სტერეოტიპები საშინელებათა ფილმებში

 999699-jack-nicholson-movies-shiningამასწინად, მე და ჩემს დას ერთობ საინტერესო სასაუბრო თქმა წამოგვეჭრა თანამედროვე საშინელებათა ფილმებზე, რეჟისორებისა და სცენარისტების სტერეოტიპულ აზროვნებაზე, ფანტაზიის უქონლობასა და ერთი და იმავე სიუჟეტის მომაბეზრებელ ტრიალზე, რაც ერთგვარად ხსნის იმ ფაქტს, რომ  ვერც ერთი ბოლოდროინდელი „ჰორორი“ ვეღარ აშფოთებს მაყურებლის გონებას და გულნაკლულს უშვებს კინოდარბაზიდან.  ერთ–ერთი ყველაზე ცინცხალი კინოპრემიერა, რომელსაც დავესწარით, იყო გილიერმო დელ ტოროს გოთიკური ტრილერი „ალისფერი პიკი“, რომელიც ამ სეზონის მთავარ და სამწუხარო იმედგაცრუებად იქცა.  დარჩა შთაბეჭდილება, რომ რეჟისორმა საუცბათოდ გადაავლო თვალი საშინელებათა ფილმებში ოდითგანვე დამკვირდებულ ყველა სტერეოტიპულ დეტალს და შემდეგ ასევე ნაუცბათევად შეკრიბა თავის ფილმში.

  ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, „ალისფერი პიკით“ შთაგონებულებმა, გადავწყვიტეთ, შეძლებისდაგვარად გაგვეხსენებინა და ჩამოგვეწერა ყველა ის დეტალი და სტერეოტიპი, რომლებიც ასე ხშირად და ათწლეულების განმავლობაში მეორდება საშინებელათა ფილმების სიუჟეტში.

1. ყველაფერი იწყება ხელით!   როგორც აღმოჩნდა, ადამიანის ხელი სხეულის ყველაზე საშინელი ნაწილია. შემოყოფს ვიღაც ოთახში თავის გამხდარ (აბა მსუქანი ხელის მტევანი არავის აშინებს და), შავ ან სისხლიან ხელს და აქ იწყება ყველა უბედურება.

2. მგონი არ დარჩა ამქვეყნად საშინელებათა ფილმი, სადაც სიბნელიდან ვიღაც არ გიბრუნებს დაკარგულ ბურთს. ეს კლასიკაა! გამოგიგორა არსებამ სიბნელეში ბურთი? მისგან სიკეთეს ნუ დაელოდები და ნურც უკან გაუგორებ, არ მგონია მაინცა და მაინც სათამაშოდ გიწვევდეს.

3. ხშირ შემთხვევაში, როდესაც სცენარისტი რომელიმე პერსონაჟის საშინელ სიკვდილს გეგმავს, ადგილობრივი აბაზანის ონკანიდან სისხლი იწყებს ჩქეფას. ასე რომ, გახსოვდეთ, ფილმში გამოჩენილი ონკანი სიკვდილის წინაპირობაა.

4. ამბობენ, მოჩვენებებს ბნელი ღამეები უყვართო. მე კი დავამატებ, რომ მათ ღამეზე მეტად ცუდი და ავდრიანი ამინდი იზიდავთ. გინახავთ ოდესმე საშინელებათა ფილმი,  სადაც ურჩხული/მოჩვენება  თბილ და  მთვარიან ღამეს დაადგება მსხვერპლს თავზე?!

5. სხვენსა და სარდაფებს მხოლოდ ღამით, და ისიც, სანთლის შუქზე ათვალიერებენ. ეს ერთგვარი აქსიომაა: არ იცნობ სახლს თავიდან ბოლომდე და გიჟდები ისე გინდა დაათვალიერო? გაიღვიძე შუა ღამის 1–2 საათზე, აანთე სანთელი და გაემართე ახალი შეგრძნებებისა და თავგადასავლების საძებნელად. გამართლება გარანტირებულია, რადგან ზუსტად იპოვი იმას, რასაც ეძებდი!

6. ფანჯრის წინ ვიღაცის ლანდი დანავარდობს. ღამით, ნახევრად განათებულ ან სრულიად ბნელ ოთახში მდგარი მსხვერპლი ამჩნევს, რომ ფანჯარასთან ვიღაც აყუდებულა და გაფაციცებული იყურება შიგნით.

7. აბსოლუტურად ყველა ბავშვის (განურჩევლად მათი ასაკისა, სქესისა და რელიგიური შეხედულებისა) ღამის კოშმარი საწოლის ქვეშ იმალება. არ თქვათ, რომ ბავშვობაში, როდესაც მშობლები დასაძინებლად გიშვებდნენ მარტოს, არასდროს შეგიხედავთ საწოლის ქვეშ, სადაც მწვანე, ბანჯგვლიანი ხელი გეგულებოდათ.

8. სახლი, რომელიც არ გიშვებს ან ცოცხალი სახლი! – საკმაოდ გაცვეთილი, მაგრამ ჯერ კიდევ კარგად მომუშავე სიუჟეტია. თავის ნებაზე მონავარდე კარები, რომელიც უნდა შეგიშვებს და უნდა აღარ გამოგიშვებს; სხვენი, რომელიც თავისებურ ხმებს გამოსცემს; ნივთები, რომლებიც გადაადგილდებიან; ელექტრო–ტექნიკა, რომელიც ასევე თვითნებურად ირთვება და მოსაკლავად მისდევს ცოცხალ ადამიანს.

9. აღარ დარჩა ჰოლივუდში არც ერთი თავმოყვარე რეჟისორი, რომელიც თავის „ჰორორში“ ერთხელ მაინც არ ამოახოხებს სახლის კიბეზე პოლტერგეისტს. კ/ფ „ეგზორცისტის“ შემდეგ, კიბეზე მოფორთხიალე არსების კულტი თითქმის ყველა საშინელებათა ჟანრის ფილმში ფიგურირებს.

10. თუკი ვინმეს გგონიათ, რომ სახლის აბაზანა მხოლოდ ბანაობისთვისაა განკუთვნილი, მაშინ სასტიკად ცდებით, რადგან აბაზანა, სხვენთან და სარდაფთან ერთად ერთ–ერთი ყველაზე საშიში და დაუცველი ადგილია თქვენს სახლში. აი მაგალითად, 90% საშინელებათა ჟანრის ფილმებიდან აგებულია ფარდაგადაფარებული აბაზანის სცენაზე, და საკმარისია მთვარმა გმირმა გაბედოს და გადასწიოს ეს ფარდა, რომ მას ან იქვე ჩაახრჩობენ ან ისეთ საზარელ რამეს დაინახავს იქ, რომ ჩახრჩობაზე თავად იოცნებებს.

11. სარკე ბოროტებაა! ჩუმი, ლაპლაპა და ღრმა ბოროტება, რომელიც ადამიანის ყველა შიშსა და უბედურ მოგონებას ყველაზე შესაფერის მომენტში ამოატივტივებს ზედაპირზე.  თუ დაკვირვებიხართ სტანდარტულ საშინელებათა ფილმს, საკმარისია მთავარმა გმირმა ჩაიხედოს სარკეში, რომ მის ზურგს უკან იმავე წამს აიტუზება რაღაც საშინელება.

Gallery | This entry was posted in კინო, უკატეგორიო and tagged , , , , , , , . Bookmark the permalink.

2 Responses to სტერეოტიპები საშინელებათა ფილმებში

  1. Kejeradze says:

    ზშირად “შესაშური გაბარიტების” დანა ან ნაჯახიც აუცილებელი კომპონენტია😀

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s