ბერნარდ შოუ ქალების შესახებ

,,სიმართლე, ყველაზე სასაცილო ხუმრობაა ამქვეყნად“

   ეს სიტყვები ცნობილ ირლანდიელ დრამატურგს და უბრალოდ, გამოუსწორებელ ხუმარა ჯორჯ ბერნარდ შოუს ეკუთვნის. გადაშალეთ ისტორიული ანეგდოტების ნებისმიერი კრებული და დარწმუნდით, რომ იქ არსებული ყველაზე სქელი განყოფილება ბერნარდ შოუს სახელის ქვეშაა გაერთიანებული.

    როდესაც 90 წელს გადაცილებულ დრამატურგს ჰკითხეს, თუ რა იყო მისი  ხანგრძლივი სიცოცხლის საიდუმლო, მან უპასუხა: ,,ცხოვრება არასდროს მიმიღია სერიოზულად!“   არც ცხოვრება და არც ქალები(!), რომელთა შესახებაც, მწერალს საკმაოდ თავისებური და ხშირად, ირონიული წარმოდგენა ჰქონდა.

    რამდენიმე სახალისო ეპიზოდი მისი ცხოვრებიდან:

                                                      * * *      * * *    * * *

           ერთხელ, სერ ბერნარდ შოუ იმყოფებოდა წვეულებაზე, სადაც უამრავ ლამაზ ქალბატონს მოეყარა თავი. ისინი ძვირადღირებულ სასმელს შეექცეოდნენ და მხიარული მუსაიფით ირთობდნენ თავს, როდესაც მწერალმა ერთ–ერთ მათგანს საკმაოდ პიკანტური შეთავაზება გაუკეთა:

–ქალბატონო, თქვენთვის 1000 ფუნტი სტერლინგი რომ შემომეთავაზებინა, ჩემთან დაწვებოდით?

უახამსი  წინადადებით შოკირებულმა ქალმა მაშინვე სასტიკი უარი სტკიცა მწერალს.

–და 10 000 ფუნტი რომ შემომეთავაზებინა?

    კეთილშობილმა ქალბატონმა, ამჯერად, საკმაოდ წყნარად და ერთგვარი თვითკმაყოფილებითაც კი უთხრა უარი. თუმცა, შოუ არ მიეკუთვნებოდა იმ მამაკაცების რიცხვს, რომლებიც ასე იოლად ნებდებოდნენ და უთხრა:

– მილიონი ფუნტი რომ შემომეთავაზებინა თქვენთვის?–მშვიდად ჰკითხა მწერალმა და საბანკო წიგნაკი მოიმარჯვა.

  ამჯერად, ქალბატონი მართლაც დაფიქრდა მის წინადადებაზე და უპასუხა, ალბათ დაგთანხმდებოდითო.  ამ პასუხის გაგონებისას, შოუმ სასწრაფოდ გამოწერა თავის წიგნაკში 100 ფუნტის ოდენობის ჩეკი და ქალბარონს გაუწოდა, რომელმაც ეს ჟესტი იუკადრისა და განუცხადა:

–თქვენ მე ვინ გგონივართ, სერ?

–არ ინერვიულოთ, ქალბატონო! ჩვენ უკვე დავადგინეთ, რა ტიპის ქალიც ბრძანდებით, უბრალოდ, ჯერ ფასზე ვერ შევთანხმდით!

                          * * *       * * *      * * *

   ერთხელ, ბერნარდ შოუს წამოსცდა ფრაზა, რომ ყველა ქალი იყიდება. ამ სიტყვებმა მალევე მიაღწია ბრიტანეთის დედოფლის ყურამდე, რომელმაც პირველივე შეხვედრისას ჰკითხა მწერალს:

–სერ, თქვენ მართლაც ფიქრობთ, რომ ყველა იყიდება?

–დიახ, ჩემო დედოფალო.

–მეც?–გაიოცა დედოფალმა.

–თქვენც…–უპასუხა შოუმ.

–როგორ ფიქრობთ, მაინც რამდენი ვღირვარ?

–10 000 ფუნტი სტერლინგი–ჩვეული სიმტკიცით უპასუხა დრამატურგმა.

–ნუთუ  ასე იაფი?–გაიოცა დედოფალმა.

–აი, ხომ ხედავთ, ჩემო დედოფალო, უკვე მევაჭრებით.–გაეღიმა შოუს.

                            * * *       * * *      * * *

   ერთ–ერთი წვეულების დროს, ბერნარდ შოუს ახალგაზრდა ქალბატონი მიუახლოვდა და საუბრის გაბმა სცადა:

– როგორ ფიქრობთ, სერ, რატომ შექმნა ღმერთმა ჯერ მამაკაცი და შემდეგ ქალი?

–  ალბათ იმიტომ,–არ დაიბნა გონებმახვილი შოუ,– რომ მამაკაცის შექმნის პროცესში ქალს სულელური შეკითხვებით მისთვის თავი არ შეეწყინა !

* * *     * * *    * * *

 ერთხელ,  ბერნარდ შოუს ენამახვილობით  გაცხარებული ერთი ქალბატონი მოურიდებლად მიეჭრა მას და უთხრა:

– თქვენ რომ ჩემი მეუღლე ყოფილიყავით, თავს ვერ შევიკავებდი და ჩაიში საწამლავს ჩაგიყრიდით!!!

– გარწმუნებთ, ქალბატონო, თქვენ რომ ყოფილიყავით ჩემი მეუღლე, იმ ჩაის აუცილებლად დავლევდი!–წყნარად უპასუხა მწერალმა.

   შეიძლება ფიქრობთ, რომ ბერნარდ შოუს ცხოვრება სავსე იყო ათასგვარი სასიყვარულო თავგადასავლით და ის ლოველას ავანტიურისტად წარმოგიდგენიათ, მაგრამ არც ასე იოლად იყო საქმე. დიახ, მას ძალიანაც მოსწონდა ქალები, უყვარდა მათი შეყვარება, მაგრამ უბრალო შეყვარებასა და ფლირტზე წინ საქმე ხშირად არ წასულა.

    ერთხელ, მწერალმა საუკეთესო მეგობრის ცოლის საკუთარ თავზე შეყვარება განიზრახა და დიდი მცდელობის შემდეგ, ჩანაფიქრი მართლაც განახორციელა. თუმცა, გამოუტყდა თუ არა ქალი თავის გრძნობებში, შოუმ მყისვე დატოვა მეგობრის სახლი და იქ აღარასოდეს გამოჩენილა. მისი სიტყვებით თუ ვიმსჯელებთ, ასე მხოლოდ იმიტომ მოიქცა, რომ ზღვარს არ გადასულიყო და გამოუსწორებელი არ მომხდარიყო.

   ზოგადად, ბერნარდ შოუ სიყვარულზე არცთუ ამაღლებული აზრისა იყო: ,,სიყვარული,–ამბობდა ის,–არის შეცდომა, თითქოს ერთი ქალი რამით განსხვავდებოდეს  მეორისგან. ადამიანი, რომელსაც მთელი ცხოვრება ერთი ქალი უყვარს, ან ექიმთან უნდა გავაგზავნოთ ან სახრჩობელაზე“. თუმცა, ამ სიტყვების მიუხედავად, მას უყვარდა ქალები, ოღონდ, უსაფრთხო დისტანციაზე.  სიყვარული შოუსათვის მხოლოდ ეპისტოლარულ ურთიერთობასა და პირად მიმოწერას გულისხმობდა.  სწორედ ამ გზით გააბა მწერალმა სასიყვარულო ურთიერთობა  მაშინდელ დროში ცნობილ ისეთ ქალბატონებთან, როგორებიც იყვნენ მისის პატრიკ კემპბელი  და მსახიობი ელენ ტერი.

  ,,მხოლოდ ფოსტისა და მიმოწერის საშუალებით თუ შეიქმნება იდეალური სასიყვარულო ურთიერთობა. წარმოდგენა ათასგზის სჯობს რეალობას–პირადი ურთიერთობები მხოლოდ აფუჭებს ოცნების დაპირებულ ზღაპარს“–ამბობდა შოუ.  ენაწყლიანი მწერალი  ურთიერთობას ურთიერთობაზე აბამდა ქალებთან და მრავალგზის ამტკიცებდა იმ მარტივ და ყველასათვის ცნობილ ჭეშმარიტებას, რომ ქალებს ყურებით უყვართ. მას ჰქონდა საოცარი ნიჭი ემართა ნებისმიერი საუბარი თუ სიტუაცია  ერთგვარი სიმსუბუქითა და უშუალობით. შეეძლო ერთ წუთში ,,მოესყიდა” ყველაზე სკეპტიკურად განწყობილი მოსაუბრეც კი თავისი ენამახვილი ხუმრობითა და მოულოდნელი ჟესტით.

  მხოლოდ ერთხელ და ისიც ცხოვრებაში სიახლის შეტანის გამო, მწერალმა დაქორწინება გადაწყვიტა და ამის შესახებ, პირველს თავის ვირტუალურ სატრფოს– ელენ ტერის ამცნო. ცნობისათვის, შოუს საკმაოდ ახლო ურთიერთობა ჰქონდა ამ ქალბატონთან და მათ მიმოწერას შემდგარ რომანს უწოდებდა–,,მე ყოველ წუთს შემეძლო შევხვედროდი მას, მაგრამ არ ვისურვე ამ იდეალური კავშირის გაფუჭება. მას ხუთი ქმარი მობეზრდა, მაგრამ ჩემთან არასდროს მოუწყენია“.

       დაქორწინების სურვილი დრამატურგს 43 წლის ასაკში მოუვიდა.  ,,ქორწინება–წერდა შოუ,–მასონთა საზოგადოებას წააგავს. ის, ვინც ჯერ არ გაწევრიანებულა, არაფერი იცის მის შესახებ, ხოლო ვინც მოასწრო–იძულებულია სამუდამოდ დადუმდეს”. მწერლის რჩეული იყო 42 წლის შარლოტა პეინ–ტაუნსენდი, ირლანდიელი მეცენატი და სოციალისტი ქალბატონი.  ალბათ, იშვიათად თუ მოიძებნება მთელი კაცობრიობის ისტორიაში  წყვილი, რომელთაც 45 წლიანი თანაცხოვრების მანძილზე უბიწოება შეინარჩუნეს და სქესობრივი კავშირის ქონისაგან თავისი ნებასურვილითა და ურთიერთშეთანხმების საფუძველზე თავი შეიკავეს. სიმართლე რომ ითქვას, შარლოტას სძულდა ამგვარი ურთიერთობა ქალსა და მამაკაცს შორის. ბერნარდ შოუს კი, როგორც ზოგიერთი მკვლევარი ამტკიცებდა, მხოლოდ ერთხელ მიეცა ქალთან ინტიმური ურთიერთობის საშულება და ისიც კრახით დასრულდა.  შოუ წერდა: ,,ჩემი წარმოდგენით, სქესობრივი აქტი უხამსი და დამამცირებელი მოვლენაა. ვერ წარმომიდგენია, როგორ შეუძლიათ თავმოყვარე ქალსა და მამაკაცს ერთად გატარებული ღამის შემდეგ ერთმანეთისთვის თვალებში ყურება?!“

   შარლოტასთან გატარებული 45 წლის შემდეგ, შოუ საკუთარი ოჯახური ცხოვრების ავ–კარგსა და მეუღლისადმი გრძნობებზე საუბარს ხშირად ერიდებოდა, თუმცა, მისი გარდაცვალების შემდეგ, წლების განმავლობაში ინახავდა შარლოტას ფერფლს, რომელიც, ანდერძის თანახმად, მის ფერფლთან ერთად უნდა მოეფრქვიათ მშობლიური სახლის ეზოში.

  დასასრული საკმაოდ ნაღვლიანი გამოვიდა, რაც, ვფიქრობ, ნაკლებად შეჰფერის მსოფლიო ლიტერატურის ყველაზე დიდ ხუმარას, ამიტომაც, პოსტს ერთი სახალისო (თანამედროვე)  ანეგდოტით დავასრულებ, რომელიც ბერნარდ შოუს უკავშირდება:

  ერთხელ, ერთ ახალგაზრდა, ქერათმიან ქალბატონს ჰკითხეს:

–  რა აზრის ხართ ბერნარდ შოუზე?

– ეგ რომელ არხზე გადის?– ინტერესით იკითხა გოგონამ და ქერა კულული კეკლუცად შეათამაშა.

Gallery | This entry was posted in თარგმანები, ურთიერთობები and tagged , . Bookmark the permalink.

22 Responses to ბერნარდ შოუ ქალების შესახებ

  1. glamtaia says:

    ყველანაირი წარმოდგენა დამეკარგა ამ კაცზე . . .
    შემთხვევიტ ვინმე წინაპარი ქართველიც ხომ არ ჰყავდა ?🙂

  2. finiki says:

    რას არ გაიგებ🙂 საინტერესო ტიპი იქნებოდა ისე🙂

  3. ▲ Natsy says:

    ღმერთო გენიოსი მეგონა ბერნანდ შოუ, და ბოლო ფრაზამ მთლად მომტეხა კისერი :დდ

    • გენიოსი კი იყო, მაგრამ ხომ იცი, ყველა გენიოსს თავისი ბუზები ჰყავს თავში!🙂

    • Lord Vader says:

      ახლა ნამეტანიც ნუ იდარდებ. ქმრიანი ქალები უყვარდა მაგას. ქორწინებამდც და ქორწინების შემდეგაც.🙂 ასეა ცნობილი.
      ჰოდა საკუთარი გამოცდილება რომ ედო წინ, თავად ისეთზე იქორწინა, რქებს რომ არ დაადგამდა. პრაგმატული გათვლა იყო.🙂

      • ▲ Natsy says:

        პრაგმატული კი იყო, მაგრამ რამდენად მისაღები…. :დ

      • რაც მთავარია, პლატონურად უყვარდა ეს ქმრიანი ქალები!!!

        • Lord Vader says:

          ჰმ… მე რაც წაკითხული მაქვს, წერილების ნაწილი გამოქვეყნებული არაა პიკანტური მომენტების გამო – იმიტომ რომ სწორედ ქმრიან და კაი ოჯახიშვილ ქალებს დასტრიალებდა. არ მგონის, მთლად პლატონი ყოფილიყო მაგ საქმეში გარეული.
          და კიდევ ქალის როლებს თავის პისებში თავად ანაწილებდა ხოლმე.🙂

          ისე შოუ არ მევასებოდა, იმიტომ რომ პირწავარდნილი სტალინისტი იყო და საშინელ რაღაცეებს ბოდავდა… თუმცა მოგვიანებით ირლანდიაზე ვკითხულობდი რაღაცეებს და რომ გავიგე, რომ ირლანდიის დამოუკიდებლობის მხარდამჭერი იყო, გული მომილბა. ცოტა.

          ნუ როგორც მწერალს არ ვიცნობ, ასე რომ ეგ იქეთ იყოს.

          • როგორი ინფორმაციულად დატვირთული კომენტარია, ლორდ! გმადლობთ🙂 ახლა იმდენად დავინტრიგდი, უფრო სიღრმისეულად ვაპირებ მისი ბიოგრაფიის შესწავლას.
            რაო? როლებს თვითონ ანაწილებდაო? ჰმ…ჰმ

          • მარტო პიგმალიონისთვის ეკუთვნის ამ კაცს დაფასება, მილორდ🙂 ნუ, ირლანდიელების მხარდაჭერისთვის ასი ათასი რესპექტი❤

  4. შოუ უმაგრესი კაცი იყო და არც საკუთარ თავს აკლებდა მწარე რაღაცებს. ნობელის პრემია იმიტომ მომცა მადლიერმა კაცობრიობამ, რომ იმ წელს არაფერი დამიწერიაო.

    ოღონდ, დედოფალს “თქვენო უმაღლესობავ” რატომ მიმართავდა, ვერ გავიგე. ასე, თუ არ ვცდები, ტახტის მემკვიდრეს მიმართავენ და არა მონარქს.

  5. tami says:

    bolo natils ar vetanxmebi da ise didad visiamovne postis kitxvisas.

  6. Lord Vader says:

    ორ შოუს შორის მე ის უფრო მომწონს, ირვინი რომ ჰქვია.🙂

  7. კარგიაა :))

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s