ესე ამბავი საჯარო ბიბლიოთეკის მარაზმებისა ანუ გვარგადაკეთებული პაზოლინი?

არც ისე დიდი ხანია რაც ცოდნის ტაძარში მოღვაწეობა წარმატებით დავამთავრე, თუმცა, რიგი მიზეზების გამო არ მისარგებლია საჯარო ბიბლიოთეკის მომსახურებით, რომელსაც წარმატებით მიცვლიდა თსუ-ს სამეცნიერო ბიბლიოთეკა და სხვანი და სხვანი სასწავლებელთან ახლომდებარე ბიბლიოთეკები.
ჩემს დას სადიპლომოს დაცვის პერიოდმა მოუწია და რომ არა უკიდურესი გაჭირვება, ალბათ არასდროს წავაწყდებოდით იმ მარაზმულ სიტუაციას, რაზეც ქვემოთ მოვუთხრობ მკითხველს.
მოკლედ, დილიდან დავირაზმეთ მე და დაი ჩემი მაია, მომავალი მაგისტრი, საჯარო ბიბლიოთეკისაკენ. გვამოძრავებდა ერთადერთი მიზანი, იტალიელი რეჟისორის, პიერ პაოლო პაზოლინის წიგნ ,,თეორემის” პოვნის სურვილი, რომელიც მთელ ქალაქში იშვიათობას წარმოადგენს, თუმცა, მოარულ ხმებს თუ დავუჯერებთ, ერთადერთი ეგზემპლარი ინახება საჯარო ბიბლიოთეკის მიძინებულ საცავებში.
ყველაფერი საშვთა ბიუროში დაიწყო, სადაც თავის თავში უაღრესად დარწმუნებულ რეგისტრატურის მოღვაწეებს გადავაწყდით. შეგვათვალიერეს რა ამ ენაწყლიანმა ქალბატონებმა და აღმოაჩინეს, რომ არც ისე პატარა ასაკისანი ვართ, მათ თვალში ყოველ შემთხვევაში, გაკვირვებულებმა გვკითხეს: როგორ, საჯაროში საშვი არასდროს გქონიათ? არასდროს დაგჭირვებიათ ბიბლიოთეკა? და ერთმანეთს ირონიულად გადახედეს. წარმომიდგენია მათ თვალში რა ,,ქაჯებს” ვგავდით, რომელთაც საჯარო ბიბლიოთეკაში ჯერ ფეხი არასდროს შეუდგამთ. ამაო იყო ჩემი დის ცდა, დაერწმუნებინა ისინი რომ საჯაროს წარმატებით უცვლიდა თეატრალური უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა, ხოლო მე _ თსუ-ს სამეცნიერო ბიბლიოთეკა და თუნდაც აკ.წერეთლის ბიბლიოთეკა. ირონიული მზერა არ ცხრებოდა და ურცხვად ათვალიერებდა ჩემს საკუთარ თავში დაეჭვებულ სახეს. ეს შემთხვევაც კმარა იმისთვის, რომ დღემ ,,წარმატებით” ჩაიაროს. მაგრამ წინ მეტი გველოდა, ჯერ სად ვიყავით. . .
საჯარო ბიბლიოთეკის ბნელმა ლაბირინთებმა და უცბად დაწყებულმა თავსხმა წვიმამ, ისედაც გაფუჭებულ ხასიათზე უფრო შთამბეჭდავად იმოქმედა. საქმე რუსული კატალოგების ძებნაზე მიდგა, რომელიც პირველ სართულზე იმყოფებოდა ერთ-ერთ ბნელ დერეფანში, სადაც ბიბლიოთეკარი არ იმყოფებოდა. ვინმეს დახმარების იმედიც გადაგვეწურა. დავიწყეთ ამაო ძებნა. სად იყო და სად არა, გამოჩნდა ახალგაზრდა ქალი, რომელიც ბოლოს და ბოლოს დაინტერესდა ჩვენი გასაჭირით. ჩვენ ავუხსენით რასაც ვეძებდით და მანაც ელექტრონულ კატალოგში დაიწყო ძებნა.
_ რა გვარის ავტორი გნებავთ?
_ პაზოლინი, პიერ პაოლო.
,,პოზოლინ” იწერება საძიებო გრაფაში.
_ არა ქალბატონო, პა-ზო-ლი-ნი, იტალიელია.
_ ააა, ხო.
,,პოზოლინ”-ისევ იწერება საძიებო გრაფაში.
_აქ არაფერია საგნობრივში, აბა სისტემატურში მოძებნეთ?!
წავედით სისტემატურში, დიდი ხნის ძიების შემდეგ, მივაგენით პაზოლინის ერთადერთ წიგნს ,,რჩეული”. გამოვწერეთ და წავიღეთ ბეჭდით დასამოწმებლად. დამმოწმებელმა ეჭვის თვალით გამოგვხედა: გოგონებო, ეს სწორად გაქვთ ამოწერილი? ეს გვარი სწორია? ან ვითომ პირველი ფორმატია? აბა ერთი ჩადით დაბლა და გადაამოწმეთ დამხმარე თანამშრომელთან. ჩავედით ისევ დაბლა, დამხმარე თანამშრომელმა დაგვიმოწმა, რომ წიგნი სწორად იყო ამოწერილი და გაგვაგზავნა ისევ მაღლა. ავედით მაღლა, იგივე ბეჭდით დამმოწმებელი ისევ დაეჭვდა, ეს მგონი პერიოდიკა უნდა იყოს და აბა პერიოდიკებში ჩადით დაბლა და ნახეთ, იმათი სფერო ხომ არაა? ჩამოვედით დაბლა, პერიოდიკებში, საიდანაც ისევ მაღლა გაგვაგზავნეს. ორივე ,,ცისფერი მთების” პერსონაჟებად ვგრძნობდით თავს, და ესენი ნეტავ არ გრძნობდნენ? ალბათ არა, ,,ცისფერი მთების” რომელი პერსონაჟი გრძნობდა თავის ამაო საქმიანობას? აქაც მსგავსი სიტუაციაა: აქ წადი, იქ წამოდი, მაღლა ადი, დაბლა ჩამოდი, კიბეზე დამაწიე, ეს ორი სათაური რა საჭიროა? მოკლედ, ,,გაიტანეთ გრენლანდიაააა!” რომ ვერავინ და ვერაფერს მივაგენით, ჩავედით ისევ დაბლა, საგნობრივ კატალოგებში, საიდანაც ყველაფერი დაიწყო.
_ რა ქენით გოგონებო? ვერაფერი ნახეთ?
_ ისევ თქვენთან გამოგვაგზავნეს, იქნებ აქ წავაწყდეთ იტალიურ კინოში ან იტალიელ რეჟისორებში.
_კარგით, აბა ისევ საძიებოში ვნახოთ რამე. რა გვარი თქვით?
_ პაზოლინი, პიერ პაოლო.
,,პოზოლინ”, იწერება საძიებო გრაფაში.
ისევ აღშფოთებული მე:
_ არა, ქალბატონო, პოზოლინ არა, პაზოლინი, პა-ზო-ლი-ნი.
_ ააა, პაზოლინ.
_ პა-ზო-ლი-ნი, ი-ზე მთავრდება გვარი.
_ აა, მივხვდი, ეგ იქნებოდა თავიდან პოზოლინ და მერე ეტყობა გვარი გადაიკეთა, ეგრე ბევრი აკეთებდა ადრე.
რაააააააა??????  ამ ფრაზას არც მე ველოდი და არც ჩემი კინომცოდნე და, რომლისთვისაც ეს თემა წმინდათა წმინდაა.  ანუ, პაზოლინის გვარი გადაუკეთებია. ვცდილობთ სიწყნარე შევინარჩუნოთ:
_ არა, ქალბატონო, რა გადაიკეთა, იტალიური გვარია ასეთი პაზოლინი, ძალიან ცნობილი რეჟისორია, ძალიან.
_ ნუ არ ვიცი, ვერ დაგეხმარებით გოგონებო.
უცებ მოვტვინე, რომ ეს საქართველოა, ავტორიტეტებისა და ცნობილი გვარების ქვეყანა, უთუოდ გაჭრის გვარის დასახელება.
_ ვაიი, აბა **** ********* რომ გვითხრა არის ეგ წიგნიო, თავისი თვალით აქვს ნანახი. ******** ჩემი დის ლექტორია და მისი სადიპლომო თემის ხელმძღვანელი.
**** ********? –თვალები ჭყიტა ჩვენმა ქალბატონმა _ ********* თუ თქვა მაშინ ნამდვილად იქნება. ერთი წუთით, _ და დაიწყო გამალებულმა ძებნა, _თქვენ დაბრძანდით გოგონებო, მე თვითონ მოვძებნი. ძალიან კი შევაწუხეთ და დავაფუცხუნეთ, მაგრამ ვერაფერს მიაგნო მაინც.
_ იცით გოგოებო, აქ ვერაფერს მივაგენით, შეიძლება სხვა ბიბლიოთეკაში ნახოთ.. იცით სხვაგან რამდენ რამეს წავწყდომივარ რაც აქ არ არის? სადმე აუცილებლად იპოვით.
_ დიდი მადლობა, კარგად ბრძანდებოდეთ.
იმედგაცრუებულები და ცოტა გაბრაზებულები წამოვედით ბიბლიოთეკიდან, არ ვიცი იმით, რომ ვერაფერს მივაგენით, თუ იმით, რომ პაზოლინის გვარი გადაუკეთებია თავის დროზე და ჩვენ ეს არ ვიცოდით!!!

20/05/2010

გამოქვეყნებულია კრებულში ,,Facebook–მა რა ჰქმნა?!”

Gallery | This entry was posted in სხვადასხვა. Bookmark the permalink.

4 Responses to ესე ამბავი საჯარო ბიბლიოთეკის მარაზმებისა ანუ გვარგადაკეთებული პაზოლინი?

  1. mwvanevashli says:

    რა კარგი პოსტია. სულაკაურმა და თიბისიმ გაიხარონ, თორემ არც ვიცოდი ეს ბლოგი. აწი ხშირად გესტუმრებით

  2. me9blogi says:

    არც მე მაქვს საჯაროს საშვი. წერეთლის, თსუს, მეგობრების და მამაჩემის წიგნები მშვენივრად ითავსებდნენ ამ ფუნქციას და იმედი მაქვს არც დამჭირდება ცისფერი მთების პერსონაჟებთან ურთიერთობა

    • ჰაჰა, იმედია! მაგრამ ეგეც უნდა გამოსცადო, ხომ ხედავ, ჩემი შთაგონების წყაროდ იქცნენ:))

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s