ბნელ ოთახში

  ბავშვობაში სიბნელის მეშინოდა და როდესაც შუქი ქრებოდა, არანორმალურივით დავრბოდი  ოთახიდან ოთახში და თვალებს ვაცეცებდი, ვინმე ხომ არ მომდევს–თქო? იმ დროს, ფანტომასის მეშინოდა. არანაირი ბუა და გუდიანი კაცი, ამგვარი რამით არასდროს არავის შევუშინებივარ. არა, არც ფანტომასით შევუშინებივარ ვინმეს, ეს მე თვითონ შემეშინდა, როდესაც საკმაოდ პატარამ, ფრანგულ მინი-სერიალ ,,ფანტომასს“ ვუყურე. ის დღე იყო და ის დღე!  მთელი არსებით მჯეროდა, რომ ყველა ოთახის ბნელ კუთხეში, ჩასაფრებული შავი ფანტომასი მელოდა. ღამე დაძინებისაც კი მეშინოდა და ვფიქრობდი, რომ თვალს თუ დავხუჭავ და ძილს მივცემ თავს, აუცილებლად წამიყვანს–თქო. რა საშინელებაა არა? ამ მოგონებაზე, ძალაუნებურად ფრედი კრიუგერი მახსენდება. მაგრამ მე კი არა, მგონი 90–იანი წლების ტოტალურმა უშუქობამ, უგაზობამ, უწყლობამ და უყველაფრობამ ჩემი თაობის ბავშვების დიდი ნაწილი დააჯილდოვა მრავალნაირი ფობიით და სამუდამო დაღი დაგვასვა. ბავშვური შიში ყოველთვის და ყველა დროში არსებობდა, მაგრამ ის ავბედითი პერიოდი კიდევ თავისას შვრებოდა. საიდან სად გადავედი, მაგრამ ზოგჯერ ვფიქრობ, გავძლებდი თუ არა დღევანდელი მე,  ისევ იმ მძიმე პირობებში რომ დავბრუნებულიყავი, როდესაც ღამე ჩაცმულებს გვეძინა, როდესაც შუქის აციმციმება ახალ წელზე მეტად გვიხაროდა, როდესაც პურის რიგში 4 საათის განმავლობაში მდგარი ბაბუაჩემი გათოშილ–გალურჯებული ბრუნდებოდა სახლში და გაყინული, სიმწრით მოპოვებული ჩვენი არსობის პროდუქტი მოჰქონდა ოჯახისათვის; როდესაც სწავლა და კითხვა ლამფის შუქზე გვიწევდა, როდესაც ნავთქურის (კერასინკის) გამონაბოლქვი თავბრუს მახვევდა და ისე მთენთავდა, რომ უგონოდ მეძინებოდა, დედა კი წამდაუწუმ მაფხიზლებდა, არ ჩაგეძინოსო; როდესაც მამაჩემი ცხენის–წყალზე იბრძოდა და არ ვიცოდით, ცოცხალი იყო თუ მკვდარი; როდესაც ქუჩაში გასვლის გვეშინოდა,  როდესაც ეზოში ჩასული ჩემი კლასელი სახლში აღარ დაბრუნდა, როდესაც ყველა ყველას ეჭვის თვალით უყურებდა და ეშინოდა, ყველას ტოტალურად ეშინოდა…. არადა, ჩვენ სწორედ იმ ბნელ და ცივ ოთახებში ვიწრთობოდით და გადარჩენისთვის ვიბრძოდით მაშინ,  როდესაც  ჩვენზე, როგორც პავლოვის ძაღლზე საცდელ წვრთნებს ატარებდნენ. ჩვენ ომგამოვლილი და ნაბრძოლი თაობა გვქვია, და ამისთვის სულაც არ ყოფილა აუცილებელი  ფრონტის წინა ხაზზე დგომა, საკმარისი იყო მხოლოდ აგეტანა და გადაგეტანა ის, რაც ჩვენ მაშინ შევძელით და გავუძელით.  შიშის ზარს მგვრის იმის გაფიქრებაც კი, რომ ეს ჯოჯოხეთი შეიძლებოდა ჩვენს შვილებსაც გამოეცადათ. მადლობა უფალს, ის დრო წავიდა და აღარასოდეს განმეორდება.

   ისე, გვარიანად კი გადავუხვიე სათქმელს, მაგრამ ისევ შიშის თემას თუ დავუბრუნდებით, ყოველთვის მაინტერესებდა, საიდან იღებდა სათავეს ზრდასრულ ადამიანებში ფობიები და შიშები? რაღა თქმა უნდა, ბავშვობიდან – მოვლენები, ადამიანები, საგნებიც კი იმდენად ზემოქმედებენ ჩვენს ფაქიზ ფსიქიკაზე, რომ ამას თავადაც ვერ ვაცნობიერებთ და ბოლომდე ვერ ვხვდებით, როდის და რანაირად დაიწყო ეს ყველაფერი?!  სხვათა შორის, ძალიან არ მიყვარს, მშობლები პატარებს რომ აშინებენ. შვილს არასდროს დავმუქრებივარ და არ დამიშინებია:  (სავარაუდოდ, ამას არც მომავალში ვიზამ) აი, შენ თუ ამას არ გააკეთებ, ესა და ეს მოვა და წაგიყვანს ან შეგჭამს. ყოველთვის იმას ვამბობ: დაე, გაიზარდოს ,,უშიში, ვითარცა უხორცო“, ოღონდ არ ეშინოდეს. ბავშვის ფაქიზი გონება ღრუბელივით ისრუტავს დიდის სიტყვებს და ჩვენს ხუმრობასაც კი ,,ბუკვალურად“ იღებს, ერთმა გაუფრთხილებელმა ნაბიჯმა კი, შესაძლოა, ღრმა კვალი დატოვოს პატარას ფსიქიკაზე (რადგან ყველა ერთნაირად ძლიერი არ არის) და რაიმე  სახის ფობიას დაუდოს სათავე.

   პოსტს  ფრენკ ჰერბერტის სიტყვებით დავასრულებ:

მე არ უნდა მეშინოდეს.

შიში გონებას კლავს.

შიში პატარა სიკვდილია, რომელსაც სრულ განადგურებამდე მივყავართ.

მე თვალებში ჩავხედავ ჩემს შიშს.

 ვაიძულებ მას, გვერდით ჩამიაროს,

მერე კი, თვალს მივადევნებ მის კვალს.

და როცა შიში ჩაივლის, აღარ დარჩება აღარაფერი.

დავრჩები მხოლოდ მე……

 

Gallery | This entry was posted in სხვადასხვა and tagged , , , . Bookmark the permalink.

4 Responses to ბნელ ოთახში

  1. მაგ პურის რიგებში ღამეები მაქვს გათენებული😦 ერთმანეთს ვენაცვლებოდით ოჯახის წევრები. დილიდან იქ უნდა ყოფილიყავი, ღამით მოსული პური რომ შეგხვედროდა.

    სიბნელის აღარ მეშინია, მაგრამ ღრმა დისკომფორტის შეგრძნებას მიჩენს დროდადრო.

    მშვენიერი პოსტია, იალინდა.

    • მადლობა მოლი🙂

      ის, რაც ქართველმა ხალხმა გადაიტანა კოშმარია და აღარასდროს უნდა განმეორდეს!😦

  2. Kejeradze says:

    იმ დროს სიბნელე ისეთი ჩვეულებრივი რამ იყო, არც კი ვიცოდი, რომ უნდა შემშინებოდა… ცხოვრების პირველი 11 თუ 12 წელი თითქმის სულ სიბნელეში მაქვს გატარებული…

    • გეთანხმები, სიბნელეში ჯდომა ჩვენი ბუნებრივი მდგომარეობა იყო, თან მაშინ პატარები ვიყავით და წესიერად ვერც ვაცნობიერებდით რა ხდებოდა ამ ქვეყანაზე. მაგრამ დღევანდელი გადმოსახედიდან, უფრო მძაფრად განვიცდი იმას, რაც გამოვიარეთ😦

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s