პირველად იყო სიტყვა…..

    103572  ცხოვრებაში ყველა აკეთებს თავის არჩევანს, თუმცა, ყველაზე ძნელი ამ არჩევანთან შეგუება და მასთან ცხოვრებაა!  ის, ვინც  ცხოვრება მწერლობას დაუკავშირა, სამუდამოდ შესწირა თავი სიტყვებს და მათ მონად იქცა.  საჭირო სიტყვები და მათი ზუსტი წყობა არის ის, რასაც მწერალი მთელი სიცოცხლის განმავლობაში ეძებს. ზოგი–პოულობს, ზოგიერთი კი ამ ძიებას ფსიქოზამდე მიჰყავს. ზოგჯერ, სწორ სიტყვებამდე მისასვლელი გზა ტანჯვაზე გადის, იმგვარ ტანჯვაზე, რომელსაც ენა ვერ აღწერს და მხოლოდ ფურცელზე უნდა გაიშალოს. ამ განცდას მხოლოდ ის მიხვდება, ვინც წერს, ან ცდილობს წერას.

   „პირველად იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა…“  გიფიქრიათ სიტყვებზე?   რამდენიმე ბგერისაგან შემდგარ ბასრ იარაღზე, რომელიც თითს და კანს ვერსადროს ერევა, მაგრამ გულს ძალზე ღრმად სერავს და სისხლისაგან ცლის.

   ,,სიტყვები“, არის იმ ფილმის სახლეწოდება, რომელზეც მინდა მოგითხროთ. არ ვიცი, თქვენც დააკვირდით, თუ ეს მხოლოდ ჩემი სუბიექტური მიგნებაა, მაგრამ მეჩვენება, რომ  ბოლო დროს, კინემატოგრაფმა მკვეთრად შეიცვალა კურსი და ,,წყნარი“  პროდუქციის  წარმოებაზე გადავიდა, ზედმეტი დრამისა და კომედიის გარეშე, რომელიც გაფიქრებს, გიტაცებს, მაგრამ ტვინს არ გიფეთქებს.  ფილმის სიუჟეტი არ გამოირჩევა განსაკუთრებული ორიგინალურობით, თუმცა, ტრივიალურიც არ ეთქმის. ეს არის ისტორია, რომელიც გვიყვება ისტორიას ისტორიაში. ჩემი სიტყვები ძნელი აღსაქმელია სანამ ფილმი არ გინახავთ, მაგრამ მერწმუნეთ, რომ ,,სიტყვების“ ხილვის შემდგომ, ზუსტად მიმიხვდებით სათქმელს.

   კლეი ჰამონდი მწერალია, რომელმაც დაწერა წიგნი უიღბლო მწერალზე, რომლის სახელია  რორი ჯენსენი. მწერლობა  რორის ერთადერთი შემოსავლის წყარო და ცხოვრების მთავარი ვნებაა, თუმცა, მისი ნაშრომებით არავინ ინტერესდება. სათქმელი  მართლაც ბევრი აქვს, მაგრამ არ ჰყოფნის ან ვერ პოულობს იმ საჭირო სიტყვებს, რაც მის ნაფიქრს ზედმიწევნით  ზუსტად გადმოსცემდა და მკითხველს განგმირავდა. ბედის უცნაური ირონიით, საკუთარ უუნარობაში საბოლოოდ დარწმუნებული რორი  გადააწყდება ძველ ხელნაწერს.  დროისაგან გაცრეცილ–გაყვითლებული ფურცლები იმდენად ატყვევებს და ითრევს მას, რომ მონუსხული  მწერალი დიდხანს ვერ ერკვევა რეალობასა და  წაკითხულს შორის. ეს ხომ სწორედ ის არის, რასაც ამდენი ხნის განმავლობაში ეძებდა? ეს ის სიტყვებია, ის ისტორია, ის სიუჟეტი, რომელზეც რორი წლების განმავლობაში ოცნებობდა, მაგრამ ხორცს ვერ ასხამდა.  ეს სწორედ ის დაუცხრომელი ვნება და ის თვითკმაყოფილება იყო, რომელიც აუცილებლად უნდა განეცადა მწერალს. სულ წამებით მაინც, მაგრამ უნდა შეეცნო ის ენითაღუწერელი შეგრძნება, რასაც ამ ,,სიტყვებთან“  შეხება უქადდა. მან იგრძნო, მთელი არსებით იგრძნო და დაეცა, დაეცა სხვისი სიტყვების ქურდობამდე. რორი ჯენსენმა ეს უავტორო  ნაწარმოები თავისად გამოაცხადა, თუმცა ვერ მიხვდა, რომ  სიტყვების მოპარვით, მან სხვისი ცხოვრება მოიპარა, რითაც საბოლოოდ დაანგრია საკუთარი.

    the_words_movie_posterწიგნის გამოცემიდან ძალიან მცირე ხანში, ის ბესტსელერად იქცა, მისი ფსევდო ავტორი კი– პუბლიკის რჩეულად, რომელიც უსირცხვილოდ ტყუოდა მკითხველის წინაშე და რომანში აღწერილ ისტორიას საკუთარ ფანტაზიად და შვილობილად ასაღებდა, არადა, თავადაც არ უწყოდა, თუ როგორი სიუხეშით ეპყრობოდა სხვისი ცხოვრების ნამდვილ ამბავს, რომელიც რამდენიმე ათეული წლის წინ მართლაც მოხდა და რაც მთავარია, მისი რეალური გმირი ჯერაც ცოცხალი და საღსალამათი დაიარებოდა ქვეყანაზე.

   რორი ჯენსენი პლაგიატორ ქურდად იქცა და არავინ იცის, რომ არა ერთი არცთუ მთლად შემთხვევითი შეხვედრა, იგრძნობდა თუ არა ოდესმე სინდიდს ქენჯნას ჩადენილი დანაშაულის გამო. რეალურად რომ ვიმსჯელოთ, პლაგიატორი არის ადამიანი, რომელიც ითვისებს სხვის ნაშრომს და ამას საკუთარი ფსიქოლოგიური პრობლემების  ზეგავლენით აკეთებს (ისიც ფაქტია, რომ ამგვარი პრობლემა რორის მართლაც ჰქონდა).  მაგრამ თუ დანაშაული მას მარტივად შერჩა, თავადვე რწმუნდება ჩადენილის სისწორეში, არ გრძნობს რა არანაირ მორალურ პასუხისმგებლობას და აქ, უკვე ღრმა ფსიქოლოგიურ პრობლემებთან ერთად, ეთიკურ პრობლემებსაც ვაწყდებით. ეთიკური შეხედულებები კი, მოგეხსენებათ, სინდისიერი ქცევისაკენ გვიბიძგებს. რორი ჯენსენის ცხოვრებაში შეკრული კვანძი აუცილებლად უნდა გახსნილიყო  მხილების გზით. მის ცხოვრებაში ახალი და საბედისწერო პერსონაჟი გამოჩნდა– იდუმალი მოხუცი, რომელმაც  თვითმარქვია მწერალს პირველი წყაროდან უამბო თავისი დაკარგული ნაწარმოებისა და  უბედური ცხოვრების ამბავი.

    ამ საკვანძო  ისტორიას კი, ჩემო მკითხველო, არაფრის დიდებით არ გიამბობ, სჯობს თავად ნახო!

This entry was posted in ინტერნეტი, კინო and tagged , , , , , , . Bookmark the permalink.

4 Responses to პირველად იყო სიტყვა…..

  1. glamtaia ამბობს:

    ზედმეტი გადაჭარბების გარეშე ვამბობ რომ ერთ-ერთი საუკეთესო პოსტია რაც ფილმებზე წამიკითხავს ))))
    რაც შეეეხება თვითონ ფილმს, ახლავე ვუყურებ )

    • იალინდა ამბობს:

      ძალიან დიდი მადლობა, თაია! 🙂
      უყურე აუცილებლად, ვერ მოსწყდები! მერე შთაბეჭდილებებიც მომწერე 🙂

      • glamtaia ამბობს:

        ძალიან კარგი იყო ფილმი.
        ერთადერთი რაც მის შესახებ შემიძლია ვთქვა არს ის რომ მიუხედავად მსხვერპლისა რორიმ, კლეიმ თუ ვინც არის იპოვა საჭირო სიტყვები და გახდა ის ადამიანი, ვისკენაც მუდამ ისწრაფვოდა. მაგრამ პროცესში საკუტარი თავისადმი პატივისცემა და საყვარელი ცოლი დაკარგა.

  2. irakli ამბობს:

    მაგარი ფილმია, ამ ტექსტის წაკითხვის შემდეგ ვნახე. მადლობა

დატოვე კომენტარი