ქალთმოძულე შოუ ,,იმედზე” – ,,ქალური ლოგიკა”

  სჯა–კამათი მდედრობითი სქესის დისკრიმინაციაზე, ქალის უფლებების  დაცვაზე ოჯახსა თუ მის საზღვრებს გარეთ, ყოველთვის დიდი მგზნებარებითა და მონდომებით მიმდინარეობს ქართულ საზოგადოებაში და ყველა ერთხმად თანხმდება იმაზე, რომ ნებისმიერი ამგვარი ფაქტი თუ მცდელობა დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გამოვლენილი და აღკვეთილი, თუმცა, როდესაც ქვეყნის ერთ–ერთმა წამყვანმა ტელეარხმა გაგანია პრაიმ–ტაიმში დაიწყო ქალთა მოდგმის დამამაცირებელი შოუს ტრანსლირება, აზრად არავის მოსვლია ამ უკანასკნელის ჭეშმარიტი მიზნის  გარკვევა: ეს მხოლოდ გართობა და იუმორია, თუ სხვისი დამცირება და ამით საკუთარი უპირატესობის წარმოჩენა?

   ,,ქალური ლოგიკა“ ჰოლანდიური პროექტია, რომლის ანალოგებიც არსებობს: აშშ–ში, თურქეთში, უკრაინაში და ახლა უკვე საქართველოშიც. სამწუხაროდ, უკრაინულის გარდა სხვა ქვეყნების მიერ შეთავაზებული გადაცემები არ მინახავს, მაგრამ გარწმუნებთ, რომ უკრაინული და ქართული ,,ქალური ლოგიკა“ ერთმანეთისაგან არაფრით განსხვავდება და ორივე ქალის მორალურ დამცირებას უწყობს ხელს. მოკლედ, ფორმატი ასეთია: შოუში 6 მამაკაცი და  6  ,,თოჯინა“* მონაწილეობს. მამაკაცები 3 გუნდად არიან დაყოფილი, თითოში 2 მოთამაშეა და  ამ ორზე მოდის 2 ,,თოჯინა“ , რომლის აზრთა სვლაც უნდა გამოიცნონ მათივე  გუნდის  მამაკაცებმა. გოგონების ინტელექტის შეფასება ძირითადად მათი გარეგნობის მიხედვით ხდება და ძლიერი სქესის გამჭრიახმა წარმომადგნლებმა ერთი შეხედვითაც კარგად უწყიან, ეცოდინება თუ არა, ამა თუ იმ გოგონას მადუღარას, ნიჩბის, საწერი კალმის თუ ღამის ქოთნის დანიშნულება.  ამგვარი მარტივი  საგნები განგებ დავასახელე, რადგან შეთავაზებული კითხვები და საგნები თავისი შინაარსით არაფრით განსხვავდება ჩემ მიერ ჩამოთვლილისაგან. როგორც ეტყობა, პროექტის მესვეურნი დიდად არ იმტვრევენ თავს შოუს შინაარსობრივ მხარესა და ლოგიკურად ამოსაცნობი, სამსჯელო ტერმინების შერჩევაზე, რაც, ვფიქრობ, ძალიან წაადგებოდა გადაცემას და ერთგვარად, ,,გააკეთილშობილებდა“, მაგრამ…. დამეთანხმეთ, რომ  ყოველდღიური საყოფაცხოვრებო საგნის დანიშნულების ამოცნობას ლოგიკა სრულებით არ სჭირდება, ეს ან იცი, ან არ იცი.  მაშინ, ისმის კითხვა, გადაცემა ქალურ ლოგიკას ეძღვნება თუ მამამკაცურს, რომლებსაც გოგონას გარეგნობიდან და საუბრის შინაარსიდან გამოაქვთ ლოგიკური დასკვნა, უყრია მას თავში რამე თუ არა?

    აქ სრულებით არ ვაპირებ იმის განხილვას, თუ საიდან პოულობენ  გადაცემისთვის ამ ,,ჭურში მჯდარ“ გოგოებს, რომლებსაც ელემენტარულ საკითხებზეც კი არ აქვთ წარმოდგენა და არც ვინმეს გაკიცხვას ვაპირებ, მე მხოლოდ იმის თქმა მსურს, რომ შოუში წარმოდგენილი კონტიგენტი  არ წარმოდგენს ქალური ინტელექტის სახეს და არც ზოგად წარმოდგენას იძლევა მდედრობითი სქესის აზროვნების უნარზე.  ამასთან, ამ გოგონებზე წამოსული ირონია და  ცინიზმი, მაძლევს იმაზე  ფიქრის საბაბს, რომ მათი უფლებები საქვეყნოდ ირღვევა და ამას სერიოზულად არავინ აღიქვამს.

    მავანი შემეკამათება, განა არ იცოდნენ სად მიდიოდნენ და რა ფორმატის გადაცემა იყო? ეჭვი მაქვს რომ არა, რადგან ყველამ კარგად იცის, რომ ამგვარი გადაცემები  წინასწარ იწერება და მათ აწყობილ და დამონტაჟებულ ვარიანტს მონაწილეებს წინასწარ არ აცნობენ. თორემ, საეჭვოა, ამგვარ დამცირებას ასე იოლად დათანხმებულიყვნენ (თუ თანახმანი იქნებიან კიდევ, ღმერთმა შეარგოთ!).  ხოლო რაც შეეხება ტელეკომპანია  ,,იმედს“, მათ მართლა არავისგან ესწავლებათ ქართველი ერის ტოტალურ უვიცობაზე საუბარი და თქმულის, ათიოდე, შემთხევით ქუჩაში გამოჭერილი რესპოდენტით დამტკიცება, როგორც ამას ,,სპეციალური რეპორტაჟის“ ერთ–ერთ გამოშვებაში ჰქონდა ადგილი.

     არადა, თუ დააკვირდებით, დისკრიმინაციული ელემენტები, რომლებიც დასაწყისშივე გვაუწყებს, რა დონის აზროვნებას  უნდა ველოდოთ  მონაწილეებისაგან, გადაცემის ქუდშივე დევს.  დააკვირდით, ჩნდება ჯეკ ნიკოლსონის ფოტო, რომელსაც ერთვის მინაწერი, სერიული მკვლელი.  იმთავითვე ცხადია, რომ მონაწილე გოგონას წარმოდგენაც არ აქვს ვინ არის ჯეკ ნიკოლსონი და ,,ლოგიკურად“ გამოაქვს აზრი, რომ ეს უეჭველი ვიღაც სერიული მკვლელი უნდა იყოს, ისევე როგორც მარადონა–კოლუმბიელი ნარკობარონი, ხოლო ლუჩანო პავაროტი–კრიმინალი.  რატომღაც, მიჩნდება ისეთი შთაბეჭდილება, რომ ეს პროექტი  საბავშვო ,,ეკივოკის“ ქალებზე მორგებული მოდელია, სადაც თავისი განსაკუთრებული ლოგიკით არა პატარები, არამედ ზრდასრული დეიდები გვაოცებენ.

     აი, ასეთები ვყოფილვართ, ქალები!

* თოჯინა – შოუს მონაწილე ლამაზი გოგონა, რომლის ,,ტიკტიკსაც“  გადაცემის მესვეურნი მის წინააღმდეგვე იყენებენ და  ქალური ლოგიკის მცდარ სტერეოტიპს ქმნიან.

About these ads
Gallery | This entry was posted in ტელევიზია and tagged , , , , , . Bookmark the permalink.

4 Responses to ქალთმოძულე შოუ ,,იმედზე” – ,,ქალური ლოგიკა”

  1. Kejeradze says:

    გულწრფელად რომ ვთქვა, მეც კარგად “ვიხალისე” პირველ გადაცემაზე (მგონი კიდევ იყო, მაგრამ აღარ მინახავს). ოღონდ სათაური მაინცდამაინც არ მომეწონა. თავად მონაწილეებმა თვითონ გადაწყვიტონ, “აწყობთ” თუ არა “ჭურში მჯდომის სტატუსი”, მაგრამ მათი ლოგიკისთვის “ქალურის” დარქმევა არასწორი მგონია.

  2. Lord Vader says:

    ნოქომენთ :)

  3. სათაურშია აშკარა შეცდომა, პირველ რიგში შეურაცხყოფას აყენებენ ყველა ქალს, სად ნახეს ასეთი ქალური ლოგიკა, ან რომელ ლოგიკაზეა საუბარი. ;) მე მაქვს კითხვა, სად მონახეს ეს მაზოხისტი გოგონები, ფაქტია სიამოვნებთ დაცინვა :))))

  4. tami says:

    შოუს მონაწილე თოჯინა გოგოები არიან დასახოცები.. არცხვენენ მთელს საქალეთს.. თავად თუ არ აქვთ მეტის პრეტენზია და აზროვნების უნარი , ან მშობელი ან მეგობრები მაინც არ ყავთ?

    გადაცემა კიარა საშინელი მარაზმიადარწმუნებული ვარ დიდხანს ვერ გაქაჩავს და დაიხურება…
    თუმცა ვინ იცის, იქნებ ბევრია მაზოხისტი საქართველოში და რეიტინგიც ქონდეს ქალთმოძულე შოუს?

    სააცილოა 21 საუკუნეში, როდესაც ემანსიპაცია უკიდურეს ზღვარს აღწევს ესეთი შოუები გახდეს პოპულარული. დიდი იმედი მაქვს მალე დახურავენ.

Comments are closed.