ბასილა vs Gingerbread man

ახალი 2012 წელი დგება და ბევრი საკონდიტრო თუ კაფეტერია ემზადება ამ დღესასწაულის ევროპულად შესახვედრად. უკვე დაიწყეს მზადება ჯინჯერის სახლებისა და ჯინჯერის კაცუნების გამოსაცხობად, რასაც ქართველი  ხალხი აღფრთოვანებითა და სიხარულით  ხვდება, არადა, ბევრმა არ იცის, რომ ორცხობილისაგან ადამიანის ფიგურის ძერწვა საახალწლოდ ჩვენმა წინაპრებმა უხსოვარი დროიდან დაიწყეს და ეს ამბავი ქართველებს არავისგან გვესწავლება!  უბრალოდ, ტრადიცია მიავიწყდათ, დროსთან ერთად გაქრა და ისე გამოვიდა, რომ ახლა ხელახლა ვიწყებთ იმის კეთებას, რაც უკვე კარგად დავიწყებული ძველია და ამავე დროს ჩვენი.  ჩავუღრმავდეთ ისტორიას და გავარკვიოთ, საიდან მოდის ეს ტრადიცია და რომელი  უფრო ძველია, ქართული ბასილა თუ ევროპული ჯინჯერი?

ძველ საქართველოში, ისევე როგორც ყველა წარმართულ ქვეყანაში, ახალი წლის აღნიშვნა დაკავშირებული იყო მზის ღვთაებასთან. მხოლოდ ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ (ახ.წ.აღ-ით IV საუკუნე) ახალი წლის დღესასწაული დაუკავშირეს წმ. ბასილი დიდის ხსოვნას და შესაბამისად, ყველა წარმართული ხანის დღესასწაული იმ დროიდან გადმოქრისტიანულდა. უკანასკნელ დრომდე ქართული საახალწლო სუფრის განუყოფელი ნაწილი იყო პურისაგან გამომცხვარი “ბასილას” ფიგურა.. ქრისტიანული დოგმატიკით ყოვლად შეუძლებელი იყო მისი წარმომავლობა IV საუკუნის შემდგომ პერიოდს დაკავშირებოდა, მით უმეტეს, რომ მართლმადიდებლურ – დიოფიზიტური აღმსარებლობით, ყოველგვარი ქრისტიანული კერპების და ქანდაკებების აგება მკრეხელობად იყო გამოცხადებული. მაშ, საიდან უნდა წარმომდგარიყო ქართულ საახალწლო სუფრაზე “ბასილას” ქანდაკების ტრადიცია?  ცნობილი ქართველი ეთნოგრაფის, სერგი მაკალათიას აზრით, “თავდაპირველად ბასილა არა წმ. ვასილის, არამედ წარმართული ხანის მზის ღვთაების ქანდაკება უნდა ყოფილიყო, ბასილას კვერები კი – მასთან დაკავშირებული ღვთაებანი, რომლებსაც ჩვენი წინაპარნი შორეულ წარსულში შვიდ მნათობთა სახით თაყვანს სცემდნენ. მხოლოდ III საუკუნის შემდეგ, ქრისტიანულმა ეკლესიამ ახალი წლის დღესასწაული წმ. ვასილის ხსოვნას დაუკავშირა და ამ დროიდან ქართულ საახალწლო სუფრაზე მდებარე მზის ღვთაების ქანდაკებას ბასილა ეწოდა”.   სხვათა შორის, ამას ერთგვარად ადასტურებს ის ტრადიციებიც, რომლებიც ძველ აღმოსავლეთში “მზის ღვთაების” კულტთან იყო დაკავშირებული. მაგალითად, ძველ ბაბილონში ახალი წელი მარდუქის – მზის ღვთაების დღესასწაული იყო. მარდუქის კერპს, ისევე, როგორც ბასილას, ცომისაგან ამზადებდნენ და ადამიანის სახით და ცხოველთა ნაწილებით აქანდაკებდნენ. ძველ ეგვიპტეში ოსირისის (მზის ღვთაება) დღესასწაულზე, რომელიც 6 იანვარს იმართებოდა, ამ ღვთაებას ადამიანის სახით ცომისაგან აქანდაკებდნენ.

მაგრამ როგორ ხვდებოდნენ არც თუ ისე დიდი ხნის წინ ახალ წელს ჩვენი წინაპრები და რომელ კუთხეში იყო გავრცელებული ბასილას (კაცის) ფორმის თაფლაკვერის ცხობის ტრადიცია? უძველეს ცნობებს ძველი ქართული საახალწლო ტრადიციების შესახებ ისევ სერგი მაკალათიას დავესესხებით (“ახალწელიწადი საქართველოში“).

გურიასამეგრელო

გურია-სამეგრელოში ახალი წლის პირველ დღეს “კალანდა” ეწოდება. სამეგრელოში ახალ წელს დილაადრიან ოჯახის უხუცესი მამაკაცი ხელში მორთული ჩიჩილაკით (ჩიჩილაკის ბურბუშელები ბასილას თეთრ წვერს აღნიშნავდა და სიწმინდის სიმბოლო იყო) და ღომის მარცვლიანი ჯამით, რომელზეც კვერცხი დევს, სახლიდან გარეთ გადის ახალი წლის მოსალოცად. გარკვეული რიტუალის შესრულების შემდეგ სახლში შემოდის, ჩიჩილაკს კუთხეში მიაყუდებს, ჯამს იქვე მიუდგამს და თვითონ საახალწლო ტაბლას მიუჯდება, რომელზეც ალაგია: ღორის თავი, ბასილა თავის ხაჭაპურებით, ხილი და სხვა. საუზმის დაწყებამდე მეკვლე ოჯახის ყველა წევრს ტკბილეულით “დააბერებს.” საუზმის შემდეგ კი დაიწყება თუთის წკნელებით საახალწლო მილოცვები. ახალწელიწადს გურიაში მამლის ყივილზე მთელი ოჯახი ფეხზე დგება. მამაკაცები კი წმინდა ბასილას ოჯახის ბედნიერებას შესთხოვენ.

მესხეთჯავახეთი

საღამო ჟამს დიასახლისი შეუდგებოდა საახალწლო კვერების გამოცხობას. პირველად გამოაცხობდნენ ბასილას, რომელსაც გრძელი წვერი და ნიგვზის თვალები ჰქონდა. შემდეგ აცხობდნენ: “ხარის ქედის” მრგვალ კვერებს, ცხვრის “ბუჟუნას”, რომლის ცომსაც სახრეზე დაახვევდნენ და ისე გამოაცხობდნენ, “ბედის პური” ცხვებოდა დიდი და შიგ ატანდნენ თეთრ აბაზიანს.

შემდეგ დიასახლისი აცხობდა “ბანის პურებს” და “ქათამ-წიწილას” პურებს, რომელსაც ვაშლის ფორმა ჰქონდა და გარშემო ცომის ნისკარტებს უკეთებდნენ. აცხობდნენ სამეურნეო იარაღების ბედის კვერებსაც: ცელს, გუთანს, ძროხის ცურს, პურის ორმოს, ქერისას და დიკისას.  ამის შემდეგ, ოჯახის უფროსი კვერებს საახალწლო ტაბლაზე დაალაგებდა. შუაში ესვენა ბასილა, რომელსაც ხელები გულზე ჰქონდა გადაჯვარედინებული. თავთან და ფეხებთან ბასილას ბანის პურებს დაუდებდნენ. ტაბლაზე დადებდნენ თაფლიან ჯამს, ჰალვას, გოზინაყს და ტყვიას. ამ ტაბლას ოჯახის უფროსი კერასთან მიდგამდა.  მამლის ყივილისას ამ ტაბლას აიღებდა, ავიდოდა სახლის ბანზე და დარბაზის გვირგვინს სამჯერ შემოუვლიდა ლოცვით; “ერდოსა შენსა შემოვდგი ფეხი, ჩემო ცოლშვილო გწყალობდეს ღმერთი, ფეხი ჩემი, კვალი ანგელოზისა, გწყალობდეს წმ. ბასილას მადლი.”

ქართლი

ქართლში თავდაპირველად აცხობენ ბასილას ქანდაკებას, ოჯახის თითოეული წევრისთვის ორ-ორ ბედის კვერს და თითოს შინაური ცხოველებისთვის. გამთენიისას ოჯახის უფროსი ხონჩაზე ღორის თავს დადებს, ირგვლივ ბედის კვერებს შემოუწყობს და ზედვე ბასილას ქანდაკებას დაასვენებს. ხონჩის ერთ გვერდზე “დასაბერებლად” თაფლში ამოვლებულ პურის ლუკმებს ჯამით მოათავსებს და ანთებულ სანთლებს მიაკრავს. ამ საახალწლო ხონჩას ქართლში “აბრამიანს” უწოდებენ.

რაჭა

ზემო რაჭაში საახალწლოდ ორ ბაჭულს აცხობენ, ერთს ახალი წლისთვის, მეორეს ძველისთვის. აცხობენ აგრეთვე ადამიანის სახის კაც-ბასილას და ერთ დიდ პურს “კერია-ბერია”-ს, რომელსაც სხვადასხვა სახეებით აჭრელებენ. ამ ნამცხვრებს ოჯახის უფროსი ცხრილზე დაალაგებს და ბეღელში შეინახავს. მამლის პირველი ყივილისას “მაკვრიელი” ან მეკვლე ცეცხლს დაანთებს. შემდეგ გარეთ გავა, მარხილზე დაწყობილ ნეკერს მოტეხავს, ჩიჩილაკს აიღებს და ბეღელში შევა. შემდეგ შინ შემოვა ლოცვით “შემოვდგი ფეხი გწყალობდეთ ღმერთი. დიამც მამივა ახალი წელი: შეძენის და მოგების, მშვიდობის და კარგად ყოფნის, ვაჟიანობის, ღვინიანობის, პურიანობის”, შემდეგ წყლის მოსატანად წავა. მის დაბრუნებამდე ყველანი დგებიან. მეკვლე ყველას ხელპირს დააბანინებს. საუზმის დროს კი ოჯახის ყველა წევრს “კერია-ბერია”-ს უნაწილებენ.

თუშეთი

საახალწლოდ თუშურ ოჯახებში აცხობენ ერთ გულიან კოტორს “ქრისტეს საგძალს”, კაცზე “ბაცუკაცს” და ქალზე მრგვალ კვერს. აცხობენ აგრეთვე დამახასიათებელ ნიშნებიან საქონლის კვერებს. ხარისას რქები აქვს, ძროხისას – ცური, ცხენისას კი –ნალი. ყველა ამ კვერს ხონზე დაალაგებენ და ზედვე დებენ: მატყლს, მარილს, ყველს, ერბოს და ამ სუფრას მეკვლის მოსვლამდე ხელს არავინ ახლებს. დიასახლისი აგრეთვე აცხობს სახლის ანგელოზის ან ფუძის ანგელოზის კვერს და “კერის კვერს“. საახალწლოდ ირჩევენ მეკვლეს, რომელსაც მოაქვს პური და ამ პურზე უწყვია: ერბო, ყველი, მატყლი და რაიმე ტკბილეული. მეკვლეს ხელში არაყიც უჭირავს. ოჯახში შემოსვლისას პურს შემოაგორებს და იტყვის: “შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი, ფეხი ჩემი კვალი ანგელოზისა, კაი წელი გამოგეცვალოთ მრავალი. ერთი ესე, ათასი სხვა. გაგიმრავლოთ შინ ოჯახი, გარეთ საქონი!”

ხევსურეთი

ხევსურულ სოფელში დიასახლისი საახალწლო კვერებს აცხობს. ყველაზე დიდი სამეკვლეო კვერია, რომელზეც გამოსახულია ჯვარი, კაცი, სახნისი, ხარი, ძროხა, ცხენი, ქერის თავთავი და სხვა. სამეკვლეო კვერს გამოცხობის დროს უცქერიან და, რომელი გამოსახულებაც აიწევს, იმ წელიწადს ის იქნება მრავალი და დოვლათიანი. შემდეგ დიასახლისი ოჯახის ყველა წევრისათვის აცხობს ბედის კვერებს: თითოეულს თავისი ნიშანი აზის და გამოცხობის დროს, ვისიც აფუვდება, ის ბედიანი და ყისმათიანი იქნებაო.

 

Gingerbread man (ჯანჯაფილის კაცუნა)

თავდაპირველად, განვიხილოთ რა არის ჯინჯერი ანუ ჯანჯაფილი (იგივე  კოჭა) ქართულად. ჯინჯერის, როგორც სანელებლის ძირები 7000 წლის წინ გამოჩნდა ჩინეთსა და ინდოეთში. ევროპაში მან ჯვაროსნული ომების შემდეგ შემოაღწია. მეომრებმა, რომლებიც ახლო აღმოსავლეთში იბრძოდნენ, მე–11 საუკუნეში ჩამოიტანეს იქიდან ათასნაირი ეგზოტიკური სანელებელი, სწორედ აქედან გავრცელდა ევროპაში.

ტრადიცია ადამიანის ფორმის ნამცხვრის ჭამისა ჯერ კიდევ უძველესი დროიდან მოდის, როდესაც ასე ღმერთებსა და წმინდანებს გამოსახავდნენ დღესასწაულებზე, შემდეგში კი ინგლისის სოფლებში გასათხოვარი გოგონებისათვის აცხობდენენ ასეთ ორცხობილის კაცუნებს, რომელსაც თუ კი შეჭამდნენ, იმ წელს აუცილებლად იპოვიდნენ გულის სწორს.  რუსეთში მისი სახესხვაობაა ყველასათვის კარგად ცნობილი კალაბოკი.

ჯინჯერის ანუ ჯანჯაფილის პური სათავეს იღებს ჯერ კიდევ 15 საუკუნეში, ადამიანის ფორმით კი 16 საუკუნეში ფიქსირდება. დოკუმენტურად მტკიცდება, რომ პირველად, ჯინჯერის კაცუნა ინგლისის დედოფალ ელიზაბეთ I-ის (16 საუკუნე) კარზე დაუმზადებიათ, როდესაც მან მნიშვნელოვან სტუმრებს მიართვა მათთვის გამოძერწილი და მიმსგავსებული  ორცხობილები. ევროპამ  ჯინჯერის კაცუნა განსაკუთრებულად ძმები გრიმების ზღაპრების შემდეგ შეიყვარა, რაც გრიმებმა ჰანსისა და გრეტელის ზღაპარში (1812 წ) აღწერეს ჯინჯერის სახლი. ამის შემდეგ, 17 საუკუნიდან მოყოლებული, გერმანიის ქალაქი ნურემბერგი ჯინჯერის ქალაქად იწოდება.

Gallery | This entry was posted in ტრადიციები and tagged , , , . Bookmark the permalink.

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s