გავმრავლდეთ თუ არ გავმრავლდეთ? საკითხავი, აი, ეს არის!

  დასაწყისშივე ვაცხადებ, რომ არაფერი ადამიანური ჩემთვის უცხო არ არის და ძალიან ბევრი უცნაურობა თუ გაურკვევლობა, რომელიც დრომ მოიტანა და ფაქტად იქცა, აღარ მაკვირვებს და თქვენ წარმოიდგინეთ, რომ არც მაღელვებს. გამოსავალს კი იმაში ვხედავ, რომ მივიღო ყველა და ყველაფერი ისეთი, როგორიც არის და არა ისეთი, როგორიც მე მინდა რომ იყოს.

  ბევრი მიკიბ–მოკიბვითა და ჩემი ფსიქოლოგიური წიაღსვლებით რომ არ შეგაწყინოთ თავი, პირდაპირ საქმის არსზე გადავალ.  მოკლედ, განახლებულ აღმაშენებლის გამზირზე  მორიგი საქმიანი შეხვედრიდან მომავალს, ჩემსავით ზანტად მოლასლასე და მზისაგან გათანგული ნაცნობი ახალგაზრდა წყვილი შემომხვდა. ახალდაოჯახებულმა წყვილმა უახლოეს კაფეში დასხდომა და ერთმანეთის ადამიანურად მოკითხვა შემომთავაზა. წინადადებაზე სიამოვნებით დავთანხმდი და სასაუბრო ადგილად მარჯანიშვილის მოედანზე მდებარე ,,ანტრე“  ავირჩიეთ. მხიარული სიყვარულის ისტორიისა და სიცილ–ხორხოცის შემდეგ,  წყვილმა გადაწყვიტა თავად დაესწრო ჩემთვის (არადა, კითხვას არც ვაპირებდი) და სხაპასხუპით, ერთხმად გამომიცხადეს, შვილის ყოლას საერთოდ არ ვაპირებთო. აი, ამას კი მართლა არ ველოდი, თუმცა ყველანაირად შევეცადე  გაოცების დაფარვას და რაკი ნათქვამია, არ განიკითხო და არ განიკითხებიო, მშვიდად განვუცხადე: თქვენი ნებაა, როგორც გსურთ, ისე მოიქცევით–თქო.   როგორც მოგვიანებით გაირკვა, ამ ფრიად სადავო საკითხის გამო, საკუთარ ოჯახებთანაც კი მუდმივი კონფლიქტი და გაწევ–გამოწევა აქვთ. უფროს თაობას ჯიუტად არ სურს იმ ფაქტის გაგონება, რომ მათი წყვილი სამუდამოდ წყვილად აპირებს დარჩენას და მესამე არ სჭირდებათ.

    ამ ახალმა ამბავმა სერიოზულად ჩამაფიქრა და სიმართლე რომ ითქვას, მცირე შოკიც კი გამოიწვია ჩემში. მართალია გაგონილი მქონდა, რომ სადღაც იქ, უცხოეთში, ჩვენგან შორს, არსებობდნენ ე.წ. Child-free წყვილები, რომლებიც შესაძლებლობის მიუხედავად, შეგნებულად არ აჩენდნენ შვილებს, მაგრამ ნამდვილად არ მეგონა, თუ ამგვარი პრეცედენტი ჩვენშიც იჩენდა თავს და უშვილოდ ცხოვრებას კანონიერად დაქორწინებული, ჯანმრთელი და სოციალურად უზრუნველყოფილი წყვილი გადაწყვეტდა.  შოკი, მორალი და ჭკუის სწავლება იქით იყოს და, მართლაც, რატომ არის აუცილებელი დაოჯახების შემდეგ შვილის გაჩენა? ეს სოცილაური აუცილებლობაა, ბიოლოგიური მოთხოვნილება, ტრადიცია თუ კიდევ სხვა რამ? რატომ სურს  ყველა, ძალიან ხშირად, ერთსქესიან წყვილსაც კი ბავშვის ყოლა და რატომ არ სურთ ამ ახალგაზრდებს?  საინტერესოა, რა უდევს საფუძვლად მათ გადაწყვეტილებას და რატომ არიან ამ საკითხში ასე ერთსულოვანნი? ეს მართლაც ერთობლივი სურვილია თუ ერთი–მეორის ხათრი, რომელიც სავარაუდოდ დიდხანს არ გასტანს და მალე ინტერესთა კონფლიქტამდე მივა? როდის და რომელ ასაკში იჩენს თავს დედობრივ–მამობირვი ინსტინქტი, ან იჩენს თუ არა საერთოდ?

   არადა, მართლაც საინტერესოა, მაინც რა უდევს საფუძვლად ადამიანის მიერ შვილის ყოლის სურვილს?

  • გამრავლების ბიოლოგიური ინსტინქტი, რომელიც ყველა ცხოველს გააჩნია და ცხადია ისეთ სოციალურ ცხოველშიც იჩენს თავს, როგორიცაა ადამიანი. სავარაუდოდ, დედობრივ–მამობრივი ინსტინქტებიც სწორედ ბიოლოგიურ მოთხოვნილებებს უკავშირდება.
  • გამრავლების სოციალური ინსტინქტი–მარტივად რომ ვთქვათ, შვილის ყოლა სოციალურად აუცილებელია და ეს ყველა ადამიანში იმთავითვეა კოდირებული: თუ არ ხარ მარტოხელა, არ ხარ ავად ან კიდევ სხვა სერიოზული პრობლემა არ იჩენს თავს, მაშინ შენი სოციალური ვალია იყოლიო შვილი.
  • შვილი, როგორც ცხოვრების ერთადერთი აზრი. ის, ვისი გულისთვისაც ღირს შრომა, თავგანწირვა, ბრძოლა და გადარჩენა. ის, ვისაც შენ მაგივრად და შენ ნაწილად დატოვებ სიკვდილის შემდეგ და ის, ვინც წლების შემდეგაც გაგიხსენებს და მოგინატრებს (ცოტა ეგოისტურ–ეგოცენტრულია, მაგრამ…).
  • და ბოლოს– შვილი, როგორც სხვადასხვა სახის იარაღი–გასართობი, ვინმეთი მანიპულაციის იარაღი, თვითგადარჩენისა და თვითდამკვიდრების.

   საერთოდ, არ მიყვარს და არ ვარ მომხრე ერთი შემთხვევის გამო საკითხისა და პრობლემის განზოგადების, მაგრამ წარმოიდგინეთ, რა მოხდება, ეს შემთხვევა რომ დროთა განმავლობაში ტენდენციად იქცეს  და წყვილებმა მასობრივად გამოაცხადონ თავი Child-free მიმდინარეობის მომხრეებად? ფანტასტიკის სფეროა, მაგრამ თანამედროვე გლობალური პროცესების გადამკიდე, ვერაფერს გამოვრიცხავთ. არადა, კაცმა რომ თქვას, უფლებებს არავინ არღვევს, შვილის ყოლა–არყოლა ნებაყოფლობითი და თავისუფალია, მაგრამ ხომ არ შეიძლება, ამგვარმა თავისუფლებამ, დროთა განმავლობაში, მსოფლიო ცივ დემოგრაფიულ ომამადე მიიყვანოს?

About these ads
Gallery | This entry was posted in სხვადასხვა, ტრადიციები and tagged . Bookmark the permalink.

4 Responses to გავმრავლდეთ თუ არ გავმრავლდეთ? საკითხავი, აი, ეს არის!

  1. სხვისი განსჯა მართლა ძნელია და არც ვაპირებ, მაგრამ გაკვირვებით ნამდვილად მიკვირს. ჩაილდ-ფრი ფილოსოფიაზე აქამდეც ბევრჯერ მსმენია და, მიუხედავად იმისა, რომ ყველა საკუთარი ბედის ბატონ-პატრონია და ჭკუას ვერავის ვასწავლი, მაინც არასწორი მგონია. მითუმეტეს, თუ ამ გადაწყვეტილებას რაღაც განსაკუთრებით მტკივნეული პრობლემის გამო არ იღებ…

    • არასწორი მართლაც არის, მოლი. თუმცა, მაინც იმედს ვიტოვებ (!), რომ წლებთან ერთად, ეს ყველაფერი გაუვლით და ბუნება თუ ბიოლოგია თავისას იზამს, მით უმეტეს, ქართულ რეალობაში!

  2. karamelka says:

    ასე ბოლომდე არ მჯერა რომ შვილი არ მოუნდებათ. უბრალოდ ასკათან ერთად გამძაფრდება დედობრივ-მამობრივი ინსტიქტი. ვისაც გამოუცდია მიხვდება:) ტელევიზორში პატარა ბავშვის დანახვაზე რომ აცახცახდებიან მაგის დროც მოვა:)) ასე, რომ დემოგრაფიის პრობლემა არ მგონია დაგეს დედამიწაზე.

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s