ეთამაშეთ ბავშვებს მათივე წესებით და წარმატება გარანტირებულია–რონ კლარკი

 ერთი რამის ზუსტად მჯერა და ვიცი: ვერასდროს გახდები პედაგოგი, თუ არ დაიბადე პედაგოგად!  სურვილი და შესაძლელბობა იმისა, რომ ასწავლო და გზაზე დააყენო შენზე უმცროსი და გამოუცდელი, უდიდესი ნიჭია.  რეალურ ფაქტებზე დაფუძნებულ ფილმში “რონ კლარკის ისტორია” გადმოცემულია იდეალისტი პედაგოგის ამბავი, რომელიც ტოვებს თავის პროვინციას და მიემგზავრება შუაგულ ნიუ–იორკში ყველაზე რთული სკოლის ყველაზე რთული ბავშვების აღსაზრდელად. ჰუმანიზმი ანგრევს სისტემას და კლიშეებს. კლარკი მთელ თავის ენთუზიაზმსა და ინოვაციურ მეთოდებს ახმარს ამ ძნელად აღსაზრდელი ბავშვების შთაგონებასა და  ანთებას. ,,ოცნებები იბადება აქ! ამ ოთხ კედელში შეიძლება დამთავრდეს თქვენი ისტორია, მაგრამ ის შეიძლება დაიწყოს კიდეც!” –აცხადებს მისტერ კლარკი და საკუთარი ცხოვრების მაგალითებზე ასწავლის ბავშვებს.

  ვერავინ ხვდება, რა აკლიათ ამ ბავშვებს? თითქოს  ყველაფერზე მიუწვდბათ ხელი, უფროსებს ისე მართავენ, როგორც მოესურვებათ, აკეთებენ იმას, რაც თავად გაუხარდებათ, ცხოვრობენ დიდური ცხოვრებით და ამრეზით უყურებენ უკბილო დარიგებებსა და ჭკუის სწავლებებს.  რა უნდა სჭირდებოდეთ მათ? მხოლოდ ერთი: ჭკვიანი, კეთილი, მოყვარული და მათი წარმატების სურვილით გულანთებული ადამიანი, რომელიც არ უფრთხის გასაჭირს, არ უფრთხის დაუძლეველ წინაღობებს და ხალხის აზრს. ის განსხვავებულად აღიქვამს და განსხვავებულად ესაუბრება მათ, ხედავს მათ პერსონას და არა მათ გარეგნობას, ხედავს ნიჭს და არა ნაკლს, აქებს და არა ლანძღავს.  აი, ვის ელოდება  და ვისი დანახვა სურს ე.წ  ,,რთულ“ ბავშვს.

  ასეთ პედაგოგთა რიგებს ამერიკელი პედაგოგი რონ კლარკი მიეკუთვნება, რომელმაც საკუთარი სურვილით გარისკა  და აირჩია სამოღვაწეოდ ურთულესი სკოლა, ურთულესი კონტიგენტით. პირველი დღეების გაჭირვების მიუხედავად, ის არ დანებდა და გააგრძელა ის საქმე, რამაც მოიყვანა ამ ბავშვებამდე. კლარკმა ზუსტად იცოდა, იმისათვის, რომ  დაიმორჩილო და აღზარდო რთული ბავშვი, არ არის საკმარისი მხოლოდ მშრალი მოწოდებებით, იძულებითა და სასწავლო მასალით მოქმედება. მან ვალდებულება აიღო საკუთარ თავზე, შეეცადა შეეღწია თითოეული მათგანის ცხოვრებაში და გაცილებით უფრო ახლოს გაეცნო ისინი, ვიდრე ამას მოსწავლე–მასწავლებლის პროტოკოლი აკისრებს. საქმიანობა კი მშობლების გაცნობითა და მათთან საუბრით დაიწყო, იმ გარემოს უკეთ შესაცნობად,  სადაც უწევდათ ტრიალი მის მოსწავლეებს.

   კლარკი ამბობს: ეთამაშეთ ბავშვებს მათივე წესებით და წარმატება გარანტირებულია. იმისათვის, რომ თავისიანად მიგიღონ, უნდა  მოიქცე ისე, როგორც იქცევიან ისინი, უნდა დაინტერესდე იმით, რაც აინტერესებთ მათ, შენი და მათი სასურველი ისე აურიო და შეაზავო, რომ ვერ იგრძნონ განსხვავება და თავისდაუნებურად შეითვისონ ის აუცილებელი, რასაც ასე გაურბიან და უფრთხიან. ამიტომაც არ მოერიდა უშიშარი მასწავლებელი არც ამერიკის ისტორიის შუა გაკვეთილზე გარეპვას, არც ლახტზე ხტუნაობას დირექტორის თვალწინ  და არც მოსწავლეთა ოჯახებში ბავშვების მომვლელად ჯდომას, სანამ მათი უფროსი და–ძმა გაკვეთილებს ამზადებდა.

    როგორ ვაიძულოთ უყურადღებო, უსაქციელო და თავნება ბავშვი მოთმინებით უსმინოს  გრამატიკის გაკვეთილს?  როგორ და ვიმოქმედოთ მათივე წესებით და შევუთავსოთ გასართობი სასარგებლოს. მისტერ კლარკი წარმოუდგენელ რისკზე მიდის და გარიგებას სთავაზობს ბავშვებს: თუკი ისინი მთელ გაკვეთილს ჩუმად და ყურადღებით მოუსმენენ, მასწავლებელი თანახმაა ყოველ 15 წამში ერთხელ დალიოს თითო ქილა რძიანი შეიკი. ხმაურისა და საუბრის შემთხვევაში პირობა დარღვეულია, ხოლო თუ მთელი დარჩენილი დრო გაჩერდებიან და წყნარად მოისმენენ, გაკვეთილის ბოლო სახალისოზე  სახალისო იქნება და ისინი ნახავენ, როგორ გამწვანდება მათი მასწავლებელი.  ხვდებით ალბათ, რომ ხერხმა გაჭრა!

   პროფესიონალიზმი, ბავშვების სიყვარული და იუმორის გრძნობა– აი, რონ კლარკის წარმატების სიდუმლო.  თუკი არ იზიარებ და არ გჯერა იმის სისწორის რასაც აკეთებ, წარმატება ვერასდროს მოვა შენთან. რწმენამ იმისა, რომ მას შეეძლო ყველაზე იუმედო  მოსწავლის გამოსწორებაც კი, მიიყვანა ენთუზიასტი პედაგოგი წარმოუდგენელ შედეგამდე. რონ კლარკი საკუთარ მაგალითზე ასწავლიდა და არიგებდა თავის მოსწავლეებს, მათ ოცნებას და უკეთესი მომავლის რწმენას უნერგავდა, მას სჯეროდა და ცდილობდა სხვებისთვისაც ესწავლებინა საკუთარი ძალების შეგრძნება და სწორად გამოყენება.

   შთაგონებული და საკუთარ სისწორეში დარწმუნებული ადამიანი სხვასაც აიძულებს ირწმუნოს და იცხოვროს უკეთესი მომავლის იმედით. ფილმის ერთ ეპიზოდში, მთავარი როლის შემსრულებელი მეთიუ პერის გმირი ასეთ რამეს ეუბნება მოსწავლეებს: პატარაობაში, მას ძალზე ეშინოდა სიმაღლის. ერთხელაც, თანატოლებს აყოლილი ისიც ავიდა მაღალ კლდეზე, რომელიც ზღვას გადაჰყურებდა. მოულოდნელად, მას გადახტომა მოსთხოვეს. გადახტი, გადახტი! –ყვიროდნენ ყველა მხრიდან. რონს კი ეგონა, თუ ამსიმაღლიდან გადავხტები ზღვაში აუცილებლად მოვკვდები და ნაპირზე ვერ გავალო, თუმცა, ვეღარ გაუძლო შეძახილებს და მაინც გადახტა. ჰაერში ყოფნისას მას ფრენის შეგრძნება დაეუფლა, თითქოს ფრთები გამოესხა და ახლა ვეღარაფერი შეაჩერებდა, რომ გაფრენილიყო. შიში დაძლეულ იქნა, ის შეგრძნება კი წარმოუდგენელ ემოციად იქცა, რომელიც არასდროს დაავიწყდება და რთულ მომენტში ყოველთვის გაამხნევებს მას. ამ მაგალითით, მისტერ კლარკმა რისკისკენ მოუწოდა მოსწავლეებს. დიახ, მათ უნდა გაერისკათ, ესწავლათ და მიეღწიათ იმაზე უკეთესი მომავლისთვის, ვიდრე თავად წარმოედგინათ, რადგან სწავლა, არის ის ერთადერთი  გარანტი და ფაქტორი წარმატებისა, რომლის დაძლევის შემთხვევაშიც, ყველა ბავშვს აქვს რეალური შანსი მიაღწიოს ისეთ მწვერვალს, რომელზეც თავადაც არ უოცნებია.

   ამჟამად, პედაგოგი რონ კლარკი 42 წლისაა. გააჩნია სკოლაში მუშაობის 12–წლიანი სტაჟი და არის მთელ მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე გაყიდვადი წიგნის – ,,55 არსებითობა: ჯილდოს მფლობელი მასწავლებლის წესები წარმატებული მოსწავლის აღმოჩენის შესახებ რიგით ბავშვში”. მისი იდეოლოგია ემყარება მოსწავლეთა ჯგუფისაგან შეკრული ოჯახის შექმნას და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ ურთიერთობას  ოჯახის წევრებს შორის.

About these ads
Gallery | This entry was posted in კინო, საბავშვო and tagged , , , , , , , , . Bookmark the permalink.

4 Responses to ეთამაშეთ ბავშვებს მათივე წესებით და წარმატება გარანტირებულია–რონ კლარკი

  1. tamara says:

    რა სიმპათიური მასწია :)

  2. ძალიან საინტერესოა! დიიიდიიი მადლობა, იალინდა.

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s