Live რეპორტაჟი სამზარეულოდან

  ღამის 12 საათია, სამზარეულოში მარტო ვზივარ, ნუ თითქმის მარტო, მე და ლეპტოპი  ვართ.   გვერდს რძიანი  ყავა და შვრიის ორცხობილა მიმაგრებს. ეს ის მომენტია, როდესაც სრულ ჰარმონიაში იმყოფები საკუთარ თავთან და დედამიწის ზურგზე არაფერი გაფიქრებს, თავს მჩატედ და ჰაეროვნად გრძნობ. აზრები დალაგებულია და ყველაფერი მწყობრშია. ბედნიერი ვარ და მსოფლიოში ყველაზე მყუდრო და თბილ ადგილას ვიმყოფები. სულ რაღაც 15 კვ.მ, მაგრამ საოცრად ტევადი და მოხერხებული, თეთრ და შოკოლადისფერ ფერებში გადაწყვეტილი. ეზოს გადამყურე დიდი ფანჯრებით, საიდანაც მხოლოდ სიმწვანე მოჩანს.  არც მანქანები, არც შენობები, მხოლოდ და მხოლოდ ხასხასა მწვანე ფერი. აქ ყველა კუთხე–კუნჭული მიყვარს. ყველა ნივთი, მნიშვნელოვანი თუ უმნიშვნელო ჩემი შეძენილია, ყველას თავისი სახალისო ისტორია უკავშირდება და ყველა ძალიან ძვირფასია ჩემთვის. აურა, რასაც ეს კუთხე ასხივებს, მთელ ქვეყანაზე არსად მეგულება. თითქოს ხვდება, როგორ მიყვარს და მადლიერების ნიშნად სითბოს ერთი–ორად მიბრუნებს დადებითი ემოციის სახით. ჩემი კუთხე სამეგობროს საყვარელი თავშეყრის ადგილია, ჩვენი შტაბია, ჩვენი მესაიდუმლე და კულინარიული ექსპერიმენტების  ადგილია, სადაც ვიკრიბებით ჭიქა ყავის ან ბეილისის დასალევად, საჭორაოდ, სამაიმუნოდ. ვაცხობთ სურნელოვანი დარიჩინის ფუნთუშებს, ცუკატებიან კექსებს, კრუასანებს კრემბრულეთი და მრავალ სასუსნაო გემრიელობებს. აქ ყველა ნივთი, ყველა კედელი  მშობლიური და საყვარელია, ჩვენი წარსულითა და მოგონებებით გამთბარი. მაცივარს ჩვენი მაიმუნობის ამსახველი ფოტოები ამშვენებს, ასევე ჩემი მეგობრების ოჯახური სურათები. ერთი ყველაზე სახალისოა და ,,გლენდლესს“ ვეძახით.  ეხლაც სიცილი  მიტყდება იმის გახსენებაზე, როგორი დრამატიზმით გამოგვიცხადა სოფიკომ: ჩემი ქმარი დაბადებიდან უგლანდებოა… გლენდლესი ეგაო! – თან ბუზღუნით დააყოლა. მგონი მთელი სამეზობლო შეძრა მაშინ ჩვენმა ისტერიკულმა სიცილმა, ალბათ 10 წუთის განმავლობაში ვიცინოდით ამ გლენდლესზე.  მიყვარს ეს ხალხი!

  კიდევ, ეს წითელი კუბოკრული ფარდები მიყვარს. მეღიმება რომ ვიხსენებ, მაღაზიის ვიტრინაში ხასხასა წითელმა მომჭრა თვალი, რატომღაც ვიფიქრე, რომ ფარდა უნდა ყოფილიყო. მთელი ბავშვობა  იმას ვიძახდი, დიდი სახლის პატარა დიასახლისი უნდა გამოვიდე და ჩემს სახლს წითელი ფარდები ექნება–თქო. ტილოს კუბოკრული სუფრა აღმოჩნდა. არაუშავს, ასე იოლად მაინც არ დავნებდებოდი. ვიყიდე 4 ცალი სუფრა და წავედი მკერავთან.  მისი გაოცებული სახე უნდა გენახათ, სუფრისგან ფარდას ვკერავთო? ულამაზესი გამოვიდა, მერე სხვადასხვა აპლიკაციითაც დავტვირთე. ერთი ცალი სუფრა ხელუხლებელი დამრჩა და იმას აღარ დავუკარგე თავდაპირველი ფუნქცია, ისევ სუფრაა! ასე რომ, ბავშვობის ოცნებაც ავისრულე და სამზარეულოც გავაწითელკუბოკრულე.

     ჩემი ფარნებიც მიყვარს. ვინც შემოდის, პირველად ამ ფარნებს ამჩნევს სამზარეულოში, როგორც მთავარი თემიდან ამოვარდნილ უცხო სხეულს. ესენი მეუღლის მონაპოვარია, საკუთარი ინიციატივთ შეიძინა (ყოჩაღ!). იდეაში, ეზოს დეკორისთვის და რომანტიკული საღამოების გასაფორმებლად. მაგრამ ეზოსთვის დამენანა და სამზარეულოს არკა მოვრთე. რომანტიკა და ფარნები არც სამზარეულოს უნდა აკლდეს, მით უმეტეს, როდესაც მისი სანთლები შოკოლადის მომაჯადოვებელ  სურნელს აფრქვევს ირგვლივ და დიდს და პატარას თავისკენ იზიდავს.

   ჩემი პატარა წითელი წიწაკუნებიც მიყვარს, მზიანი ფანჯრის რაფაზე აღმოცენებული.  სულ 5 ძირი მაქვს, თითო საშუალოდ 5–6 წიწაკას ისხამს, 1–2 სანტიმეტრი თუ იქნება სიგრძეში. ასე რომ, ჩილი ოჯახის მაქვს და შორს წასვლა არ მჭირდება.  ჯუჯა ბროწეულიც მაქვს, ნაყოფი ჯერ არ მოუსხამს, უკვე მეორე წელია მოთმინებით ველოდები და  ვნახოთ რა იქნება. ეხლა ლიმონის ჯუჯა ხეზე ვოცნებობ, წარმომიდგენია, რა სურნელს დაატრიალებდა.

     კიდევ, ჩემი უზარმაზარი ქოხის ფორმის ხის საათი მიყვარს, წითელი შხამიანი  ,,მუხამორებით“  გაფორმებული. ის ისეთი ზღაპრულია და ისეთი დიდია, ზოგჯერ მგონია, რომ ღამე ცოცხლდება და შიგნიდან ტყის პატარა ბინადრები  გამოდიან, დღისით კი იმალებიან. ეს საათი მეგობარმა ფინეთიდან ჩამომიტანა და  საუკუნის საჩუქარი უწოდა. რომ დავინახე, რამხელაა–თქო, შევძახე, მან კი მითხრა, მე ამხელაზე მიყვარხარო. მაშინ უბედნიერესი ვიყავი. ეს საათი ერთადერთი ზღაპრული ნივთი არ არის ჩემს სამზარეულოში,  პატარა გნომების მინი კოლექცია მაქვს.  სიმაღლის მიხედვით ჩამწკრივებული ხის კოვზების ჩასაწყობი გნომი, სამარილე გნომი და საპილპილე გნომი. ესენი ფიფქიას გნომები არიან, ოღონდ ჩემთან ჯერ მხოლოდ სამი მათგანი სახლობს, დანარჩენ ოთხსაც მალე მივაკვლევ და ყველას ერთად დავუდებ ბინას.

    ჩემი კედლის თეფშების კოლექცია მიყვარს, ყველა უნიკალური და განუმეორებელია, სხვადასხვა ქვეყნის ნაწარმი და რაც მთავარია, ხელით შესრულებული. ეს კოლექცია ჩემი მეგობრების უცხოური ვოიაჟების შედეგია, ყველას თავისი სახალისო ისტორია და თბილი მოგონებები უკავშირდება, ჯერ მხოლოდ 7 ცალია, მაგრამ კედელი დიდია და კიდევ მრავალ მოგზაურობას დაიტევს.

და ბოლოს!    რაკი ამდენი ვისაუბრე სამზარეულოზე,  ამ გვერდზევე  მსურს შევთავაზო დამწყებ დიასახლისებს   მარტივი და საინტერესო რეცეპტები დეტალური ფოტო-აღწერილობით.

შენი მსუბუქი  მენიუ-ჩაშუშული სტაფილო ფერადი ბულგარულებით

2 Responses to Live რეპორტაჟი სამზარეულოდან

  1. მაგა რაიუელა says:

    რა გემრიელი პოსტი იყო…მმმ….პარადაის <3 :)

  2. kargia asseti samzareulo ^_^

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s