ტიმ ბარტონი– ჰოლივუდელი კოშმაროლოგი

   მოკლედ, არც თუ ისე ცოტა ხანია, რაც ჰოლივუდს ერთი გიჟი შემოეჩვია და  ამას არავინ აპროტესტებს.  საშიში არ არის, ადამიანებზე არ იწევს, არც პატარებს ერჩის, უბრალოდ,  სხვებზე ცოტა მეტად ფიქრობს მიწისქვეშეთსა და  ხრწნაში გადასულ მიცვალებულებზე. თმას არ ივარცხნის,  70–იანი წლების სტილზე იცვამს და  ჩონჩხისბუნიკიანი ტროსტით დასეირნობს.  ბავშვობა სასაფლაოს გვერდით გაატარა ქალაქ ბიორბენკში (ბარტონების ოჯახმა რატომღაც ეს ადგილი აირჩია საცხოვრებლად), იქვე თამაშობდა, ალბათ რომელიმე საყვარელი საფლავი და ერთი ამოჩემებული  ეპიტაფიაც ექნებოდა. მისი საძინებლის ფანჯრები აგურებით იყო ამოქოლილი, მხოლოდ პატარა სარკმელი იყო შუქისთვის დატოვებული, რა ექნა? –მშობლებმა ასე გადაწყვიტეს.  სამყაროს შავ–თეთრ ფერებში აღიქვამს, გოთურ სტილში და  შავი იუმორით.

ტიმ ბარტონის   Alter ego  და   Femme fatale    

    ჯონი დეპი და ტიმ ბარტონი ეს ცალკე თემაა. ჯონი ტიმის ალტერ ეგოა,  მისი ტყუპისცალია, მისი  მსახიობური სულის გამოძახილი და იდეალი. ტიმს უყვარს არანორმალური ჯონი, ჯონის კი უყვარს დარტყმული ტიმი. მათი ტანდემი იდეალურია, ერთად ათამდე ფილმზე იმუშავეს და ერთმანეთი ჩამოაყალიბეს. არ ვიცი, შედგებოდა კი ჯონი დეპი იმ დონის მსახიობად რაც ახლაა და იპოვიდა კი  თავის ჭეშმარიტ სტილს, რომ არა ბარტონი, მაგრამ ერთი კი ცხადია, ტიმის  შემოქმედება ჯონის გარეშე წარმოუდგენელი და უხალისოა.

   ვინ შეიძლება იცხოვროს  ტიმ ბარტონის მსგავს ტიპთან, თუ არა ჰელენა ბონემ კარტერმა. ჰელენა  ტიმის მუზაა, რომელსაც არც გრიმი სჭირდება და არც სპეციალური კოსტიუმი ფილმისთვის, ის ბუნებრივად გოთური ზღაპრის გმირია, ჰელენას გარდერობი კი – მეჯღანის ოცნება. ეჭვი მაქვს, რომ ოდესღაც, ვიღაცამ დროის მანქანა შექმნა და მე–19 საუკუნის ინგლისში დაბადებული ჰელენა ჩვენს საუკუნეში გადმოადგო, ტიმმა კი ის იპოვა და საყვარელი ქალის გულამდე გვირაბიც გათხარა.  ჩემი მოგონილი არ გეგონოთ, ტიმ ბარტონმა თავისი და  ჰელენა ბონემ კარტერის მეზობლად მდგარი სახლები  მიწისქვეშა გვირაბით გააერთიანა და  საყვარელ ქალამდე მისასვლელი გზა საგრძნობლად შეამოკლა!

                         

                          კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემს კოშმარში

   ტიმ ბარტონი რომ ერთადერთი და უნიკალურია თავის ჟანრში ეს ცხადზე უცხადესია. მის ხელწერას ყველგან და ყოველთვის ამოიცნობ იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ თავის ჟანრში ბადალი არ ჰყავს და მეორე ასეთი არ არსებობს.  ღმერთს მადლობა, რომ შუა საუკუნეებში არ დაიბადა, თორემ ამგვარი აზროვნებისთვის ცეცხლზე დაწვავდნენ და ეშმაკად შერაცხავდნენ (ვაი თუ მართლა არის!). შეშლილი მეზღაპრე, გოთური სამყაროს გენია, ჯადოქარი მულტიპლიკატორი….  ჩაუგდეთ ბარტონს ხელში  ყველაზე მდარე ხარისხის სცენარი და ის მას კინოშედევრად აქცევს.

     ჩემი და ტიმ ბარტონის ნაცნობობა  ,,ხელმაკრატელა ედვარდით“  დაიწყო: მთის მწვერვალზე აღმართულ ძველ ციხესიმაგრეში მცხოვრებმა მოხუცმა მეცნიერმა შექმნა ადამიანისმაგვარი ქმნილება, რომლის ბოლომდე დასრულებაც არ დასცალდა და გარდაიცვალა. ხელმაკრატელა არსება სახელად ედვარდი კი მარტოდმარტო დარჩა ბედის ანაბარად. რაღა თქმა უნდა,  სიუჟეტური ხაზი ისე ვერ განვითარდებოდა, რომ ცნობისმოყვარე ადამიანებს არ აღმოეჩინათ  ეს საოცრება და საქვეყნო სანახაობად არ ექციათ.

    ფილმი ძალიან პატარამ ვნახე და კარგად მახსოვს, რომ ჩემს ნორჩ და ჯერ კიდევ სუფთა გონებაზე, წლების შემდეგ ათასი  ხარა–ხურით რომ დამიბინძურდა, წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა ბარტონის მიერ დანახულმა ნახევრად ზღაპრულმა ქალაქმა, მკვეთრმა, ნეონისებურად მანათობლემა ფერებმა, ედვარდის  მკვდარივით გაციებულმა სახემ და ვაინონა რაიდერის ულამაზესმა გმირმა.

      1990 წელს გადაღებულმა ,,ხელმაკრატელამ…“ ტიმს მსოფლიო აღიარება მოუტანა.  თუმცა, მანამდე იყო ,,ბეტმენი“ (1989წ.), შემდეგ, ,,ბეტმენი ბრუნდება“(1992წ.), ორივე ფილმში რეჟისორმა მაიკლ კიტონი დააკავა.  ,,ბეტმენის“ ეპოპეის მოყვარულები, რომლებსაც ყველა ეპიზოდი აქვთ ნანახი დამეთანხმებიან, რომ სხვა რეჟისორებისაგან ბარტონის ,,ბეტმენს“ თავისებურად დადგმული შუქ–ჩრდილები და განსხვავებული  გრიმი გამოარჩევს.  ეს ერთგვარად მისი ხელწერაა: კადრი უკიდურესად პირქუშ ფერებშია გადაწყვეტილი,  მსახიობებს  ,,საშინლად“  რეალური,  მკვდრისებური გრიმი  ადევთ და მუსიკა, არ შემიძლია ხაზგასმით არ აღვნიშნო  მისი შერჩეული მუსიკა ფილმებისთვის. ბარტონმა ყოველთვის ზუსტად და ზედმიწევნით იცის რომელ კადრს რა მელოდია  უნდა ედოს, ეს მუსიკა გადაღების პროცესშიც კი მუდმივად ესმის და ფილმს  მთლიანობაში აღიქვამს.   ამასთან დაკავშირებით, უნდა აღვნიშნო,  რომ ჩემი სუბიექტური აზრით, ბარტონის შემოქმედების გვირგვინს და მის საფირმო ნიშანს მაინც  მიუზიკლი–მულტფილმები – ,,კოშმარი შობის წინ“(1993წ.)   და  ,,საცოლის ცხედარი“ (2005წ.)  წარმოადგენენ.  ბარტონი ხომ პირველ რიგიში მულტიპლიკატორი და შემდეგ უკვე რეჟისორია. ,,საზიზღარი ზღაპარი ბოროტი იუმორით“–ასე უწოდებს რეჟისორი თავის ქმნილებებს, რომლებსაც თან ახლავს მაგიური ატმოსფერო, სულის გამყინავი მუსიკა და გოთური შუქ–ჩრდილები. ის მიცვალებულთა სამყაროდან გვილოცავს შობას  და მოპარული დღესასწაულის თავისებურ ვერსიას გვთავაზობს.

   შემდეგ იყო  ,,ედ ვუდი“ და ,,მარსი გვიტევს“.  ეს უკანასკნელი საკმაოდ სუსტი ნამუშევარი გამოდგა, სახალისო, მაგრამ სუსტი. ერთადერთი, რაც კინემატოგრაფს შემორჩება ამ ფილმიდან, ალბათ ბარტონის საყვარელი, მწვანე კაცუნების სასაცილო ესკიზები და თოჯინები იქნება.   1999 წელი,  კინოსამყაროს ფანტასტი მეზღაპრე  ამერიკული ლიტერატურის კლასიკას შეეჭიდა ვაშინგტონ ირვინგის ,,ლეგენდა მთვლემარე ღარტაფზეს“ სახით. სტილისტურად, ,,მთვლემარე ღარტაფი“ ,,ხელმაკრატელა ედვარდისა“ და ,,ბეტმენის“ ნაზავია, თუმცა, არ ჯდება ბარტონისათვის დამახასიათებელი   ,,ხელოვნება ხელოვნებისათვის“  ფილმების სტილში, ის მასებზეა გათვლილი. ლეგენდა  საშინელი ზღაპრის ბადეშია გახვეული და ცოტა კომიკური ელფერიც კი დაჰკრავს, რომელსაც ფილმში ჯონი დეპის შეშინებული  პერსონაჟი ქმნის.

     ბარტონის ახალი ფილმის – ,,მაიმუნების პლანეტის“ გამოსვლა 2001 წელს  ამერიკაში დატირლებულ ტრაგედიას დაემთხვა.  ამ ფილმში რეჟისორი საკუთარ თავს არ ჰგავს, ნამუშევარი  ,,დასერიოზულებულ“ ბარტონს ეკუთვნის.   მე არ მომწონს ასეთი ტიმი.  არ მომწონს ის, რაც არაბუნებრივი და ცოტა არ იყოს, ნაძალადევია მისთვის. ვფიქრობ, მაყურებლის უმრავლესობასაც  ფანტაზიორი და ოცნებებში მოცურავე  ბარტონი უფრო უყვარს, ვიდრე სტანდარტული და დაშტამპული ჰოლივუდის რიგითი ნაწარმი.   ,,შეცდომა“ გამოსწორებულ იქნა 2003 წელს. ,,დიდი თევზი“  რეჟისორმა დაღუპულ მშობლებს მიუძღვნა. ეს არის კლასიკური ფენტეზი, სად ტყუილია და სად მართალი ვერავინ ხვდება. ,,დიდი თევზი“ ლამაზი და კეთილი ფილმების კატეგორიას მიეკუთვნება, ისევე როგორც  ,,ჩარლი და შოკოლადების ფაბრიკა“(2005წ.).  ,,ჩარლი…“ ჭეშმარიტად ბარტონის შვილობილია. როგორც ამბობენ, ტიმმა ყველა თავისი ბავშვობის ოცნება აისრულა ამ ფილმზე მუშაობისას და იმდენი ქნა, რომ კინოსცენარი თავისებურად გადააკეთ–გადმოაკეთა და საკუთარი ვერსია შესთავაზა მაყურებელს. ბარტონის ოცნებები კი  კომპანია ,,ნესტლემ“ დააფინანსა და სპეციალურად ფილმისთვის   1 850 ფილა შოკოლადი დაამზადა.

     როგორ დააკავშირებდით ერთმანეთს საშინელებათა ჟანრსა და მიუზიკლს?  ნახეთ ტიმ ბარტონის ,,სუენი ტოდი: დემონი–დალაქი ფლიტ–სტრიტიდან“ და მიხვდებით, რომ შესაძლებელი მართლაც ყველაფერია. ბენჯამინ ბარკერი კანონმორჩილი, ახალგაზრდა დალაქი იყო ლონდონიდან, ჰყავდა ულამაზესი ცოლი და პატარა ქალიშვილი, როდესაც მის ცხოვრებაში მოსამართლე ტერპინი გამოჩნდა და ცხოვრება დაუნგრია მისი ცოლის ხელში ჩაგდების მიზნით. 15 წლიანი კატორღიდან დაბრუნებული და სრულიად შეცვლილი ბენჯამინი ბრუნდება ლონდონში და შურისძიებას იწყებს. ფილმში წარმოდგენილ სისხლიან სცენებს ორგანულად ერწყმის ზუსტად შერჩეული მუსიკა და საკმაოდ დახვეწილ ნაზავს ქმნის.

    როგორც ზემოთ თქმულიდან შეამჩნევდით, ბარტონმა მრავალ ჟანრში სცადა საკუთარი თავი და ბოლოს მიხვდა, რომ მისი მთავარი მოწოდება მაინც ზღაპარია, გოთური ზღაპარი  ალისაზე. 3D-ში გადაწყვეტილ ,,ალისა საოცრებათა ქვეყანაშის“ მისეულ ვარიანტს მთელი მსოფლიო მოუთმენლად ელოდა. ეს მოლოდინი იმდენად დიდი იყო, რომ როგორც ხდება, ბევრის იმედები ვარ გაამართლა და კრიტიკოსთა ნეგატიური გამოხმაურებებიც მრავლად მოჰყვა. ,,ალისას“ იმ ფილმების კატეგორიას უფრო მივაკუთვნებდი, როდესაც ტრეილერი ორიგინალს სჯობს (ეს ჩემი აზრია). ვერ ვიტყვი, რომ აღვფრთოვანდი ამ ნამუშევრით,  თუმცა, ალისა ერთ–ერთი ის ეტაპია, რომელიც ბარტონს აუცილებლად უნდა გაევლო და კვალის სახით, საუკეთესო თუ არა, ნორმალური ნამუშევარი მაინც უნდა დაეტოვებინა.  არ ვიცი რატომ, მაგრამ მომეჩვენა, რომ  ტიმის მიერ დანახული გმირები, ჩერნობილის ტრაგედიის შედეგად დაზარალებულებს უფრო გვანან (ჯონი დეპსა და მია ვასიკოვსკას არ ეხებათ), ვიდრე ზღაპრის პერსონაჟებს, მაგრამ ბარტონის მთელი ხიბლიც ხომ ამაშია?!

   და ბოლოს, 2012 წელი – მსოფლიო ბარტონის ახალი შედევრის მოლოდინშია. ,,ბნელი ჩრდილები“  1966 წელს გადაღებული ამავე სახელწოდების სერიალის მხატვრული ვერსია–რიმეიქია, რომელიც ვამპირ ბარნაბას კოლინზზე მოგვითხრობს. მთავარ როლში, რაღა თქმა უნდა,  ჯონი დეპს ვიხილავთ. ფილმის პრემიერა მაისის დასაწყისში იგეგმება, ასე რომ, დაველოდოთ  ჰოლივუდელი მეზღაპრის  ახალ კოშმარს და უკეთესის იმედი ვიქონიოთ!

Gallery | This entry was posted in კინო, უცხოეთი, ხელოვნება and tagged , , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

8 Responses to ტიმ ბარტონი– ჰოლივუდელი კოშმაროლოგი

  1. სამივე ფავორიტია ჩემი🙂 ახალ ფილმს ძალიან ველოდები, ფილმში დეპს ისეთი გრიმი აქვს ვერ ვიცანი ფოტოზე :)))

    • და თან ძალიან ახალგაზრდულადაც გამოიყურება ,,ბნელ ჩრდილებში”. ყოველ შემთხვევაში, ფოტო მასალაში ასე ჩანს:)

  2. სანდრო says:

    საინტერესო კაცი ჩანს, ადამსები გამახსენდნენ ამაზე🙂

    • მართალი ხარ:)) შენ ამ ბოლო ფილმის პერსონაჟები უნდა ნახო როგორ გვანან ადამსებს!

  3. Kejeradze says:

    ველოდები ჯონს და ტიმს🙂

  4. vekoo says:

    ამ ბოლო დროს ასეთი ფილმების ყურებას ვერიდები :დ
    მაგრამ ეჭვი მაქვს ჩამოთვლილიდან რაც არ მინახავს რომელიმე გადმომეწერ/შემომეყურება :დ

  5. lizi... says:

    miyvars tim burtoniii…. cemi ert erti sayvareli rejisori!❤

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s