ზღაპრის ტრაგიკოსი ჰანს კრისტიან ანდერსენი (არასაბავშვო ზღაპარი)

   andersen

  „ერთ პატარა და ღარიბულ ქოხში ცხოვრობდა ახალგაზრდა ცოლ–ქმარი, რომელთაც ძალიან უყვარდათ ერთმანეთი. ქმარმა საკუთარი ხელით გამოთალა საქორწინო სარეცელი, რომელზეც ძალიან მალე გაჩნდა პატარა, მყვირალა ბურთი– ეს ვიყავი მე, ჰანს კრისტიან ანდერსენი“.

     რა ასოციაციები გიჩნდებათ ამ სახელისა და გვარის გაგონებაზე? ალბათ წარმოგიდგენიათ ბუხრის წინ მჯდარი კეთილი, მოხუცი მეზღაპრე, გარშემორტყმული ბავშვებითა და თავისი სევდიანი ზღაპრის გმირებით, რომლებზეც უკვე უამრავი თაობა აღიზარდა.  პრინციპში, ასეთივეს ხატავენ ანდერსენს მისივე ზღაპრის ილუსტრატორები, რომლებმაც შესაძლოა ისევე  არ იციან არაფერი მისი რეალური ცხოვრების შესახებ, როგორც ჩვენ. მწერლის ცხოვრების  ისტორია კი ისეთივე სასტიკი და ცივია, როგორიც თავად იყო– მარტოხელა, უკარება და ეგოისტი სიცოცხლის ბოლო წუთამდე. ალბათ ის, რასაც დაბლა წაიკითხავთ, ცოტათი შოკშიც ჩაგაგდებთ და დაგამძიმებთ, მაგრამ მწარე რეალობის ცოდნა სჯობს ბუნდოვან რწმენას იმაზე,  რაზეც აქამდე წარმოდგენაც კი არ გქონდათ.

     მაშ ასე, ვიწყებთ პატარა ჰანსის დაბადებით 1805 წლის 2 აპრილს დანიის პატარა ქალაქ ოდენსში. რა პირობებში დაიბადა ამაზე ზემოთაც მოგახსენთ– თუ როგორ გამოთალა მეწაღე ანდერსენ უფროსმა საკუთარი სარეცელი, მაგრამ არაფერი მითქვას იმაზე, თუ რისგან გამოთალა ის.  მასალა კი, არც მეტი, არც ნაკლები, კუბოს სადგამი ტახტისა იყო, რომელზეც სულ რამდენიმე დღის წინ ერთი დიდებულის  ცხედარი ესვენა.  ჰოდა, სწორედაც რომ ამ „სასიკვდილო სარეცელზე“  დაიბადა პატარა ჰანსი. რა იყო ეს – ბოროტი დამთხვევა, რაიმე წინასწარმეტყველება თუ ბედნიერი ნიშანი?  ამაზე ოდნავ ქვემოთ, თუმცა იმასაც გეტყვით, რომ  სიკვდილის თემა ლეიტმოტივად გასდევს მთელ მის შემოქმედებას.

   ჯერ კიდევ ძალიან  პატარას, ჰანს კრისტიანს ღრმად სჯეროდა, რომ მისი მშობლიური ქალაქის გვერდით არის ჯადოსნური სახელმწიფო, რომელზეც ასე ხშირად უყვებოდა დედა თავის ზღაპრებში. თუმცა, ძალიან მალე ბიჭუნა მიხვდა, რომ რეალური ცხოვრება არც თუ ისეთი უღრუბლო და უდარდელია, როგორც დედიკოს ზღაპრებში.  პატარა ჰანსი ხშირად ხდებოდა მეზობელი ბავშვების დაცინვისა და ცემის ობიექტი. მას აგორავებდნენ ტალახში, უმოწყალოდ სცემდნენ და აგინებდნენ, ის კი შიშისაგან გაურბოდა ადამიანებთან კონტაქტს და თავს სახლთან ახლოს მდებარე უღრან ტყეს აფარებდა, რომელსაც ძალიან უფრთხოდა მთელი ოდენსი. ხალხი ამბობდა, რომ ტყის სიღრმეში უწმინდურ სულებს დაედოთ ბინა და იქ ათასგვარ საძაგლობებს სჩადიოდნენ.  ეს უცნაური ამბავი კი, რომელმაც ჰანსის მთელი ცხოვრება შეცვალა სწორედ ამ  ტყეში მოხდა.  იმ დღეს ბიჭუნა ადრიანადვე წავიდა მაყვლის საკრეფად და სიღრმეში შესული მიხვდა, რომ გზა აებნა და ამ ადგილს სრულებითაც ვერ სცნობდა. ბევრი იარა თუ ცოტა იარა, მიადგა ერთ ძველებურ და ცოტათი გვერდით გადახრილ ქოხს. ბიჭუნას ახლაღა გაახსენდა დედის არაერთი გაფრთხილება, რომ ტყის შუაგულში მდგარ ძველ სახლს უნდა ერიდოს და ახლოსაც არ გაეკაროს.  ის იყო პატარა ბიჭუნა გაქცევას აპირებდა, რომ ქოხის კარი გაიღო და იქიდან საშინელი მოხუცი გამოძვრა, მისმა  საზარელმა შესახედაობამ და ღრმა, ზღვისფერმა თვალებმა უცნაურად მიიტყუა ბიჭუნა და მოხუცის შინ შეპატიჟებას თავისდაუნებურად დათანხმდა.  დედაბერი შეშინებულ ბიჭს ბალახის ნახარშითა და ტყის ველური ვაშლებით გაუმასპინძლდა.  ცოტათი მოღონიერებულმა ჰანსმა მთელი ძალა მოიკრიბა და შიშის მიუხედავად მაინც შეჰკადრა მოხუცს:

–მართალს ამბობენ, რომ ყველაზე ყველაფერი იცით და ხედავთ? –დედაბერმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და ეშმაკურად ჩაიცინა.

–მაშ, ჩემზეც მითხარით რამე, რა მომელის?

–არ მოგეწონება რასაც გაიგებ…–უპასუხა მოხუცმა, თუმცა ბიჭის დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ ასეთი რამ უთხრა:

–როდესაც სახლის გზას დაადგები, კარგად დაიმახსოვრე, რასაც დაინახავ, შენს ცხოვრებაში ეს მალე მოხდებაო.

   დედაბერმა მალევე გაისტუმრა შინისაკენ ბიჭუნა და გამხმარი ფოთლებით გატენილი პატარა ტოპრაკი აჩუქა, თან დაარიგა, ეს კარგად შეინახე, ავი თვალისაგან დაგიცავს და წარმატებასაც მოგიტანსო. ეს საჩუქარი ჰანს კრისტიანს სიცოცხლის ბოლომდე არ მოუშორებია გვერდიდან.  მოხუცის სიტყვები კი მალევე ახდა, რადგან გზაზე მიმავალ ბიჭს ნისლში თეთრ სმოსში გამოწყობილი თავისი მამა მოელანდა, რომელიც წყლის პირას იდგა და გადახტომას ლამობდა. მოჩვენება მალევე გაქრა. სახლში დაბრუნებულ ბავშვს მამა სახლში დახვდა, თუმცა, მეორე დილით მან მოულოდნელად შეკრა ბარგი და ომში მოხალისედ წავიდა, ისე რომ მრავალშვილიანი ოჯახი უპატრონოდ და ულუკმაპუროდ დატოვა. ომიდან ის ცოცხალი დაბრუნა, თუმცა, გაფუჭებული ფსიქიკითა და ჯანმრთელობით. ანდერსენ უფროსმა დაბრუნებიდან რამდენიმე თვე იცოცხლა და მალევე გარდაიცვალა. მისი ცხედარი კი ჰანსმა იპოვა სამზარეულოში, როდესაც ერთ დროს ტყეში ნანახმა  უცნაურმა კოშმარულმა სიზმარმა კვლავ შეახსენა თავი და ცივ ოფლში გამოაღვიძა.

      მას შემდეგ, სიკვდილის თემამ ღრმად დაიმკვიდრა ადგილი მის შემოქმედებასა და შიშებში.   ანდერსენს ორგანულად არ უყვარდა საკუთარი ზღაპრების კეთილი დასასრული და დაწერდა თუ არა დადებით ფინალს, მაშინვე გადააკეთებდა და გმირის ტრაგიკული სიკვდილით ასრულებდა.  მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში ავტორი ავლენდა არაჯანსაღ ინტერესს სხვადასხვა სახის სიკვდილისადმი. მისი გმირები იხოცებოდნენ ამოუხსნელ ვითარებაში და ყოველგვარი მიზეზის გარეშე. ალბათ ცოტათი საშიშიც კია იმის შეცნობა, რომ მსოფლიოს ბავშვებისთვის საყვარელი მთხრობელი საკუთარ ზღაპრებში ისეთ სისასტიკესა და ცინიზმს აღწერდა, რომელსაც ვერა და ვერ ფარავდა მასში გაცხადებული მორალი.  პრინციპში, ავტორის სისასტიკე არც თუ ისე ძნელი ასახსნელია იმის გათვალისწინბით, რომ ის მუდმივად იყო დაცინვისა და ცემის ობიექტი. უკვე საკმაოდ წამოზრდილსაც კი, მას აყენებდნენ დაუმსახურებელ შეურაცხყოფას და ამცირებდნენ სახალხოდ. იქნებ სწორედ ეს მწარე  ცხოვრებისეული   გამოცდიელბა და სამაგიეროს გადახდის სურვილი (თუნდაც საკუთარი პერსონაჟებისთვის) გახდა ზღაპრებში აღწერილი მოვლენების მიზეზი?  „მახინჯი იხვის ჭუჭული“– პრაქტიკულად ალეგორიული ასახვაა მწერლის მიერ განვლილი იმ მძიმე გზისა, როდესაც ყველასაგან მიტოვებული და მიგდებული პატარა იხვი (ჰანს კრისტინაის ბავშვობა) ულამაზეს გედად იქცა – გახდა მსოფლიოში აღიარებული და დაფასებული მეზღაპრე, რომელსაც თავის ტოლივით  აღიქვამდნენ დიუმა, ჰიუგო, ჰაინე, დიკენსონი და ვაგნერი.   მისი ზღაპრული ბოროტება კი ერთგვარ ზიარებად იქცა პატარა ადამიანებისათვის რეალური ცხოვრებისეული სისასტიკის წინააღმდეგ.

skazki0206

   დავუბრეუნდეთ ისევ მის ცხოვრებას და თანამედროვეთა მიერ აღწერილ მეზღაპრეს. შესაძლებელია თუ არა წარმატებული კარიერის აწყობა მუდმივი ტირილითა და ვაებით? კატეგორიულად არა– ამას ნებისმიერი ფსიქოლოგი გეტყვით. აი ჰანსმა კი შეძლო.  მამის გარდაცვლაების შემდეგ, 15 წლის მოტირალ ბიჭუნას ცოდვა–სიბრალულის გამო იღებენ სამეფო თეატრის დასში, სადაც მეორეხარსიხოვან როლებს ასრულებს, აქედან კი იწყება მის ნაცნობობა სამეფო კარის დიდგვაროვან წარმომადგენლებთან და ერთგვარი კარიერული აღმასვლა. თუმცა, სანამ მისი  საქვეყნო  წუწუნი და გოდება  გულს უჩუყებდა ყველაზე გულცივ ადამიანებსაც კი, მწერალი სერიოზული ფობიებით დაავადდა. მას მუდმივად ეშინოდა  გაძარცვის, დაქირავებული მკვლელების,  ძაღლების, პასპორტის დაკარგვის.  ეშინოდა სიკვდილის წყალსა თუ ცეცხლში. ყოველთვის თან დაატარებდა  თოკს, რათა ხანძრის გაჩენის შემთხვევაში სახლიდან თავი დაეღწია. ეშინოდა ცოცხლად დამარხვის და ყოველ ღამე, ძილის წინ ტუმბოზე ტოვებდა წერილს, სადაც ეწერა: „მე არ მოვმკვდარვარ!“

   მთელი ცხოვრება ჰანს კრისტიან ანდერსენი იტანჯებოდა კბილების ტკივილით და ღრმად სჯეროდა, რომ პირში კბილების რაოდენობაზე პირდაპირ იყო დამოკიდებული მისი შემოქმედებითი ნაყოფიერება.  და მართლაც, როდესაც მწერალმა დაკარგა  უკანასკენლი კბილი, წერის უნარიც მას მიაყოლა. ხელოვნური კბილების ჩასმის შემდეგ კი – უეცრად დაუბრუნდა.   საშინელ მშიშარას საკუთარი თაყვენისმცემლებისაც კი ეშინოდა და იმ მიზეზით, რომ მისთვის გამოგზავნილი შოკოლადების დიდი შეკვრა არ აღმოჩენილიყო მომწამლავი, ტკბილეული ჯერ ნათესავის ბავშვებს გაასინჯა და რომ მიხვდა, ყველაფერი რიგზე იყო, ისევ უკან წაართვა და მარტომ შესანსლა ყველაფერი.

   ცალმხრივი სიყვარულის თემა კიდევ ერთი საკითხია, რომელსაც ასე უფრთოხდა და ასე აშინებდა ანდერსენს. როგორც ამბობენ, ის მთელი ცხოვრება იყო შეყვარებული ერთადერთ ქალზე, თუმცა, გაურკვეველი მიზეზების გამო გაურბოდა მასთან სიახლოვეს და ბორდელების სტუმრობას არჩევდა. ფობიებით შეპყრობილი ავტორი არც ამ ადგილას იქცეოდა მთლად შესაფერისად და  მსუბუქი ყოფაქცევის ქალბატონებს, არც მეტი, არც ნაკლები, საკუთარი  ფსიქოლოგიური წიაღსვლების  დეტალური აღწერითა და ღრმა საუბრებით აწყენდა თავს– მარტივად რომ ვთქვათ, გულს ცლიდა მათთვის უინტერესო და მომაბეზრებელ თემებზე.

     არცაა გასაკვირი, რომ ცხოვრებისადმი ამგვარი დამოკიდებულების გამო, მისი ზღაპრების დიდი უმრავლესობა ასე ტრაგიკულად სრულდება.  გავიხსენოთ თუნდაც  „პატარა გოგონა და ასანთი“, „ქალთევზა“, „გულადი კალის ჯარისკაცი“. ანდერსენის შემოქმედებაში კვდება ყველაფერი ახალგაზრდა და ლამაზი. ყველაფერთან ერთად, ეს სიკვდილი ისეთი სასტიკი და ცინიკურია, რომ ზრდასრულ ადამიანსაც კი ჟრუანტელი უვლის, არათუ პატარას.  უნებურად მრჩება შთაბეჭდილება, რომ ჰანს კრისტიან ანდერსენის მიზანი სხვა არაფერია, თუ არა ბავშვებისთვის სიკვდილის შიშის დაძლევის მცდელობა და ერთგვარი გაფრთხილება.

   თუკი ფსიქოლოგებს ვენდობით, 7–დან 10 წლის ასაკის ბავშვებს უჩდნებათ პირველი სიკვდილის შიში, რომელსაც მარტო, საკუთარ თავთან განიცდიან და ხშირ შემთხვევაში, ვერ უმხელენ მშობლებს. როგორც ეტყობა, ჰანსს ეს შიში მთელი ცხოვრების განმავლობაში გამოჰყვა და წლებთან ერთად იმდენად გაუმძაფრდა, რომ  მისი დაძლევის სურვილი ერთგვარ ლეიტმოტივად გაჰყვა მთელ მის შემოქმედებას. მაგრამ საკითხავი ისაა, გაიგეს კი ბავშვებმა საყვარელი მეზღაპრის კეთილი  ზრახვის რეალური მნიშვნელობა?

Gallery | This entry was posted in ინტერნეტი, უკატეგორიო, წიგნები and tagged , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s