კარიერისტი კონკიას მოდური ზღაპარი

   arden3  ზღაპარი ბევრნაირი არსებობს: ფანტასტიკური, იგავ–არაკული სტილის, საყოფაცხოვრებო, მაგრამ დღეს სრულიად განსხვავებულ, მოდურ ზღაპარს მოგიყვებით, რომლის მთავარი გმირიც თანამედროვე კონკიაა.

   ტყუილად ფიქრობთ, რომ ამ ზღაპარში მომხიბლვლელ პრინცებსა და ოქრო–ვერხლით სავსე სასახლეებზე გიამბობთ. სულაც არა, და მეტსაც გეტყვით, ჩვენს კონკიას პრინცი საერთოდაც არ სჭირდება, არც მის სამეფოს დაგიდევთ, რადგან დედოფლად ქცევაში მამაკაცის დახმარება სრულებითაც არ დასჭირდება. ის თავად გახდება დედოფალი და თავისივე სახელობის საოცნებო იმპერიას ააშენებს. სახელსაც დედოფლურს დაარქმევს და ბრწყინვალე წარსულის ამბავსაც შეთხზავს, მერე კი თავადაც დაიჯერებს.

    გოგონამ მართლაც ააშენა იმპერია, თუმცა, უდიდესი შრომის, დღე–ღამის სწორებისა და პირადი ცხოვრების არქონის ფასად.

    წარმოიდგინეთ, რამხელა სირთულესთანაა დაკავშირებული ქალის მიერ საკუთარი საქმის აწყობა ჩვენს დროში, როდესაც ბიზნესზე მონოპოლიას ჯერ კიდევ ძლიერი და მკაცრი მამაკაცები ფლობენ და დაგიშვიათ თუ არა იმის აზრი, რა მძიმე და ტკივილიანი გზა განვლეს ქალბატონებმა, რომელთაც თავიანთი ბიზნესის კეთება გასული საუკუნის დასაწყისში განიზრახეს. ჩემი ზღაპრის მოსასმენადაც სწორედ იმ დროში, XX საუკუნის დასაწყისში უნდა გადავინაცვლოთ. წარმოიდგინეთ, რომ ხმაურიანი ნიუ–იორკის ყველაზე ცნობილ ქუჩაზე, მეხუთე ავენიუზე მიმავალს, ნაცრისფერი შენობებისა და ქუჩების ფონზე, ხასხასა წითელი ფერის კარმა მოგჭრათ თვალი, ბრჭყვიალა ოქროსფერი წარწერით ELIZABETH. ერთობ მომნუსხველი და დამაინტრიგებელი სანახაობაა. არავინ იცის, რა იმალება ამ კარს უკან, მაგრამ იდუმალი, და ამავე დროს, გამომწვევი კაშკაშა ფერი ყველაზე გულგრილსაც კი მიიზიდავს და დააინტრიგებს.403491_515505218474555_264298524_n

   მაშ ასე, დგას 1910 წელი… ნიუ–იორკელი ქალბატონებისათვის პირველად გაიღო ELIZABETH ARDEN RED DOOR SALON–ის წითელი კარი. მის უკან კი…

   მოდით, ამაზე ცოტა მოგვიანებით. ჩვენ კი ისევ კონკიას ამბავს დავუბრუნდეთ.

    1878 წლის 31 დეკემბერს, კანადაში, ონტარიოს შტატში, კერძოდ კი ვუდბრიჯში, დაიბადა პატარა გოგონა, სახელად ფლორენს გრეჰემი. ფერმერის ღარიბ ოჯახში გაზრდილი ფლო მალევე იწვნევს დედის დაკარგვის სიმწარეს და 6 წლის ასაკში დაობლდება. მისი ცხოვრების შემდგომი წლები უკვე მართლაც რომ კონკიას ამბავს მოგვაგონებს. ხელმოკლე ოჯახი ბაზარში ხილ–ბოსტნეულის გაყიდვით ირჩენს თავს. პატარა ფლოც იქვე მუშაობს და ქუჩაში მოსეირნე, მდიდარი და ლამაზი ქალბატონების ცქერით იქცევს თავს, რომლებიც  შემდგომაში მისი შთაგონებისა და თქვენ წარმოიდგინეთ, რომ შემოსავლის წყაროდაც იქცევიან. მეოცნებე გოგონას ორი გატაცება ჰქონდა: ეს იყო ცხოველები და ფარმაკოლოგია. ორივე მათგანის სიყვარულმა შემდგომში წარმოუდგენლად თავბრუდამხვევი შედეგი გამოიღო.

   უკვე წამოზრდილმა ფლორენსმა ფარმაკოლოგიის შესწავლას მიჰყო ხელი. ქიმიური ცდები, რომელბსაც გოგონა საკუთარ სახლში ატარებდა, არც თუ მთლად უსაფრთხო იყო–გამოსცემდა სპეციფიკურ სუნს და საშინლად აწუხებდა მეზობლებს, რომლებიც წამდაუწუმ ჩიოდნენ.  გოგონამ იცოდა, რომ უბრალო კვერცხის ცილას ჰქონდა საოცარი ძალა კანის გამკვრივებისა და გაჭიმვის, ამიტომაც, ცილაში სხვადასხვა ინგრედიენტების შერევით, ცდილობდა შეემუშავებინა სახის ნელსაცხი, რომელიც ქალბატონების კანს სიმკვრივესა და ახალგაზრდობას დაუბრუნებდა. თუმცა, სანამ სასურველ შედეგს მიაღწევდა, საკუთარ სამზარეულოში ჩატარებული საეჭვო ქიმიური ცდების გამო, ხშირად ხდებოდა დაცინვისა და გაკიცხვის ობიექტი. შემდგომში, ბრენდ ELIZABETH ARDEN–ის კონკურენტები ხელზე დაიხვევენ ამ ფაქტს და მის კოსმეტიკას ,,ქვაბიდან აღმოცენებულ სილამაზეს“ უწოდებენ.

   1908 წელს, ფლორენსი და მისი ძმა კანადიდან ამერიკაში მიემგზავრებიან, სადაც გოგონა მალევე პოულობს მისთვის შესაფერ სამსახურს და მოლარედ ეწყობა ელეონორა ადაირის სილამაზის სალონში, სადაც სახის კანის გასაახალგაზრდაველბად და დასაჭიმად, გამოიყენებოდა სახეზე შემოსაკრავი ნიღაბი, შექმნილი ტყავისა და ქსოვილისაგან, რომელიც აჭიმვის მეთოდით აფიქსირებდა სახის ოვალს და იკვრებოდა ნიკაპთან. 0020xxzeამას ემატებოდა სპეციალური გამამკვრივებელი ნელსაცხებლები და ზეთები, რომლის დახმარებითაც, ქალბატონები იღებდნენ გაახალგაზრდავებული კანის ეფექტს. ტექნოლოგიას ეწოდა Ganesh, რომელიც შემდგომში, თავის სპა–სალონებშიც დანერგა ფლორენსმა.  მიზანდასახულმა გოგონამ მართლაც ბევრი შეისწავლა და ბევრიც დასტყუა ქალბატონ ადაირს და როდესაც მიხვდა, რომ ამ სალონში საკუთარი თავი ამოწურა, მიატოვა იქაურობა და საკუთარ ბიზნესზე დაიწყო ფიქრი. ბედის ირონიით, მან გაიცნო ახალგაზრდა კოსმეტოლოგი ელიზაბეტ ჰაბარდი, რომელიც შესანიშნავ კრემებს ამზადებდა, თუმცა მათთვის გასაღების ბაზრის პოვნასა და რეკლამირებას ვერ ახერხებდა. სამაგიეროდ, ამ საქმის ოსტატი გახლდათ  ფლორენსი, რომელიც მალევე შეუამხანაგდა მის ჰაბარდს და ნასესხები 6 000$–ით დაიწყო საქმის აწყობა. ოფიციალური ვერსიით, მან ეს თანხა ძმისგან ისესხა, არაოფიციალურით კი–ფილადელფიელი ბიძია ჯეიმსი დაეხმარა, რომლის ოჯახსაც ფლო მთელი სიცოცხლის განმავლობაში მფარველობდა. მის გრეჰემმა პირველ რიგში მაღაზია–სალონისათვის განკუთვნილი ფართი იქირავა ყველაზე ხალხმრავალ და პრესტიჟულ ქუჩაზე, შემდეგ კი თვალისათვის მიმზიდველი ინტერიერის მოწყობას შეუდგა. ეჭვი მეპარება, მაშინდელ ამერიკაში იმდენივე ბრენდ თუ პიარ–მენეჯერი არსებულიყო როგორც ახლაა, მაგრამ ფლორენს გრეჰემი რომ შესანიშნავი მენეჯერი და კრეატიული ადამიანი აღმოჩნდა, ამას წყალი არ გაუვა. მიზანდასახულმა ფლორენსმა კარგად იცოდა, რომ საუკეთესო პროდუქტსაც კი ვერასდროს გაყიდი, თუკი ის შესაბამის შეფუთვაში არ მიაწოდე მყიდველს.  მან უამრავი თანხა დახარჯა მდიდრული და გემოვნებიანი ინტერიერის შესაქმნელად, რომელიც მდიდარ და გავლენიან ქალბატონებს მოიზიდავდა.  ფლორენსს შეეძლო დაეზოგა თანხა სალონის დამლაგებელზე ან ნელსაცხებლების შემფუთავზე, რადგან ამას თავადაც შესანიშნავად ართმევდა თავს, მაგრამ არასდროს ზოგავდა დეკორატორზე. როგორც ხედავთ, მცდელობამ შედეგი გამოიღო.  და ბოლოს, დამაგვირგვინებელი აკორდი, სალონისა და ბრენდ Elizabeth Arden-ის სავიზიტო ბარათი, ხასხასა წითელი ფერის კარი. როგორც მახსოვს, წეღან სწორედ ამ იდუმალი კარის წინ გავჩერდით. ახლა უკვე თამამად შეგვიძლია შევაღოთ!1277151954store_details_ElizabethArdenRedDoorSalonandSpa

   თვალწინ მყუდრო და გემოვნებით მოწყობილი სალონი გადაიშლება, თეთრი დახლის უკან კი სანდომიანი სახის, მომღიმარი 30–ოდე წლის ქალბატონი, რომელიც თქვენი სახის კანის გათვალისწინებით შეგირჩევთ შესაბამის ნელსაცხებელსა და სასურველ სახის პროცედურას.

    გასხნის დღიდან, სალონს მომხმარებელი არ მოკლებია. ქალბატონები, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ფუტკრებივით დაეხვივნენ იქაურობას.  ჭკვიანმა ფლომ სხვა ძვირადღირებული სალონებისაგან განსხვავებით, შედარებით მცირე ფასი შესთავაზა მომხმარებელს და სახის კანის მოვლის ერთი სეანსი, ნაცვლად 2,5$–სა, დააფასა 2$. ასევე, მოიფიქრა აქცია ,,6 სეანსი 10$–ად“.

    გრეჰემ–ჰაბარდის დუეტი საკმაოდ პოპულარული გახდა არა მარტო ნიუ–იორკელ, არამედ სხვა მსხვილი ქალაქების მდიდარ ქალბატონთა წრეში. სალონის სახელწოდებაზე ბევრი არ უფიქრიათ. კომპანიონებმა მას მის ჰაბარდის სახელი შეურჩიეს. გვარი კი შემდგომში დაემატა ბრენდს, უკვე ელიზაბეტის ბიზნესიდან გასვლის შემდეგ, რაც ერთობ საიდუმლო და საეჭვო ვითარებაში მოხდა.  თუმცა, მანამდე იყო დიდი წარმატება და უძილო ღამეები.

    გარდა მიზანდასახულობისა და კარგი ინტუიციისა, ჩვენს კონკიას კარგი მეზღაპრის  ნიჭიც აღმოაჩნდა. ფლორენსმა იცოდა, რომ საკუთარი ლეგენდითა და იდუმალებით მოცული ამბის თანხლებით, პროდუქტი ერთი–ორად გაიყიდებოდა, ამიტომაც, შეთხზა ისტორია საიდუმლოებით მოცულ მდიდარ ქალბატონზე, რომელიც მთელი მსოფლიოს გარშემო მოგზაურობდა და იქიდან ჩამოჰქონდა ეს ნელსაცხებლები. ამ ქალბატონის სახელი იყო ელიზაბეტ არდენი, სილამაზის რეცეპტების ცნობილი კოლექციონერი. ხერხმა მართლაც გაჭრა. სალონის სტუმართა და მომხმარებელთა რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა. არადა, ყველასათვის ცხადია, რომ მოხერხებული ფლორენსი ინტუიტიურად მოქმედებდა, როდესაც ქმნიდა მითს და ჯადოსნურ აურას საკუთარი ბრენდის გარშემო. Elizabeth_Arden_NYWTSძალიან მალე, სილამაზის ინდუსტრიას ახალი და კაშკაშა ბრენდი მოევლინა, ერთი გამჭრიახი გოგონას მიერ აშენებული სილამაზის იმპერია, სამყაროს კი – სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეული მის ელიზაბეტ არდენი. ღარიბი კანადელი გოგონა ფლორენს გრეჰემი თავად იქცა მსოფლიოს გარშემო მოგზაურ იდუმალ ქალბატონ არდენად, რომელზეც წლების შემდეგ, კოკო შანელი იტყვის: ,,სამყაროში არსებობს მხოლოდ ერთი მადმუაზელი–ეს მე ვარ, ერთი მადამი–ეს რუბინსტეინია და მხოლოდ ერთი მისი–ეს არდენია.“

   აბა გოგონებო, კარგად მოჩხრიკეთ თქვენი კოსმეტიკის ჩანთები და მითხარით, შემთხვევით, სადმე ხომ არ მოგეპოვებათ ელიზაბეტ არდენის ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი პროდუქტი Eight Hour Cream? ნუთუ არა? ეს ლეგენდარული კრემი პრაქტიკულად ყველაფრისთვის გამოიყენება: ჭრილობებისა და ნაღრძობების მოსაშუშებლად, კანის დასარბილებლად და ა.შ. არადა, თავის დროზე მას პატარა ფლო თავისი საყვარელი ცხენებისათვის ჭრილობების მოსაშუშებლად იყენებდა. მის ნიადაგზე კი შეიქმნა კრემი, რომელმაც, მის არდენის ერთ–ერთ მადლიერ კლიენტს თუ ვენდობით, 8 საათში მოურჩინა ნატკენი მუხლი მის პატარა ბიჭუნას. აქედანვე წარმოსდგება სახელწოდებაც Eight Hour Cream, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდა: ვაზელინი, მინერალებით გაჯერებული ზეტი, ლანოლინი, სალიცილის მჟავა და E ვიტამინი.  ამბავი საოცარ კრემზე მალე მთელ ქალაქს მოედო და საზღვრებასც გასცდა.  ჰო, მართლა, იცოდით, რომ ნელსაცხებლის ქილაზე მოთავსებული წარწერა ბრენდის სახელწოდებით ჩვენი მისად ქცეული კონკიას გამოგონებაა? არა? მაშ ახლა იცით. მანამდე აზრადაც არავის მოსვლია კრემის ფლაკონსა თუ ქილაზე მწარმოებლის სახელწოდება მიეწერა. ფლორენსმა კი ორიგინალურად შეფუთა თავისი ნაწარმი და სახელიც მოხერხებულად გაირეკლამა. პრინციპში, მის არდენი რეკლამის დიდი ოსტატი იყო, რადგან სწორედ მისი ბრენდის სარეკლამო რგოლი დატრიალდა პირველად კინოთეატრებში უშუალოდ ფილმის ჩვენების წინ, მანვე გამოიყენა რადიო, როგორც საკუთარი ბიზნესის კარგი სარეკლამო საშუალება.

    red-door-anniversary-fragrance590XX საუკუნის 20–იანი წლებისათვის, ელიზაბეტ არდენის სალონების ქსელმა მოიცვა მთელი ამერიკა, 1925 წელს კი ,,წითელი კარი“ პარიზელი ქალბატონებისთვისაც გაიღო, შემდგომში კი მთელი ევროპისათვის.

       მის არდენს საოცარი სიზუსტით უსრულდება საკუთარი შეთხზული ამბავი. ის მთელი მსოფლიოს გარშემო მოგზაურობს, აგროვებს სილამაზის რეცეპტებს, თქვენ წარმოიდგინეთ, რომ სასურველი რეცეპტისა და გამოცდილების შესაძენად ზოგჯერ ჯაშუშობს კიდეც.

   როგორც უკვე მოგახსენეთ, ამ ზღაპარში პრინცებს ვერ შეხვდებით. დედოფლად ქცეული კონკიას ცხოვრებაში ორჯერ იყო დაოჯახების მცდელობა, თუმცა, ორივეჯერ წარუმატებელი. ყველაზე დიდხანს, მის არდენი პირველ  ქორწინებაში იმყოფებოდა. მომავალი მეუღლე, ტომას ლუისი პირველი ევროტურიდან დაბრუნებისას გაიცნო გემზე.  ის გახდება ფლორენსისთვის ა.შ.შ.–ს მოქალაქეობის მიღების გარანტი. შვილი მის არდენს არ ჰყოლია, თუმცა, თავადაც დიდად არ სურდა ტიპიური მეოჯახე ქალის როლის მორგება, ის პირველ რიგში კარიერისტი იყო, ვიდრე ცოლი. სხვა შემთხვევაში, ჯვრისწერის შემდეგ პირდაპირ ოფისში არ გაიქცეოდა სამუშაოდ. მათი თითქმის ოცწლიანი თანაცხოვრების მიზეზი კი ალბათ ის იყო, რომ ტომასი  Elizabeth Arden-ის კომერციული დირექტორი იყო. თუმცა, ელიზაბეტს ერთი წუთითაც კი არ დაუკარგავს სიტუაციაზე კონტროლი და ქმარს ყველა საქმეში არ ახედებდა. ალბათ, სწორადაც იქცეოდა, რადგან გაყრიდან ცოტა ხნის შემდეგ, ამ უკანასკნელმა ფრიად მზაკვრული საქციელი ჩაიდინა, როდესაც სამუშაოდ არდენის მთავარ კონკურენტ ელენა რუბინშტეინთან გადავიდა.

   ,,მე ცხენებში უფრო მიმართლებდა, ვიდრე მამაკაცებში“–ხუმრობდა მის არდენი. –,,მაგრამ მხოლოდ იმის გამო, რომ ცხენები უფრო მეტად მიყვარდა.“

    XX საუკუნის 40–იანი წლებისათვის, ბრენდი ,,ელიზაბეტ არდენი“ უკვე ფლობდა 300–მდე დასახელების პროდუქტს, რამდენიმე დასახელების პარფიუმერულ არომატს, სპა–სალონებსა და უდიდეს ავტორიტეტს სილამაზისა და მოდის სამყაროში.

Gallery | This entry was posted in სხვადასხვა, უცხოეთი and tagged , , , . Bookmark the permalink.

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s