ბონდი, ჯეიმს ბონდი!

 1962 წლის 5 ოქტომბერს, მსოფლიომ ლეგენდარული ,,ბონდიანის“ პირველი ეპიზოდი იხილა შონ კონერის მონაწილეობით.   2012  ბონდის საიუბილეო წლად ითვლება, რადგან მას შემდეგ, სრული 50 წელი გავიდა. ამ ღირსშესანიშნავ თარიღთან დაკავშირებით, ბრიტანეთსა და მთელ მსოფლიოში  ღონისძიებების მთელი კასკადი იმართება, დაწყებული ბონდის სერიების რეტროსპექტივით, დასრულებული საქველმოქმედო აუქციონებით.

   ის არის სპორტსმენი და ჯარისკაცი, ასტრონავტი და იხტიანდრი, ფინანსისტი და ბიზნესმენი, პლეიბოი და ავანტიურისტი, ბრიტანელი ორმაგი აგენტი და კრიმინალური სამყაროს რისხვა. ის არის მითი, არის ლეგენდა, ლიტერატურული პერსონაჟი და ამავე დროს, რალური ადამიანი.  აი, რას წერს მის შესახებ ავტორი და შემქმნელი იან ფლემინგი: ,,,,ის“ იმ კატეგორიის მამაკაცებს მიეკუთვნება, რომლებზეც გულის სიღრმეში ყველა ქალი ოცნებობს. ,,ის“ იმ ცხოვრებით ცხოვრობს, რომლითაც ყველა მამაკაცი სიამოვნებით იცხოვრებდა. განა ყველა ჩვენგანი არ ნატრობს ცხოვრობდეს უმაღლესი კლასის სასტუმროში, აგემოვნებდეს მსოფლიოში საუკეთესო  კერძებს და  დადიოდეს პირველი კლასის ავტომობილებით?“ მას ეს ყველაფერი აქვს! მაშ ვინ არის ის?  ქალბატონებო და ბატონებო, თქვენს წინაშეა ბონდი, ჯეიმს ბონდი!

    ალბათ, გეგონათ, რომ რეალურად არ არსებობდა ადამიანი, რომელსაც შეეძლო წყლიდან მშრალად ამოსვლა, საგულდაგულოდ ჩარაზული ციხესიმაგრიდან გამოღწევა და თვითმფრინავიდან უპარაშუტოდ გადმოხტომა, მაგრამ მწარედ ცდებოდით, რადგან ასეთი სუპერ გმირები არსებობდნენ და სავარაუდოდ, დღესაც არსებობენ.

  1908 წლის 28 მაისს, პარლამენტარ ვალენტინ ფლემინგისა და ეველინ სენტ-კურას ოჯახში, დაიბადა ,,ჯეიმს ბონდის“ მომავალი ავტორი იან ლანკასტერ ფლემინგი.   მაღალი წრის ოჯახის შესაფერისად, ახალგაზრდა იანი იტონის სასწავლებელში გაამწესეს, თუმცა სწავლა-განათლების საკითხი აშკარად არ იყო ის, რაც იმ დროს ფლემინგს ანაღვლებდა, მისი დროსტარებისა და სასიყვარულო თავგადასავლების ამბავი ყველასათვის კარგად იყო ცნობილი. ამ პერიოდში, იღუპება  მამამისი (მის გარდაცვალებას ნეკროლოგი თავად უინსტონ ჩერჩილმა მიუძღვნა), იანი კი ტოვებს სასწავლებელს, თუმცა, ძალაუფლების მოყვარე  დედის დაჟინებული თხოვნით, სწავლას სენდჰერსტის  სამხედრო  აკადემიაში აგრძელებს.  ალბათ  ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ გასაგები მიზეზების გამო, მომავალი მწერალი სწავლას გულს ისევ  ვერ უდებს. მოგვიანებით, თავზეხელაღებული ფლემინგი ავსტრიის ქალაქ კიცბიუელში მიემგზავრება, სადაც კერძო სკოლაში ეუფლება ფსიქოლოგიას, შემდეგ, ირიცხება მიუნხენისა და ჟენევის უნივერსიტეტებში. ამავე დროს, ეუფლება გერმანულ, ფრანგულ და რუსულ ენებს. ცოტა ხანში კი, ბრუნდება ლონდონში და უფროსი ძმის, პიტერის მსგავსად, სააგენტო ,,რაიტერში“ იწყებს მუშაობას რეპორტიორად.

    1933 წლის აპრილში, ფლემინგი მიემგზავრება მოსკოვში, სადაც შპიონაჟში ეჭვმიტანილი ბრიტანელი ინჟინრების საქმეს აშუქებს, ხოლო 1939 წელს, ისევ ბრუნდება, აწ უკვე ,,ლონდონ თაიმსის“ კორესპონდენტის ამპლუაში, თუმცა, მისი ვიზიტის რეალური მიზეზი სულაც არ არის ჟურნალისტური საქმიანობა, ახალგაზრდა იანი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დავალებით, საიდუმლო ცნობების შესაგროვებლადაა მივლენილი. როგორც აღმოჩნდება, ფლემინგი იმდენად კარგად შეასრულებს დავალებას, რომ იმავე წლის გაზაფხულზე, დაინიშნება ადმირალ ჯონ გოდფრის პირველ თანაშემწედ. საიდუმლო სამსახურის ოფიცრის რანგში, ფლემინგმა ომის დასრულებამდე დაჰყო.  მის სპეციალიზაციას  ძირითადად ე.წ. ,,შავი პროპაგანდა“ წარმოადგენდა. მოგვიანებით, ისიც ხდება ცნობილი, რომ ჯეიმს ბონდის ცნობილი ავტორი, აქტიურ მონაწილეობას იღებდა  ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურის მიერ ჩატარებულ სპეცოპერაცია ,,ულტრაში“, რომელიც ,,ენიგმას“ კოდის დეშიფრირებას გულისხმობდა. ამ სპეცოპერაციაში, ფლემინგთან ერთად, მონაწილეობდა ცნობილი აგენტი უილიამ სტივენსონი, რომლის სამხედრო გმირობები მრავლადაა აღწერილი აგენტ 007-ის თავგადასავლებში.

  1944 წელს, იან ფლემინგი, ერთ-ერთი საიდუმლო დავალების შესრულებისას, მივლინებით ხვდება კუნძულ იამაიკაზე. ის პრაქტიკულად შეყვარებულია ამ კუნძულზე. ლონდონში დაბრუნებისას კი,  თხოვნით მიმართავს თავის მილიონერ მეგობარ აივორ ბრიუსს, რათა მიჰყიდოს ამ სამოთხის პატარა ნაწილი. იამაიკაზე, ფლემინგი აშენებს ბუნგალოს, რომელსაც ერთ-ერთი სპეცოპერაციის საპატივცემულოდ ,,ოქროს თვალს“ golden eye არქმევს.  სხვათა შორის,  აქვეა გადაღებული ჯეიმს ბონდის პირველი ეპიზოდი ,,დოქტორი ნო“.

  ომის შემდგომ, ფლემინგი პოლიტიკური დაზვერვის, MI6-ის თანამშრომელი ხდება. აქვე მუშაობს მისი ძმა, პიტერ ფლემინგი. 1946 წელს კი, სადაზვერვო სამსახურის დატოვების შემდეგ, ფლემინგი გაზეთ „სანდი თაიმსის“ საზღვარგარეთის განყოფილებას უდგება სათავეში. ის ბევრს მოგზაურობს, წერს სტატიებს, ამზადებს რეპორტაჟებს, თუმცა რეალურად, ოცნებობს დაწეროს წიგნი სუპერაგენტზე. მის აზრს აქტიურად უჭერს მხარს კოლეგა-აგენტი და ბრიჯის პარტნიორი, მწერალი სომერსეტ მოემი. თუმცა, რეალურად, ამ იდეის ხორცშესხმაში, ფლემინგს ახალშერთული ცოლი, ლედი ენნ როტემერი ეხმარება. მართლაც, 1952 წლის იანვარში, ფლემინგი იწყებს ჯეიმს ბონდის პირველი წიგნის, ,,კაზინო როიალის“  წერას. ექვს კვირაში, წიგნი დასრულებულია. იმ დროისათვის, ფლემინგის პირველი და ყველაზე აქტური მკითხველები  არიან ისეთი პიროვნებები, როგორებიცაა: ჯონ კენედი, უინსტონ ჩერჩილი, ენტონი იდენი, ალენ დალესი და სხვანი.

   თავისი ცხოვრების მანძილზე, იან ფლემინგი ჯეიმს ბონდის 12 რომანსა და მოთხრობების 2 კრებულს წერს.  ავტორი 1965 წლის 12 აგვისტოს გარდაიცვალა. ის სევენ ჰემპტონის სასაფლაოზეა დაკრძალული.

   იან ფლემინგის ბიოგრაფიის გაცნობისას, ალბათ ყველანი მიხვდებოდით, რომ ცნობილი სუპერაგენტის პროტოტიპი თავად მისი ავტორია, რომელმაც თავის გმირს მემკვიდრეობით უსახსოვრა თავისივე სამხედრო წოდება, სამსახური, ხასიათის ძირიტადი შტრიხები, სიმაღლე, თვალის ფერი, ვარცხნილობა; ყავის, სიგარის, ერბოკვერცხისა და მოკლემკლავიანი მაისურების სიყვარულიც კი.   თუმცა, ფლემინგისა და ბონდის თავყვანისმცემელი მკვლევარები პერსონაჟის ჩამოყალიბებაში მისი ავტორის თანამედროვე აგენტებისა და მეგობრების კვლასაც ხედავენ.

  ბრიტანეთის  საიდუმლო სამსახურების მკვლევარი დონალდ მაკკორმიკი წერს, რომ ჯეიმს ბონდის პროტოტიპად, თავად ავტორის, იან ფლემინგის გარდა, მოიაზრება კიდევ ორი, იმ დროისთვის ძალზე ცნობილი აგენტი- სიდნეი რეილი და დუშკო პოლოვი. ამ ვარაუდს თავად ავტორიც ადასტურებს, როდესაც პირად ჩანაწერებში აღნშნავს, რომ მისი ბონდი, თავისი გმირობებით გაცილებით ჩამოუვარდება სიდნეი რეილის, რომლის საიდუმლო გაუჩინარების საქმითაც ფლემინგი მოსკოვში ვოიაჟისას დაინტერესდა. არ არსებობს არც ერთი ცნობა თუ დოკუმენტი, რომელიც ამ ცნობილი ორმაგი აგენტის ცხოვრების ბოლო წლებს ეხება. მისი საქმე საიდუმლოებითაა მოცული და რამდენიმე ვერსიას მოიცავს: ზოგი ამბობს, რომ საიდუმლო ვითარებაში დახვრიტეს, ზოგიც-რომ გააპარეს და კონსპირაციული სახელით ცხოვრობდა უცხო ქვეყანაში, სხვანი კი ამტკიცებდნენ-ერთ-ერთ ყველაზე გასაიდუმლებულ ციხეშია გამოკეტილიო.

    რაც შეეხება მეორე აგენტ დუშკო პოლოვს, თუკი მის ავტობიოგრაფიას გადაავლებთ თვალს, მიხვდებით, რომ მსგავსება მასა და ჯეიმს ბონდის თავგადასავლებს შორის ძალიან დიდია. სწორედ დუშკოს მიეწერება ,,პერლ-ჰარბორის“ ცნობილი საქმის წინასწარი გამოძიება. ამასთან, ფლემინგს პირადადაც ჰქონდა შეხება დუშკოსთან. მათი ცხოვრების ეს ეპიზოდი კი კარგადაა აღწერილი ,,კაზინო როიალის“ ცნობილ სცენაში, როდესაც აგენტი 007 დიდ თანხაზე ეთამაშება ,,კაგებეს“ აგენტ ლე შიფრს და პრაქტიკულად, მშრალზე ტოვებს ამ უკანასკნელს. როგორც გაირკვა, ფლემინგი ამ ამბის უშუალო მომსწრე და მონაწილეც  ყოფილა.

    აგენტ პიტერ ტაზელაარის ცხოვრებაში მომხდარი სიტუაციაა აღწერილი ბონდიანას ცნობილ სიუჟეტში, როდესაც წყლიდან მშრალად ამოსული ბონდი კაზინოსაკენ მიემართება.  1940 წელს,  ტაზელაარი პარაშუტით დაეშვა ნიდერლანდების ერთ-ერთი ქალაქის სანაპიროზე. მან გაიხადა დამცავი კოსტიუმი და დარჩა ოფიციალურ საღამოს ფრაკში, შემდეგ კი, გაემართა ადგილობრივი კაზინოსაკენ. მეტი დამაჯერებლობისათვის მოხერხებულმა აგენტმა, კოსტიუმზე ჰენესის კონიაკიც მიისხურა.

 გარდა დასახელებულებისა, არსებობს კიდევ სხვა ვერსიებიც სუპერაგენტის რეალურ პროტოტიპებზე. ერთ-ერთი ასეთია ედვარდ ეიო-ტომასი, რომელსაც ,,თეთრ კურდღლად“ მოიხსენიებდნენ. როგორც ბრიტანელი ისტორიკოსი სოფი ჯეკსონი საკუთარ წიგნ ,,ჩერჩილის თეთრი კურდღელი: რეალური ჯეიმს ბონდის ნამდვილ ისტორიაში“ აცხადებს,  იან ფლემინგი კარგად იცნობდა ეიო-ტომასს, რომელიც მეორე მსოფლიო ომში იბრძოდა და საკონცენტრაციო ბანაკ ბუხენვალდიდან გაიქცა.  ჯეკსონის გადმოცემით, ეიო-ტომასიც ჯეიმს ბოდნივით დიდი წარმატებით სარგებლობდა ქალებს შორის. ჯეიმს ბონდის მსგავსად, ისიც ბევრჯერ ჩამოუგდიათ პარაშუტით ოკუპირებული საფრანგეთის ტერიტორიაზე. ამასთან, ჯეიმისისა და ეიო-ტომასის ბიოგრაფიები იმ დროსაც ემთხვევა, როდესაც ეიო-ტომასი, სრულიად შემთხვევით აღმოჩნდა ლიონის გესტაპოს შეფ კლაუს ბარბიესთან ერთად საერთო კუპე-რესტორანში, მსგავსი ეპიზოდი ბონდიანის მოყვარულებს გაახსენდებათ ფილმიდან ,,სიყვარულით რუსეთიდან“, როდესაც აღმოსავლეთის ექსპრესში მტერთან საერთო მაგიდაზე მოხვედრილი ჯეიმსი მას მოკავშირედ აცნობს თავს.

 მოკლედ, შევეშვათ ორმაგ აგენტურასა და სპეცდაზვერვას და ,,ბონდიანას“ კინოეკრანიზაციას შევეხოთ.  როგორც უკვე მოგახსენეთ, ჯეიმს ბონდის ეკრანული ვერსია ნახევარი საუკუნის წინათ გამოჩნდა და მას შემდეგ არ კარგავს აქტუალობას. მსოფლიო კინოეკრანებზე მალე გამოჩნდება ბონდის 23-ე ფილმი-skyfall დენიელ კრეიგის მონაწილეობით. ის რიგით მეექვსე მსახიობია, რომელიც მკვლელობის ლიცენზიის მფლობელ აგენტ 007-ს განასახიერებს. მანამდე კი იყვნენ: შონ კონერი, ჯორჯ ლეიზენბი, როჯერ მური, ტიმოტი დალტონი და პირს ბროსნანი. ბონდის საგის მოყვარულებს ყველას გვაქვს ჩვენ-ჩვენი საყვარელი ვერსია.  პირადად ჩემი ფავორიტი, მაინც ყველაზე ადამიანური, ემოციური და ცოტათი ნევროტული დენიელ კრეიგის ბონდია. როგორც კრიტიკოსები აღნიშნავენ, skyfall ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფილმი იქნება ბონდიანას ისტორიაში. მაგრამ, როგორც ამბობენ, ასჯერ გაგონილს, ერთხელ ნანახი ჯობიაო-ჰოდა, მეც ამას ვაპირებ!!!

 სტატია გამოქვეყნებულია ჟურნალ ,,დაქალის” ნოემბრის ნომერში

Gallery | This entry was posted in კინო, ტელევიზია, წიგნები and tagged , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

5 Responses to ბონდი, ჯეიმს ბონდი!

  1. მე არ მომეწონა, ბროსნანინს ბონდიანა უფრო მომწონს

  2. Kejeradze says:

    ბოლო ფილმი არ მინახავს, მაგრამ კრეიგს ვერ აღვიქვამ ბონდად… ბროსნანი ყველაზე მეტად ჯდება ჩემს წარმოდგენაში…

    • ქრეიგი მართლა არ არის კლასიკური ბონდი, მაგრამ ძალიან სიმპათიით განვეწყვე მის მიმართ🙂

  3. mariko says:

    ჯეიმს ბონდი გარდაცვლილიააა????

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s