ბიბლიომანიაკი–სტივენ ბლუმბერგი

      ადამიანი, რომელზეც დღეს მოვუთხრობ მკითხველს, ბევრისთვის უცნობი პიროვნებაა და მისი სახელი და გვარი ალბათ არაფერს გეტყვით. სავარაუდოდ, მის შესახებ ქართველ მკითხველსაც ნაკლებად ექნება გაგონილი და სტივენ ბლუმბერგის პერსონაზე  მხოლოდ მიახლოებითი ასოციაციით ივარაუდებენ, ვინმე თანამედროვე ავტორია თუ მარკ ცუკერბერგის თანაგუნდელიო? მე კი გეტყვით, რომ არც ერთია და არც–მეორე. ბლუმბერგმა სახელი, არც მეტი და არც ნაკლები, წიგნის ქურდობით გაითქვა. ალბათ შემეპასუხებით: ოჰ, კაი რა, წიგნის ქურდი ქურდი არააო, ან ამისთანა რა წიგნი მოიპარა ამ კაცმა, სახელი რომ გაუთქვაო? მე კი გიპასუხებთ: გინდ დაიჯერეთ, გინდ–არა, მან 20 მილიონად შეფასებული 24 ათასამდე წიგნის მოპარვა მოახერხა. აი ბატონო, მოდი და არ გაეთქვა ამისთანა კაცს სახელი. რა თქმა უნდა, სხვა საკითხია, ამას წიგნების დიდი სიყვარულით აკეთებდა თუ უბრალოდ ვიწრო პროფილის კლეპტომანიასთან გვქონდა საქმე, მაგრამ ფაქტი ერთია, სტივენ ბლუმბერგმა მოახერხა და 20–ე საუკუნის უდიდეს წიგნის ქურდად იქცა. რაც გინდათ ის დაარქვით–ბიბლიოფილი, ბიბლიომანიაკი, ბიბლიოკლეპტომანი, მაგრამ ამ კაცმა თავის დროზე იმდენი ,,იღვაწა“ (თავისებურად, რაღა თქმა უნდა), რომ ნამდვილად დაიმსახურა ქართველ მკითხველთან წარდგენის პატივი.

    სტივენ ბლუმბერგი 1990 წლის 20 მარტს დააკავეს 23 600 იშვიათი და რარიტეტული წიგნის ქურდობისთვის აშშ–ს 45 შტატის 268–ზე მეტი ბიბლიოთეკიდან, უნივერსიტეტიდან, მუზეუმიდან თუ საცავიდან. მათი ღირებულება თავდაპირველად 20 მლნ $ შეფასდა, მაგრამ შემდეგ შეიცვალა და გახდა 5,3 მლნ–ად.  ეს იყო ყველაზე მასშტაბური წიგნის ქურდობა აშშ–ს ისტორიაში.  1991 წელს ბლუმბერგი დამნაშავედ ცნეს და 71 თვიანი პატიმრობა შეუფარდეს 200 000 $–ის  შტრაფთან ერთად. 1995 წლის 29 დეკემბერს, ის გაათავისუფლეს. შეგროვილი კოლექცია კი აღნუსხეს და ,,ბლუმბერგის კოლექციის“ სახელით გამოფინეს სპეციალურად შექმნილ საიტზე, რათა წიგნის მეპატრონეებს ადვილად შეძლებოდათ დაკარგული ნივთების იდენტიფიცირება.

   ბლუმბერგის დაკავება მისი ,,მეგობრის“, კენეტ როდესის ჩვენების საფუძველზე მოხდა. ის სამართალდამცავებს წინასწარ გაურიგდა 56 000 $–ის ჯილდოზე ინფორმაციის სანაცვლოდ. როდესი და ბლუმბერგი ერთმანეთს 1970–იანი წლებიდან იცნობდნენ და ,,საქმეზეც“ ხშირად დადიოდნენ ერთად. დაკავებულის ,,მეგობარმა” სასამართლოზე განაცხადა, რომ ბლუმბერგი წიგნის დიდი მოყვარული გახლდათ. ის კითხულობდა ყველგან და ყოველთვის, პრაქტიკულად ღამეებს ათენებდა და გამუდმებით კითხულობდა. სტივენს არც ერთი წიგნი არასდროს გაუყიდია. ის უბრალოდ  აგროვებდა მათ თავის 17 ოთახიან სახლში, აიოვას შტატის ქ.ოტამუაში. ბლუმბერგის იდეა ფიქსი  საუკუნის ყველაზე სახლეგანთქმულ წიგნის ქურდად ქცევა ყოფილა, ცნობილ დევიდ შიმზე უფრო სახელგანთქმულად.

     იშვიათი ნივთებისადმი ინტერესი ბლუმბერგს ბავშვობიდანვე ახასიათებდა.  ჯერ კიდევ ძალიან პატარა ყოფილა, როდესაც სკოლის გზაზე მიმავალი, წმ.პავლეს ვიქტორიანული სტილის სახლებით დაინტერესდა და მალევე დაიწყო ძველი სახელურებისა და ვიტრაჟების შეგროვება სახლებიდან, რის შედეგადაც, თავის ცნობილ წიგნებთან ერთად, ამგვარი ნივთებიც ასობით დაუგროვდა. ვიქტორიანული სტილის არქიტექტურის სიყვარულმა კი  მინესოტას უნივერსიტეტის რარიტეტულ წიგნებამდე მიიყვანა, საიდანაც ყველაფერი დაიწყო.

  1991 წელს, ბლუმბერგის სასამართლოზე გამოვიდა სამართლისა და ფსიქიატრიის დეპარტამენტის დირექტორი, დოქტორი უილიამ ლოგანი და განუცხადა სასამართლოს, რომ სტივენი ახალგაზრდობაში რამდენჯერმე იქნა ჰოსპიტალიზირებული ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, ხოლო 12–მა გამოცდილმა ფსიქიატრმა დაადასტურა მისი ავადმყოფობა, თუმცა, სხვადასხვა დიაგნოზით– ზოგი მას შიზოფრენიას მიაწერდა, ზოგიც –პარანოიას. პროცესის მსვლელობისას ისიც დადგინდა,  რომ ფსიქიური აშლილობისაკენ მიდრეკილება მთელ მის ოჯახს აღენიშნებოდა. როგორც მოგვიანებით ლოგანმა აღნიშნა, ბლუმბერგი ირწმუნებოდა, რომ  წიგნების ქურდობისკენ უბიძგებდა ერთადერთი აზრი, დაეცვა და გადაერჩინა იშვიათი წიგნები განადგურებისაგან. მას სჯეროდა, რომ სახელმწიფო ლიდერებმა პირი შეკრეს, რათა არ მიეშვათ იშვიათ და რარიტეტულ წიგნებთან ჩვეულებრივი ადამიანები, ბლუმბერგმა კი ამ შეთქმულების დარღვევა გადაწყვიტა და ,,წიგნები გაათავისუფლა“. განსასჯელმა დაიფიცა, რომ წიგნების გაყიდვა აზრადაც არასდროს მოსვლია. ის საკუთარ თავს წიგნის მცველს ეძახდა, თუმცა, სიკვდილის შემდეგ, თანახმა იყო, წიგნები რეალური მფლობელებისთვის დაებრუნებინათ, ან ისეთი ნდობით აღჭურვილი ადამიანისთვის გადაეცათ, რომელიც მათ ისევე დაიცავდა და მოუვლიდა, როგორც ამას თავად აკეთებდა.   მოკლედ, მიუხედავად ყველაფრისა, სასამართლომ მისი ჩვენება მტკნარ სიცრუედ მიიჩნია და ბლუმბერგი  გაასამართლეს, თუმცა 4 ½ წლის შემდეგ  გაათავისუფლეს. მაგრამ მოგეხსენებათ, ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო, ამიტომაც ძველ მიდრეკილებებს მაინც არ უღალატა და ქურდობას არ მოეშვა.

   ბლუმბერგის ნაქურდალ წიგნებს შორის, ერთ–ერთი ყველაზე ძვირფასი იყო:  ჰარიეტ ბიჩერ სტოუს ,,ბიძია თომას ქოხის“ პირველი გამოცემა, 1710 წელს გამოცემული ,,რწმენის აღსარება“, 16 საუკუნის ბიშოპის ბიბლია და სხვა და სხვა. ბლუმბერგმა განაცხადა, რომ 100–ზე მეტი ინკუნაბულა 3 წლის განმავლობაში შეაგროვა, მათ შორის, თხის ტყავით გაფორმებული ნურემბერგის ქრონიკების იშვიათი ეგზემპლარი. ასევე სრულად შეაგროვა ,,სამორანო 80“–ის კოლექცია, რომელიც თავის დროზე, 1945 წელს  დონ ავგუსტინ სამორანოს სახელობის ლოს ანჟელესის წიგნის კლუბის ცნობილმა კოლექციონერებმა  შეაგროვეს.

    1997 წელს ბლუმბერგი კვლავ დააკავეს, ამჯერად ანტიკვარიატის ქურდობის ბლარდებით. შემდეგ 2003 წელს – აიოვას შტატში, კეოკუკის სახლის გატეხვისთვის, ბოლოს კი – 2004 წელს, ილინოისის შტატის ქ. ნოკსვილში ჩადენილი ქურდობისთვის.

Gallery | This entry was posted in სხვადასხვა, წიგნები and tagged , , , , , , . Bookmark the permalink.

3 Responses to ბიბლიომანიაკი–სტივენ ბლუმბერგი

  1. კაცი ეგ ყოფილა🙂

  2. Lord Vader says:

    წიგნის ქურდი ქურდი არაა და რავი🙂

    ისე ბაბუაჩემი, ცხონებული ნიკიფორე ამბობდა – ბიბლიოფილობიდან ბიბლიომანობამდე ნახევარი ნაბიჯიაო.

    • ოჰო, როგორ ფილოსოფიურად და ამავე დროს, თანამედროვედ მოაზროვნე ყოფილა ნიკიფორე ბაბუა! 🙂

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s