურული დოგმების მიხედვით. ამას საკუთარი გამოცდილებით ვამბობ…🙂 ნაკითხი მშობელია საჭირო და მისი გემოვნება თავიდან მაინც – ზუსტად გადავა შვილზე, მერე ჩამოყალიბდება…

  3. Kejeradze says:

    შერჩევის პრობლემა ნამდვილად არ მქონია. ერთი ვითომ შემთხვევითი ხსენება მყოფნიდა ოჯახის წევრების მხრიდან🙂 თუ შემთხვევით მაინც გადავაწყდებოდი “სადიდო” წიგნებს, რამდენიმე ფურცლის შემდეგ ისევ საჩემოზე გადავდიოდი (ძირითადად “ვერ” ვაწყდებოდი)🙂 საკმაოდ ეფექტური მეთოდი გამოდგა და სამომავლოდ იგივე “კურსს” გავაგრძელებ, ოღონდ შეიძლება ჯუდი ბლუმიც ჩავრთოთ პროგრამაში. საინტერესო ჩანს🙂

  4. Lord Vader says:

    მადონამ დაწერა გადასარევი წიგნი გოგონებისთვის.
    რომ გაიზარდონ ისეთები, როგორიც მადონაა❤

  5. ზოგადად ქართულ და მსოფლიო პედაგოგიკაში მიღებულია ერთი ოქროს წესი: სანამ ბავშვი პატარაა და თავად არ ძალუძს სწორი არჩევანის გაკეთება, მშობელი ვალდებულია აკონტროლოს, მაგრამ მაინც შეუქმნას შვილს თავისუფალი არჩევანის განცდა, რომ ეს გადაწყვეტილება თავად მიიღო და არავის არაფერი დაუძალებია.
    უხეში ნათქვამი გამომივა, მაგრამ ზოგადად ასე ჩამოვაყალიბებ: მშობელმა უნდა უზრუნველყოს, რომ ბავშვს უნდოდეს ის, რაც მშობელს უნდა, რომ მას უნდოდეს.

  6. 6-დან 11–12 წლამდე, გააჩნია განვითარების დონეს და ბავშვის ინდივიდუალურ თავისებურებებს. კალაპოტში ჩაყენება და გეზის მიცემა ყველა ვარიანტში სჭირდება, რომ ცოდნა, რასაც ბავშვი არასაკოლო წიგნებიდან იღებს, იყოს მისი ასაკისა და განვითარების დონის შესაბამისი, სისტემაში მოყვანილი და თანმიმდევრული, ანუ მარტივიდან რთულისაკენ. დღევანდელ პერიოდში, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ 12 წლის ბავშვის გონება იმდენადაა განვითარებული და მომზადებული, რომ დამოუკიდებელ არჩევანს მშვენივრად აკეთებს, ზუსტად იცის რა უნდა და რომელ ჟანრს ანიჭებს უპირატესობას. რაღა თქმა უნდა, მშობლის რჩევა აქაც აუცილებელია.

    • კალაპოტში ჩაყენება და გეზის მიცემა ფრიად საშური საქმეა, მით უმეტეს, ადრეულ ასაკში. კვალიფიციური რჩევა 12 წლის ბავშვსაც სჭირდება და უფრო მოზრდილსაც წაადგება, მაგრამ, საქმე იმაშია, რომ ჩვენთან, უმრავლეს შემთხვევაში, “კვალიფიციური დახმარება” “ეს წაიკითხე, ეს არ წაიკითხოთი” შემოიფარგლება და მშობლები, როგორც წესი, აუცილებლად წასაკითხი და არაწასაკითხი წიგნების სიას მოდურობის, პრესტიჟულობის, ცნობადობის, “რას იტყვის ხალხი” პრინციპის გათვალისწინებით ადგენენ. ანუ, დაახლოებით ისე, როგორც შეადგინა სრულიად ქართულმა ფეისბუქმა 50 აუცილებელი წიგნის ყოვლად სამარცხვინო სია. აქედან კონფლიქტიც.12-14 წლის ბავშვს თეკერეიზე და ფლობერზე მეტად, ტოლკინი, კრისტი, ჩეიზი, შელდონი აინტერესებს და ვერც ვერაფერში გაამტყუნებ. არადა, მშობლები თავს იკლავენ – რა უწიგნური შვილები გვყავს, ჩვენი ბავშვობის წიგნების ხელში აღებაც კი არ უნდათო.

      • არა, გამტყუნებით მართლა ვერავის გაამტყუნებ. მშობლის საქმეა როგორ და რანაირად გადაწყვეტს საკუთარი შვილის აღზრდას. შენ მიერ ჩამოთვლილ წიგნებს კი იმის გამო ანიჭებენ უპირატესობას, რომ ფართოდ რეკლამირებადი და ამავე დროს, მარტივად აღსაქმელია.
        ჩვენი ბავშვობის წიგნებს რაც შეეხება, მე მაინც ვიტყვი, რომ ბავშვის თვალში საუკეთესო პროპაგანდა და რეკლამა მშობლის მიერ სპეციალურად მისთვის ,,რეკლამირებული” წიგნია. მარტივად რომ ვთქვათ: დაანახე ბავშვს რომ თავად აქტიურად კითხულობ და გააგებინე რას კითხულობ, რადგან მშობელზე მეტი ავტორიტეტი მისთვის არ არსებობს. გამომდინარე იქიდან, რომ ადამიანის დაბადებიდან თანდაყოლილი ინსტინქტი არის მიბაძვა, ბავშვიც იმავეს გაიმეორებს, რასაც გააკეთებს მშობელი.
        ასე რომ, მშობლები წუწუნს უნდა მოეშვან და თავად მისცენ შვილებს სამაგალითო ქცევის მაგალითი. ,,მაგრამ მარტო წვრთნა რას უზამს, თუ ბუნებამც არ უშველა?” –აი მანდ უკვე აღარ ვიცი რა ხერხს უნდა მიმართო:)))

  7. kisoki says:

    აუ ჩავინტრიგდი.❤ მაგარია უნდა წავიკითხო..

    • მეც ეგ მინდოდა, რომ ჩამეინტრიგებინეთ:)))))) აუცილებლად წაიკითხე, არ ინანებ და მერე შთაბეჭდილებებიც დაწერე! 🙂

  8. amazon.com–ზე, აქ არსად შემხვედრია. ელექტრონული ვერსიის ლინკი კი ტექსტშივე შეგიძლია ნახო:)

  9. kisoki says:

    აუ ვნახე რა მაგარია❤ მადლობა. შევუდგები

  10. ბავშვის აღზრდა მშობლის საქმეა, მე არავის ვამტყუნებ და მითუმეტეს, სხვის საქმეში არ ვერევი, ჩემიც საკმარისად მაქვს და სხვის მაგივრად ფიქრი დიდად არც მაინტერესებს, მაგრამ ასეთი მიდგომით :”მე თავად გადავწყვეტ, შვილი როგორ აღვზარდო და იმასაც თავად გადავწყვეტ, რა წაიკითხოსო”, მშობელი, დიდი ალბათობით, იქამდე მივა, რომ უკვე შვილი არ დაუჯერებს და არც შეეკითხება, რა წაიკითხოს და არა არა. და მართალიც იქნება.

    კრისტის, ჩეიზის და შელდონის ფართო რეკლამა სად ნახე, მითხარი🙂 ან ტოლკინი რატომ არის მარტივად აღსაქმელი, ესეც ვერ გავიგე. მე “მარტივი წიგნები” არ ჩამომიწერია, ჟანრის საუკეთესო ავტორები ჩამოვთვალე, რომლებსაც დღესაც დიდი სიამოვნებით ვკითხულობ (ფართო რეკლამის და მარტივად აღსაქმელობის გამო არა) თეკერეისაც მირჩევნია, ფლობერსაც, მოპასანსაც და სულ არ მეფიქრება, რომ ესენი კლასიკოსებად არიან აღიარებულები.

  11. მშობელს იმისთვის ჰქვია მშობელი, რომ თავად წყვეტს როგორ აღზარდოს შვილი, დასაწყისში მაინც და როდესაც ბავშვს უკვე თავად ჩამოუყალიბდება თავისი გემოვნება ლიტერატურაში, რა თქმა უნდა, რომ აღარ უნდა დაუჯეროს არავის და თავის გემოვნებას უნდა ენდოს:)
    კრისტი, ჩეიზი, შელდონი…. დეტექტივის უფრო მარტივად აღიქვამს ბავშვი ვიდრე თეკერეის ან ფლობერს, ამას კიდევ სხვა აზროვნება სჭირდება. ,,მსოფლიო დეტექტივების სეიფის” სერიით გამოცემული ეს წიგნები ყველასათვის ხელმისაწვდომი ფასით უამრავ საიტზე რეკლამირდებოდა და მყიდველიც ძალიან ბევრი ჰყავდა:)

    • კრისტი, ჩეიზი და შელდონი, იალინდა, მსოფლიო დეტექტივების სეიფის აბსოლუტურად უხარისხო სერიით არ დაწყებულა და თუ ვინმემ იქედან გაიცნო ეს გვარები, მხოლოდ თანაგრძნობის გამოხატვა შემიძლია. იმ საცოდავ სერიას რეკლამაზე მეტად ანტირეკლამა უფრო ეთქმოდა.

      ბავშვი მეც ვიყავი და დეტექტივებსაც მშვენივრად ვკითხულობდი და სხვა, “არამარტივ” წიგნებსაც. და არასოდეს არავის არაფერი დაუძალებია. რჩევა – კი, ბატონო. მეც მიკითხავს უამრავჯერ და ახლაც ვეკითხები ჩემთვის ავტორიტეტად მიჩნეულ ხალხს, მაგრამ ეს წაიკითხე და ეს არ წაიკითხოო, არ მახსოვს.

      ერთი სიტყვით, შენი პოზიცია გასაგებია. ოღონდ, მე წიგნებს “მარტივად და რთულად” არ ვყოფ და იმ მშობლის დანახვაზე, ხელიდან “თბილისელები”, გოჩა მანველიძე და ლალი მოროშკინა რომ არ გაუგდია, ოციოდე “მაღალი” კლასიკოსის გვარი იცის ზეპირად და დეტექტივი ან ფანტასტიკა “დაბალი” ლიტერატურა ჰგონია, უბრალოდ მეღიმება.

      • მგონი გაბრაზდი ჩემზე მოლი, რამე საწყენად ვთქვი? რაღაც გაუგებორბას აქვს ადგილი🙂 ეს წაიკითე და ეს არ წაიკითხოო არსად მიხსენებია, არც დეტექტივის კლასიკოსთა უხარისხო სერიით დაწყება აღმინიშნავს. არ ვიცი, არ ვიცი, მე საწყენად არაფერი მითქვამს….

  12. ამ შემთხვევაში რა მნიშვნელობა აქვს ჩვენ რას ვკითხულობთ? ჩვენ ხომ ბავშვებზე ვსაუბრობთ🙂 მათ რა ურჩევნიათ და რა მოსწონთ!

  13. არა, რას ამბობ, რისი გაბრაზება… ჩვენ ხომ, უბრალოდ, თემას განვიხილავთ. მე მხოლოდ ის ვთქვი, რომ დეტექტივების და ფანტასტიკა/ფენტეზის მარტივობაზე, პალიტრა ელის მიერ რეკლამირებულ კრისტიზე, ე.წ. “მაღალი კლასიკოსების” აბსოლუტურ ღირებულებაზე და მათ გასაგებად საჭირო აზროვნების ხარისხზე და რაც მთავარია, მშობლის მიერ შვილის საკითხავის განსაზღვრის ფარგლებზე ოდნავ სხვა წარმოდგენა მაქვს.

  14. marikooo says:

    anu wigni inglusirenovania?da qartuli targmanit ar aris?

  15. anastasia says:

    აუ მე 12 წლის ვარ ძალიან დამაინტერესა ამ წიგნმა მაგრამ ძალიან ცუდია ქართულად რომ არ არისს😦

    • სამწუხაროდ, ქართული თარგმანი არ არსებობს, ანასტასია. მაგრამ წიგნი იმდენად საინტერესოა და შენი ასაკისთვის შესაფერისი, რომ დამატებითი მოტივაცია უნდა გაგიჩნდეს მისი ინგლისურ ენაზე წაკითხვის. დამიჯერე, საერთოდ არაა რთული ტექსტი🙂

  16. elizabeti says:

    auu es wigni versad vishove da ver damexmarebit?

    • ელიზაბეტ, ამ წიგნის ლინკი ტექსტშივეა მითითებული და ნახე. ქართული თარგმანი კი არ არსებობს, სამწუხაროდ.

  17. sad sheidzleba vnaxo judi blumis wigni

    • მარი, ამ წიგნის ელექტრონული ვერსიის ლინკი პოსტშივე შეგიძლია ნახო. ინგლისურ ენაზეა.

  18. sofa says:

    dzalian maintersebs meore wignis saxelii da sad vikido

  19. sofa says:

    gtxovt ro mipasuxot dzalian mainteresebs🙂

  20. tamta says:

    linkze gadavdivar magram ar mixsnis eqneb rame mishvelot😀😀 damexmaret raa

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s